ავტორი:

მედიის განვითარების ფონდმა სკოლებში მედიაწიგნიერების პოპულარიზაციისთვის პედაგოგები დააჯილდოვა

მედიის განვითარების ფონდმა სკოლებში მედიაწიგნიერების პოპულარიზაციისთვის პედაგოგები დააჯილდოვა

23 დეკემბერს მედიის განვითარების ფონდმა (MDF) მედიაწიგნიერების პროგრამის წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა და 2021 წელს სკოლებში მედიაწიგნიერების პოპულარიზაციისთვის პედაგოგები დააჯილდოვა. ღონისძიებაზე შიდა ქართლიდან, კახეთიდან, ქვემო ქართლიდან, აჭარიდან, სამეგრელოდან, რაჭიდან და თბილისიდან მოწვეული მასწავლებლები მედიაწიგნიერების მიმართულები მათ მიერ განხორციელებული პროექტებისთვის დაჯილდოვდნენ.

მნიშვნელოვანია, რომ ამ მასწავლებლიდან თითოეულს გავლილი აქვს MDF-ის მედიაწიგნიერების ტრენინგი, ჯამში კი ამ მიმართულებით მედიის განვითარების ფონდმა მთელი საქართველოს მასშტაბით 635 პედაგოგი დაატრენინგა. ღონისძიებაზე დაჯილდოებულ მასწავლებლებს შორის რამდენიმე შევარჩიეთ, რომლებმაც გვიამბეს, რა კუთხით გამოიყენეს ტრენინგებიდან მიღებული ცოდნა, კონკრეტულად, რა პროექტები განახორციელეს და რა მიზანს ემსახურებოდა ისინი.

მათი თქმით, მედიაწიგნიერება მოსწავლეებში აუცილებელ უნარებს ავითარებს და მიღებული შედეგებით კმაყოფილები არიან. საინტერესოა ასევე, რა რესურსები გამოიყენეს პროექტზე მუშაობისას. ამ საკითხებზე კი რამდენიმე მათგანი „ამბები.გე“-ს გაესაუბრა

იზოლდა ბოჭორიშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჰერეთის კარის, საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი:

_ წლებია, მედიის განვითარების ფონდთან ვთანამშრომლობ. გასულ წელს ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლის გამოვლენის კონკურსში ჩემმა მოსწავლეებმა მესამე საპრიზო ადგილი დაიკავეს. მედიაწიგნიერების მიმართულებით სიძულვილის ენის კვლევაზე საინტერესო პროექტი წარმოადგინეს.

ვფიქრობ, რომ საინტერესო პროექტია, როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ასევე მთლიანად საზოგადოებისთვის. ბოლო დროს ყველანი ხომ მედიაწიგნიერებად, მედიის შემადგენელ ნაწილად ვიქეცით. ამიტომ, საჭიროა, ვიცოდეთ, სწორად როგორ მოვიხმაროთ მედიაპროდუქტები. ამას საფუძველი დაწყებით კლასებში უნდა ჩაეყაროს, მაშინ, როდესაც ისინი სამყაროს ეცნობიან, ერთმანეთისგან უნდა შეძლონ ყალბის და ნამდვილის გარჩევა. აქვე ისწავლონ, როგორ შექმნან ინფორმაცია, რა ხერხებით დაიცვან თავი დეზინფორმაციული ნაკადებისგან... ამაში მასწავლებლები მოსწავლეებს ამ პროექტის დახმარებით მაქსიმალურად ვეხმარებით. აქვე თვითონაც ვსწავლობთ და ეს ყველაფრი პედაგოგისთვისაც ძალიან საინტერესო სიახლეა.

_ ე.ი. ტრენინგით კმაყოფილი ხართ?

_ ამ ორგანიზაციის ტრენინგზე ძალიან მკაფიოდ, ზუსტად და პრაქტიკული სამუშაოებით გავიარეთ ყალბი ინფორმაციების გადამოწმების გზები. ნამდვილად არ ვიცოდი, თუ შემეძლო, საჩივარი წარმედგინა ვინმესთვის სოციალურ ქსელში სიძულვილის შემცველი ინფორმაციის გამო. ახლა ვიცი, როგორ დავარეპორტო ასეთი ტიპის ინფორმაცია. თუ ჩემნაირი ინტერნეტმომხმარებელი ბევრი იქნება, რომელიც დეზინფორმაციის გამოკვლევას შეძლებს, მერე საზოგადოების და შესაბამისი სტრუქტურების საქმის კურსში ჩაყენებას, ბევრისთვის გახდება მათ შესახებ ცნობილი. საბოლოოდ კი სოციალური სივრცე ამ ყველაფრისგან ნელ-ნელა გაიწმინდება.

