ავტორი:

2021: წასულები, დაბრუნებულები, მიშელის "შეუსრულებელი მისია" და "პრეზიდენტის გამბიტი"

2021: წასულები, დაბრუნებულები, მიშელის "შეუსრულებელი მისია" და "პრეზიდენტის გამბიტი"

2021 წლის დასრულებამდე სულ ცოტა დრო რჩება. მსოფლიომ პანდემიის კიდევ ერთი მძიმე წელიწადი მოიტოვა უკან. ამას საქართველოში ემატებოდა ის, რომ მთელი წელი რთული პოლიტიკური პროცესების მოწმე ვიყავით. ქვეყანაში ვითარების გამწვავება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ოპოზიციის ბოიკოტით დაიწყო, რაც თებერვალში პრემიერობიდან გიორგი გახარიას გადადგომით გაგრძელდა და განსაკუთრებით გართულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებით.

მაშ ასე, გადავხედოთ 2021 წლის მთავარ პოლიტიკურ მოვლენებს:

  • ვინ წავიდა?

2021 წელს ქვეყანაში პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე შეიცვალნენ. "ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ბიძინა ივანიშვილის გადადგომიდან დაწყებული, შევეჩვიეთ რომ მაღალი თანამდებობის პირები, თითქოს პოსტიდან საკუთარი სურვილით მიდიან. თუმცა გიორგი გახარია პირველი იყო, ვინც წინამორბედებისგან განსხვავებულად წავიდა... მან პირდაპირ თქვა, რომ მისი წასვლის მიზეზი გუნდთან შეუთანხმებლობა იყო. ის მალევე ოპოზიციურ ფრონტზე გააქტიურდა და თვითმმართველობის არჩევნებისთვის საკმაოდ მძლავრი პოლიტიკური პარტია, სახელად "საქართველოსთვის“ დააარსა. გახარიას გადადგომის საბაბად ნიკა მელიას მოსალოდნელი დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დასახელდა, თუმცა დარჩა განცდა, რომ რეალურად საქმე უფრო ღრმა და მანამდე დაწყებულ კრიზისსა თუ შიდადაპირისპირებასთან გვქონდა... ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, გახარიას "ქართული ოცნება“ "ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსს აბრალებდა, ეს უკანასკნელი კი გახარიას "ბიძინა ივანიშვილის პროექტს ეძახდა“. ასე იყო თუ ისე, გახარიას პარტიამ არჩევნებში ახალბედას პირობაზე საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა.

რაც შეეხება კახა კუჭავას და პარლამენტის თავმჯდომარეობიდან წასვლის გადაწყვეტილებას, აშკარა იყო, რომ ეს მისი სურვილით არ მომხდარა, მეტიც, მისთვისაც მოულოდნელიც კი იყო პარტიის გადაწყვეტილება. როგორც ის აცხადებს, მალე რაღაც დიდ პროექტს ჩაუდგება სათავეში, ვნახოთ, სად გამოუძებნიან მას პარტიის ბოსები საქმეს, მით უფრო, რომ მან დეპუტატის მანდატზეც უარი თქვა...

წლის მიწურულს წავიდა ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან ეკატერინე ტიკარაძე. ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ფავორიტმა აშკარაა, რომ მოულოდნელად დაკარგა მფარველის მხარდაჭერა. ერთ-ერთი ვერსიით, მას ღარიბაშვილთან დაპირისპირების გამო მოუწია წასვლა მთავრობიდან, თუმცა ღარიბაშვილი მის გასტუმრებას დამოუკიდებლად ნამდვილად რომ ვერ მოახერხებდა, ცხადია... ტიკარაძის ბოლოდროინდელი განცხადებები და ნაბიჯები, როგორც ჩანს, მიუღებელი აღმოჩნდა მისთვის, "ვინც არ ჩანს, მაგრამ მაინც ყველგან არის...“ ისიც აღსანიშნავია, რომ ბოლოდროინდელი პოზიციით და განცხადებებით ტიკარაძემ საზოგადოების ნაწილის და ოპოზიციის სიმპათიაც დაიმსახურა.

  • ვინ დაბრუნდა?

