"მე მგონია, რომ თუკი პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ამ კანონპროექტს, ჩვენ უნდა შევეგებოთ და ვეტო დავძლიოთ, ვინაიდან გადაწყვეტილება არის პოლიტიკურად და სამართლებრივად ჩამოყალიბებული და იმ ინტერესების შესაბამისი, რაც სახელმწიფოს აქვს",- ამის შესახებ "ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ იმ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას გულისხმობს.
ვოლსკის განცხადებით, კატეგორიულად გამორიცხულია, რომ ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად წარმოშობილი ორი უწყების დამოუკიდებლობას ან თავად სტრუქტურას რამე დაემუქროს, შესაბამისად, მისი თქმით, გაუგებარია ლონდა თოლორაიას მხრიდან ხისტი შეტევა და განცხადებები.
"შეუსაბამო ორი ფუნქცია ერთმანეთს არ უნდა ეჯახებოდეს ერთ სტრუქტურაში, რომელიც თავის დროზე, როგორც აღნიშნეს კიდეც ჩემმა თანაგუნდელებმა, გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებების მქონე ადამიანმა თავისი სუბიექტური შეხედულებით ჩამოაყალიბა. სამართლებრივადაც გამართულია ფორმულა, რომელსაც უმრავლესობა გვთავაზობს. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა კიდეც ეს და ჩემთვის გაუგებარია ამ განცხადების ფონზე ასეთი გააფთრებული შეტევა ინსპექტორის მხრიდან, ასეთი განცხადებების გაკეთება, გამოსვლები, მაშინ როდესაც ის ჩვენი კადრია, ეს სტრუქტურა ჩვენ შევქმენით და ამასთან დაკავშირებით, რომ ის თავისი მონაცემებით, ან თავის კანდიდატურას დააყენებდა, რომელიმე ერთი ინსპექტორის თანამდებობაზე, ან დასაბუთებული პრეტენზია ექნებოდა მაღალ თანამდებობაზე ყოფილიყო სახელისუფლებო სტრუქტურაში, როგორც ის ადრე იყო, აბსოლუტურად გაუგებარია და გარკვეულ კითხვებს ბადებს,“ - განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე განმარტებით, გარკვეული პოლიტიკური დემარში იმასთან დაკავშირებით, რომ ბიურო არ შემდგარიყო, რათა ოპოზიციას ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ალტერნატიული კანონპროექტი ვერ დაერეგისტრირებინა, სახეზე იყო და ამას არავინ უარყოფს.
"გულუბრყვილო არავინ არ არის, რომ დაიჯეროს, ეს პარალელურად შემოტანილი კანონპროექტი იმას ემსახურება, რომ უკეთესი შედეგი მივიღოთ და უკეთესი ახალი კანონი შევქმნათ, რომელიც ამ სამსახურებს სრულიად ბუნებრივად გაყოფს და გააძლიერებს. ეს არის იმიტომ, რომ გაიწელოს ამის განხილვა და იქნება ჩაიშალოს კიდევაც განხილვის პროცესი და ამის თაობაზე არავის ჰქონია სხვა მოსაზრება, მიუხედავად იმისა, რომ შეფუთვა სხვა იყო. რასაკვირველია, გარკვეული პოლიტიკური დემარში იმასთან დაკავშირებით, რომ ბიურო არ შემდგარიყო, იყო სახეზე და ამას არავინ უარყოფს. ეს რაღაც პროცედურულ ბრძოლაში გადაიჭრა, თუმცა ერთი უნდა აღინიშნოს ძალიან მკაფიოდ და ხაზგასმით, ყველანაირი საშუალება აქვს ნებისმიერ ოპოზიციურ ძალას, წარმოადგინოს თავისი მოსაზრებები თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით იმ კანონპროექტისა, რომელიც იქნება კომიტეტზე და შემდეგ პლენარულზე განხილული. გარდა ამისა, უნდა იცოდეთ, რომ კანონპროექტი, რომელიც წარმოადგინა ოპოზიციამ, არის გამეორება, ანალოგი იმისა, რაც ჰქონდა ინსპექტორს წარმოდგენილი, ასე რომ განსხვავება ამ პოზიციებს შორის არ არსებობს,“ - განაცხადა ვოლსკიმ.