სახალხო დამცველის წარმომადგენლის ანა ჯანიაშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას უთხრა, რომ მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა იგეგმებოდა, რის გამოც სააკაშვილმა გონება დაკარგა და პროცესი შეჩერდა.
როგორც მან გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვებისა და მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, ჯერჯერობით, უცნობია მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტლიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის პროცესი განახლდება თუ არა.
„მე დღეს მოვინახულე მიხეილ სააკაშვილი. მან მომაწოდა ინფორმაცია, რომ საღამოს საათებში მასთან შევიდნენ, აცნობეს, რომ მისი ჰოსპიტლიდან გაყვანა იგეგმებოდა, რის გამოც მან გაუწია წინააღმდეგობა, შემდეგ აღარ ახსოვს რაღაც ეტაპი და როცა მოვიდა გონებაზე, უთხრეს, რომ აღარ მოხდებოდა მისი ჰოსპიტლიდან გაყვანა. როგორც სააკაშვილმა მითხრა, არ იცის სად იგეგმებოდა მისი გადაყვანა. მოვითხოვე ეს ინფორმაცია, მაგრამ არ მითხრესო. ამ ემოციური ფონის შემდეგ ჰოსპიტალმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისი გადაყვანა შეჩერებულიყო, იქამდე, სანამ არ დასტაბილურდება სიტუაცია. მან როგორც განაცხადა, ბადრაგებთან შეხვედრის შემდეგ ემოციური ფონი ჰქონდა ძლიერი, წნევამ აუწია და ამის შემდეგ აღარ ახსოვს რაღაც პერიოდი რა მოხდა. როგორც მან აღნიშნა, მისი ნების საწინააღმდეგოდ ხდებოდა მისი ჰოსპიტლიდან გაყვანა და ამას გაუწია წინააღმდეგობა, შემდეგ აღარ ახსოვს და როცა მოვიდა გონებაზე, ექიმმა განუმარტა, რომ ის რჩებოდა ჰოსპიტალში“,- განაცხადა ანა ჯანიაშვილმა.
"არ არის გამორიცხული, შესაძლოა", - ასე უპასუხა მან კითხვას, აპირებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის კვლავ დაწყებას.