წლის კი არა, საუკუნის დაბრუნებადაც შეიძლება მივიჩნიოთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა. საქართველოს მრავლისმნახველი საზოგადოება 1-ლ ოქტომბერს იმგვარი პოლიტიკური შოუს მომსწრე გახდა, რომლის მსგავსი არასოდეს გვინახავს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის მოსახლეობას სოციალური ქსელით უთენია ახარა, რომ საქართველოშია. ამას მოჰყვა მისი 2 ვიდეოჩანაწერი, სადაც ამტკიცებდა, რომ ბათუმში იყო. მთელი დღის განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლები გვარწმუნებდნენ, რომ სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფებოდა, მეტიც, გვიმტკიცებდნენ, უკრაინის ერთ-ერთ კურორტზე ისვენებსო. საზოგადოების დიდი ნაწილი და მედია არკვევდნენ ავთენტური იყო თუ არა გავრცელებული ვიდეოები და იყო თუ არა ნამდვილად ბათუმში ჩაწერილი. მოკლედ, მთელი დღის განმავლობაში მეორე დღეს გასამართი არჩევნები არავის ახსოვდა და როგორც მძაფრსიუჟეტიან სერიალს, ისე ვადევნებდით თვალს ქიმერად ქცეული ექსპრეზიდენტის თავგადასავალს. დღის ბოლოს საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შს მინისტრ ვახტანგ გომელაურისა და სუს-ის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილის თანხლებით გამოგვიცხადა, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულიაო. მალევე ვიხილეთ ბორკილდადებული ექსპრეზიდენტიც, მისი მრავალდღიანი შიმშილობის, სამედიცინო რეაბილიტაციის და პროტესტისკენ მოწოდებების შემდეგაც დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა - რა არის მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის რეალური მიზეზი და მიზანი?

წლის დაბრუნებად შეიძლება ჩაითვალოს ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ხელახლა დამტკიცება. მას მერე, რაც ბიძინა ივანიშვილმა ის ერთხელ უკვე გაუშვა ამ პოსტიდან, რთულად წარმოსადგენი იყო, რომ მას მთავრობის მართვას კიდევ ერთხელ ჩააბარებდნენ, თუმცა რას გაუგებ ადამიანი ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებას“.

კიდევ ერთ საინტერესო დაბრუნებად მივიჩნიეთ თეა წულუკიანის მთავრობაში კულტურის მინისტრად დაბრუნება, ხოლო მისი ინიციატივა ხითხუროთა, ქვითხუროთა და კირითხუროთა რეესტრის შექმნის თაობაზე, "წლის სამთავრობო ინიციატივად შეიძლება ჩაითვალოს“...

  • მიშელი, დანიელსონი, ჰარცელი, დეგნანი და სხვები...

ქვეყანაში კარგა ხნის განმავლობაში დაძაბულობა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე იყო, დასავლეთი ყველაფერს აკეთებდა ამ დაძაბულობის ჩასაქრობად. ევროპელები განსაკუთრებულად აქტიურობდნენ, ვნახეთ რა მასშტაბური პროცესი იყო წარმოჩენილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მონაწილეობით, ჩვენ ასევე ვხედავდით, ამ პროცესში რა მასშტაბურად მონაწილეობდა საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.

მოკლედ, 2021 წელი ევროპელი პარტნიორების აქტიურობით უკანასკნელ წლებში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო, თუმცა საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ამან სათანადო შედეგი დიდად ვერც მათ და ვერც ქართულ საზოგადოებას მოუტანა.

ხელისუფლება და ოპოზიცია ჯერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოლიტიკური კრიზისის მედიაციის საკითხების წარმომადგენელ კრისტიან დენიელსონის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ, თუმცა ამაოდ...

ამის შემდეგ შეიქმნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ახალი დოკუმენტი, რომლის ერთ-ერთი პუნქტით ოპოზიციონერები პარლამენტს უნდა დაბრუნებოდნენ. მისი მნიშვნელოვანი პუნქტი იყო ისიც, რომ თუკი მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე რომელიმე პარტია 43%-ს ვერ მოიპოვებდა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნულიყო. "ნაციონალურმა მოძრაობამ“ დოკუმენტზე ხელისმოწერაზე უარი თქვა, თუმცა პარლამენტს დაუბრუნდა. სწორედ მათი უარი იქცა "ქართული ოცნებისთვის“ იმის საბაბად, რომ ე.წ. მიშელის შეთანხმებიდან ცალმხრივად გასულიყვნენ. შეგახსენებთ, მიშელის დოკუმენტი ასევე გულისხმობს - ამბიციურ საარჩევნო რეფორმას, კანონის უზენაესობა/ სასამართლო რეფორმას, ძალაუფლების განაწილებას პარლამენტში - ამ მიმართულებებით რეალური ქმედებები დღემდე არ გვინახავს, რაც შესაბამის კრიტიკულ საერთაშორისო გამოხმაურებებს იმსახურებს.