_ მოსწავლეებს ამას როგორ ასწავლით?

_ მიუხედავად იმისა, რომ მეორეკლასელები წერა-კითხვას ახლა ეუფლებიან, მათთან მქონდა ასეთი პროექტი - „ჩვენ მომავალი ჟურნალისტები“. ვცდილობ, ვასწავლო, რა არის ინფორმაცია, როგორ მოვიძიოთ და როგორ გადმოვცეთ. ეს რომ ეცოდინებათ, მიღებული ინფორმაციის სწორად გადმოცემას ადვილად შეძლებენ. სწავლობენ ასევე რა არის ინტერვიუ, რეპორტაჟი, როგორ უნდა დაიწეროს სტატია - რა თქმა უნდა, ყველაფერი მათ ასაკზეა გათვლილი და სათამაშო მიკროფონებით ვმუშაობთ. საფუძველს ასე ნელ-ნელა ვუყრით.

მაღალ კლასებში უკვე სერიოზული პროექტი გვქონდა, როდესაც კიბერბულინგზე ვიმუშავეთ. ვასწავლეთ მეთოდოლოგია, თუ როგორ დაიცვან თავი კიბერბულინგისგან. ინტერნეტში როგორ უნდა დაამყარონ კონტაქტი უცხო ადამიანთან, როგორ დაიცვან პირადი ინფორმაცია. მოკლედ, როგორც ვთქვი, ეს პროექტი მასწავლებლებისთვისაც სერიოზული გზამკვლევია - საშუალებას გაძლევს, მოსწავლეებთან პირნათლად წარვდგეთ და ვასწავლოთ ისე, როგორც საჭიროა.

ირმა ჯოჯუა, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი:

_ ჩემთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლეებში განვავითარო მედიაწიგნიერების დონე. 21-ე საუკუნე ტექნოლოგიების საუკუნეა, ეს პანდემიამ კიდევ გააძლიერა. ფაქტია, რომ ინფორმაციას სწრაფად ვიღებთ და ვავრცელებთ. ამიტომ, მნიშვნელოვანია მიღებული ინფორმაციის გააზრება, მისდამი კრიტიკული მიდგომა, რათა შემდგომ მისმა გავრცელებამ უარყოფითი შედეგები არ გამოიწვიოს.

ამ პროექტში სიამოვნებით ჩავერთე - რამდენიმე აქტივობაც მქონდა, მაგალითად, „გაფუჭებული ტელეფონის“ მიზანი იყო მოსწავლეებისთვის მეჩვენებინა, როგორ სწრაფად ვრცელდება ინფორმაცია და ბოლო გამავრცელებელი მას უკვე როგორ სხვა სახით იღებს, ანუ გავრცელების პროცესში რა ეტაპს გადის. გვქონდა აქტივობა - „რა გავლენას ახდენს ჩვენზე რეკლამა“, შემდეგ ვიმუშავეთ ტროლების მიმართულებით - როგორ გავარჩიოთ ყალბი ნამდვილისგან. სურათების გადამოწმებაში „ბებოს ალბომი“ გამოვიყენეთ.

ჩემი მიზანია, მოსწავლეებმა შეძლონ იმ ინფორმაციის კრიტიკული ანალიზი, რასაც კითხულობენ და გადაუმოწმებლად არაფერი მიიღონ, მით უფრო, არ გაავრცელონ.

მომავალში ვაპირებ მუშაობის გაგრძელებას და მინდა, კიბერბულინგს შევეხო. ამისთვის შერჩეული მაქვს ორი ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომლებიც მოსწავლეების ცხოვრებასა და ბულინგს ეხება.

თეონა შერაზადიშვილი, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი:

_ პროექტზე ონლაინ დავრეგისტრირდი და ონლაინ დავესწარი ტრენინგებსაც. მივიღე საინტერესო ინფორმაცია და მივხვდი, რომ სწავლებაში არსებობს „შავი ხვრელი“, რომელსაც მედიაწიგნიერების თვალსაზრისით ამოვსება უნდა.

