დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში დადასტურებული "ომიკრონის“ 63 შემთხვევიდან უმრავლესობა შემოტანილია.
როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, სტაციონარში 3 პაციენტია მოთავსებული, რადგან ზოგიერთ მათგანს თანმხლები დაავადება აქვს.
"63 "ომიკრონ“ დადებითი შემთხვევიდან უმრავლესობა შემოტანილია, თითქმის ყველას კონტაქტების და ჩაღრმავებული ეპიდკვლევა მიმდინარეობს. მძიმე არცერთი პაციენტი არ გახლავთ. უმრავლესობა აცრილია. 6-ს ჰქონდა გადატანილი და რეინფექციასთან გვაქვს საქმე. მათგან 18 წლამდე იყო 5 მოზარდი და ბავშვი. სტაციონარში არის მხოლოდ 3, მაგრამ არაა იმიტომ, რომ მათ სტაციონარში მკურნალობა სჭირდებათ, იქ არის სხვა ფაქტორები გამოკვლევებისთვის, რადგან თანმხლები დაავადებები აქვთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, 2-3 კვირის ფარგლებში "ომიკრონი“ შესაძლოა, დომინანტი გახდეს. ამასთან, როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები იკლებს, თუმცა, ნელი ტემპით.
"სამწუხაროდ, ისევ ზემოთაა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რომელიც მილიონ მოსახლეზე 17%-ია, რაც დაახლოებით 2-ჯერ მეტია ჩვენს ზღურბლოვან ინდიკატორზე. აცრების მოცვა და მაჩვენებელი დეკემბერში უკეთესი გვაქვს“, -განაცხადა გამყრელიძემ.
მისი განმარტებით, აცრებზე წახალისების კამპანიამ დადებითი როლი ითამაშა 60 წლის ზემოთ ასაკობრივი ჯგუფის მიმართვიანობაში.