  • ოპოზიცია პარლამენტში და ქუჩაში

საბოლოოდ, ე.წ. შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებით, პარლამენტში ოპოზიციის 12 დეპუტატი შევიდა. ამ დოკუმენტით ნიკა მელიას გათავისუფლებაც გათვალისწინებული იყო, რაც მოხდა კიდეც... ამის შემდეგ თავდაპირველად, "ნაციონალური მოძრაობა“ საკანონმდებლო ორგანოში მაინც არ შევიდა, თუმცა უკვე 30 მაისს, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ისინი 7-თვიან ბოიკოტს წყვეტდნენ და პარლამენტში იმუშავებდნენ. ოპოზიციური პარტიები მთელი წელი ცდილობდნენ, რომ ქუჩის პროტესტი გაეაქტიურებინათ, თუმცა ამაოდ. მათი მთელი ძალისხმევა, მათ შორის სააკაშვილის ჩამოსვლის შემდეგ, უშედეგო აღმოჩნდა.

  • ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

თუ მიხეილ სააკაშვილის მიზანი ის იყო, რომ მისი ჩამოსვლიდან მეორე დღეს - 2 ოქტომბერს, დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პოლიტიკურ ველზე შუა ისე გაეკრიფა, მხოლოდ "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" ეხეირათ, ეს ნამდვილად მოახერხა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პროპორციულ ნაწილში, წინასწარი შედეგებით, "ქართული ოცნება" 46,68%-იანი მხარდაჭერით ლიდერობს, "ნაციონალურ მოძრაობას" ხმა ამომრჩევლის 30,7%-მა მისცა, გიორგი გახარიას პარტიას 7,8%-იანი მხარდაჭერა აქვს, დანარჩენ პარტიებს კი, შეიძლება ითქვას, პულსი არ ესინჯებათ. 5 თვითმმართველ ქალაქში, მათ შორის თბილისში და 15 მუნიციპალიტეტში მერის გამოსავლენად მეორე ტურის გამართვა გახდა საჭირო, რომელშიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გარდა ყველგან "ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. წალენჯიხაში კი გაიმარჯვა "ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გიორგი ხარჩილავამ. მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართა.

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე: "სავარაუდოდ, არჩევნების პროპორციულ ნაწილში პროცენტული მაჩვენებელი იქნებოდა განსხვავებული, რომ არა ის მოვლენები, რაც 1-ლ ოქტომბერს განვითარდა. ვგულისხმობ სააკაშვილის ჩამოსვლას, ჩემი აზრით, ამან ახეირა "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" და დაარტყა გახარიას პარტიას, თუმცა, ვფიქრობ, მის მიერ მოპოვებული მხარდაჭერა მაინც ანგარიშგასაწევია. წვრილი პარტიები მართლაც გაიკრიფნენ თვალსაწიერიდან, მაგრამ ამას მხოლოდ მიშას ჩამოსვლას ნუ დააბრალებენ, უპირველესად, საკუთარ თავს დააბრალონ. შარშანდელი არჩევნებიდან მოყოლებული ამ პარტიებმა, ჩვენდა სამწუხაროდ, ყველაფერი გააკეთეს, რომ სწორედ ამგვარი შედეგი მიეღოთ. რაც შეეხება თბილისის მერის არჩევნებს, მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ დააყენა კანდიდატურა, ცხადი იყო, რომ აუცილებელი გახდებოდა მეორე ტურის ჩატარება, კალაძემ პირველივე ტურში რომ ვერ გაიმარჯვა, ეს გახარიას "დამსახურებაა". ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა ის იყო, რომ არჩევნებზე ასეთი აქტიურობა ვნახეთ, მილიონ რვაასი ათასზე ცოტა მეტი მოქალაქე მივიდა საარჩევნო ურნებთან, რაც ნიშნავს, რომ უამრავი იმედგაცრუების მიუხედავად, საზოგადოებაში მაინც არსებობს იმედი იმისა, რომ ქვეყანაში არჩევნების გზით შესაძლებელია ცვლილებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი აქტიურობა ადგილობრივ არჩევნებზე არ იქნებოდა. ამ მიმართულებით სააკაშვილის ჩამოსვლამ და ოპოზიციის განცხადებებმა, რომ ეს არჩევნები უნდა ექციათ რეფერენდუმად, ნაყოფი გამოიღო, თუმცა მოლოდინი, რომ "ქართული ოცნება" 43%-იან მხარდაჭერას ვერ მიიღებდა და ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნებისთვის ბრძოლას დაიწყებდა, არ გამართლდა. "ქართულმა ოცნებამ" მიიღო სასურველი პროცენტები, რასაც, ჩემი აზრით, სააკაშვილის ჩამოსვლამ დიდად შეუწყო ხელი...“