როდესაც ვამბობთ, რომ ეს არის „გამჭოლი კომპეტენცია,“ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ყველა საგანი ამ უნარის განვითარებაზე უნდა მუშაობდეს. თუმცა ალბათ სკოლაში ამ თვალსაზრისით მინიმალური კეთდება იმიტომ, რომ თვითონ მასწავლებლებს ამ უნარზე ნაკლები წარმოდგენა აქვთ. შემდეგი ის არის, მოსწავლეებში განავითარო ეს უნარი. სკოლაში მქონდა ასეთი პროექტი - ავიღე მოსე ზამთარაძის ნაამბობი (რომანიდან "დათა თუთაშხია") იმისთვის, რომ ლიტერატურისა და მედიაწიგნიერების კავშირი დამემყარებინა. ტექსტი მხატვრულად დავამუშავეთ, შემდეგ პერსონაჟები გავაცოცხლეთ, გავათანამედროვეთ, მათი სოციალური პროფილები შევქმენით. დავინტერესდით იმით, რეალურები რომ ყოფილიყვნენ, რა მოხდებოდა, დროში ვამოგზაურეთ. შემდეგ კი გავეცანით იმას, თუ რა არის მედიაწიგნიერება. ამ მეთოდით უკეთესად ისწავლეს, დაინახეს, დასკვნები გააკეთეს და შეაჯამეს. აღნიშნეს, რას არ უკვირდებოდნენ აქამდე, როდესაც რაღაც კონკრეტულ ინფორმაციას ეცნობოდნენ, რა ქვეტექსტები შეიძლება მოძებნონ და ამოიცნონ კონკრეტული მედიაგზავნილებში.

_ ამ პროექტში პირადად თქვენთვის აღმოჩენა რა იყო?

_ მიუხედავად იმისა, რომ არ მქონდა გავლილი მედიაწიგნიერების ტრენინგი, აღმოვაჩინე, რომ მედიაწიგნიერი ვყოფილვარ. თურმე კარგად შემიძლია ინფორმაციის გაფილტვრა. მეგონა, რომ ეს ბუნებრივია და ამას ყველა ახერხებს, მაგრამ შემდეგ გავიგე, რომ ეს თურმე უნდა ისწავლო. აღმოვაჩინე ისიც, რომ სკოლაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია, უბრალოდ, არ მქონდა ამისთვის ინსტრუმენტები, რითაც შემეძლო, მემუშავა. მოკლედ, ტრენინგების შემდეგ, მოსწავლეებთან მუშაობის შემდეგ ყველაფერი ერთად შეიკრა. არაჩვეულებრივი იქნება, მედიაწიგნიერება, როგორც „გამჭოლი კომპეტენცია“ სკოლაში ცალკე საგნად იქნება და თუნდაც მისი ერთწლიანი სწავლება დაინერგება მეათე კლასში. ეს, რაც მთავარია, მოგვცემდა კარგ სამოქალაქო საზოგადოებას.

* * *

მედიაწიგნიერება, უპირველეს ყოვლისა, კრიტიკული აზროვნებაა. „იკვლიე, მოსჩხრიკე“ - ილია ჭავჭავაძის ეს სიტყვები MDF-ის მედიაწიგნიერების პროგრამის მთავარი სლოგანია, რომელსაც MDF-ის ახალ კლიპში აშშ-ის ელჩის მოადგილე, რაიან ჰარისი ქართულად კითხულობს.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fikvlie%2Fvideos%2F281154060637602%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

მედიის განვითარების ფონდი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციაა საქართველოში ფაქტების გადამოწმებისა და მედიაწიგნიერების ხელშეწყობის მიმართულებით და მიზნად ისახავს, მედიამომხმარებელში კრიტიკული აზროვნების განვითარებას და გაცნობიერებული მედიამოხმარების ხელშეწყობას - ტრენინგების, სემინარების, ფორუმების, მედიაწიგნიერების სკოლებისა თუ ონლაინ რესურსების შეთავაზების გზით. MDF-ის მედია და ინფორმაციული წიგნიერების რესურსების ბაზა www.millab.ge აერთიანებს სასწავლო მასალებს, თამაშებს, სავარჯიშოებს, მაგალითებს მედიაპრაქტიკიდან, რომლებიც მედიაშინაარსის კრიტიკული ანალიზის, ინფორმაციის მოპოვების და გადამოწმების, ყალბი ინფორმაციის დეკონსტრუირების უნარებს ავითარებს.

R