  • "პრეზიდენტის გამბიტი"

2021 წლის მოვლენების შეფასებისას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე ლაპარაკი აუცილებლად მოგვიწევს. ადრინდელისგან განსხვავებით, ის გაცილებით აქტიურობდა, კრიტიკული გახდა ხელისუფლების გადაწყვეტილებებისა და პოზიციის მიმართადაც, რაც წინა პერიოდში რთულად წარმოსადგენიც იყო. მან პანდემიის მართვასა და ვაქცინაციაზე სწორი პოზიცია დაიკავა და საინტერესო ინიციატივებზეც ისაუბრა. წლის ბოლოს, ზურაბიშვილმა "ეროვნული თანხმობის“ კამპანია წამოიწყო. მისი თქმით, მისი პრეზიდენტობის დარჩენილ პერიოდში ყველაფერს გააკეთებს ამ გზაზე წარმატების მისაღწევად.

ექსპერტი თენგიზ ფხალაძე:

"ეროვნული თანხმობა ამ ქვეყანას ძალიან სჭირდება. არაერთხელ იყო ამის მცდელობა, ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის დროს. ამ თვალსაზრისით შემდგომაც გადაიდგა ნაბიჯები, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივედით იქამდე, სადაც უნდა მივსულიყავით, რაც ძალიან ცუდად შემოგვიბრუნდა. ინიციატივა ძალიან კარგია და ეს პროცესი უნდა დაიწყოს. იმედი მაქვს, მოხერხდება და ეს პროცესი მაქსიმალურად ინკლუზიური გახდება. რა თქმა უნდა, პროცესი ვერ წარიმართება, თუ ამისთვის მზად არ იქნებიან პოლიტიკური პარტიები. პოლარიზაცია და დაპირისპირება უნდა შეჩერდეს და შექმნილი პარადიგმა შეიცვალოს. ეს აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის. ვეთანხმები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს - როდესაც შიგნით არა გვაქვს ერთიანობა, როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ დეოკუპაციაზე და დავაინტერესოთ ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები, ან როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ ეროვნულ ინტერესებზე, როდესაც არ გვაქვს განსაზღვრული საკითხები, რომლებზეც ყველა შევთანხმდებით... ჩვენ ერთმანეთთან ბრძოლაში ვხარჯავთ მთელ ენერგიას მაშინ, როდესაც ქვეყანაში უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი. ვისურვებდი, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე და მასში ყველა ჩაერთოს. ეს ინიციატივა ვერ იქნება წარმატებული, თუ ის არ გადაიქცა საერთო-ეროვნულ პროცესად და მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფის განხილვის თემად დარჩა. ცხადია, ეს რთული იქნება, მაგრამ ამის ალტერნატივად მხოლოდ დაპირისპირების გაღრმავება ჩანს, რაც ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდება, ამიტომ, ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ წარმატების მისაღწევად! ვიმეორებ, ეს იქნება რთული და მტკივნეული გზა. ეროვნული თანხმობა სულაც არ ნიშნავს, რომ ყველას ყველაფერი უნდა ეპატიოს“.

კიდევ ერთი საკითხი, რისი გადაწყვეტაც პირდაპირ სალომე ზურაბიშვილის ხელშია, ეს არის სააკაშვილის შეწყალება. მან ერთხელ თქვა, რომ მას არავითარ შემთხვევაში არ შეიწყალებდა, თუმცა პოლიტიკაში თქმულის გადათქმა არაერთხელ გვინახავს. აქ საკითხავია, პრეზიდენტს სურს თუ არა პროცესების მართვაში გაცილებით უფრო მასშტაბურად იმონაწილეოს... ვნახოთ, მომავალი წელი იქნება თუ არა ზურაბიშვილის შეტევაზე გადასვლის წელიწადი და გაბედავს თუ არა იმგვარი ნაბიჯის გადადგმას, რასაც საჭადრაკო დაფაზე ლაზიერის გამბიტი გულისხმობს...

მოამზადა ღვთისავარ ანთაძემ