საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავდნენ.
უმრავლესობის დეპუტატები - მიხეილ სარჯველაძე, ალუდა ღუდუშაური და რატი იონათამიშვილი "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარის ედუარდ მარიკაშვილის სიტყვებმა გააღიზიანა, რომელმაც აღნიშნა, რომ სხდომაზე მყოფი "ქართული ოცნების“ დეპუტატები ავტორიტარიზმის წარმომადგენლები არიან.
"ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ დაგარქვათ სახელი, დავარქვათ თქვენს გადაწყვეტილებებს სახელი, რათა შემდგომ ის გამოჩნდეს როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე მოსახლეობამ დაინახოს თქვენ რა გქვიათ - თქვენ ახლა ყველა ხართ ავტორიტარიზმის წარმომადგენლები - გივი, ალუდა და ა.შ“, - აღნიშნა ედუარდ მარიკაშვილმა.
ამის საპასუხოდ, უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა მარიკაშვილს მიმართა სიტყვებით: "შეურაცხყოფას გვაყენებ. თითი ჩაწიე, ჭკვიანად იყავი.ნუ ბლატაობ“.
სიტყვიერ შელაპარაკებას ასევე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა, რომელმაც ღუდუშაურს მიმართა: "ბატონო ალუდა, დიდი ბოდიში, მაგრამ სიტყვა "ბლატაობა“ და ასეთი ტერმინოლოგია გამოიყენეთ ქუჩაში. ნუ ბედავთ და პარლამენტის სხდომათა დარბაზში ასეთ ტერმინოლოგიას ნუ იყენებთ. ასევე, ბატონო მიხეილ (სარჯველაძე), მიმართეთ ეთიკის კომისიას იმისთვის, რომ ბატონი ალუდას მიერ შეურაცხმყოფელი და პარლამენტისთვის შეუფერებელი ტერმინოლოგიის გამოყენება სათანადოდ რეაგირების ქვეშ მოექცეს“.
ამის შემდეგ მიხეილ სარჯველაძის მითითების საფუძველზე, ედუარდ მარიკაშვილს სიტყვის დასრულების და კითხვის დასმის საშუალება არ მიეცა. სარჯველაძემ მარიკაშვილს მიკროფონის გამორთვა მოსთხოვა, რის შემდეგაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა სხდომა დატოვა.
"ზუსტად ამიტომ ამართლებთ იმ სახელს, რომელიც დაგარქვით“, - ასე მიმართა სხდომის დატოვებამდე ედუარდ მარიკაშვილმა სარჯველაძეს.
აღნიშნული რეპლიკა ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა უპასუხოდ არ დატოვა.
"შეგიძლიათ საკუთარ საახლობლოში მონახოთ ადამიანები, ვისაც შეგიძლიათ სახელი დაარქვათ. ჩემთან მიმართებაში ამის უფლება არ გაქვთ“, - განუცხადა სარჯველაძემ.
თავდაპირველად, მარიკაშვილის გამოსვლა იმით დაიწყო, რომ მან "ქართლული ოცნება“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივის გამო გააკრიტიკა.
"ეს ფორმატი ძალიან ჰგავს "ქართული ოცნების“ ერთ-ერთი იდეოლოგის ცნობილ სკეჩს, როდესაც ადამიანს აყენებენ შეურაცხყოფას, სულში აფურთხებენ და ეს ადამიანი რომ ბრაზდება, მობრუნებულს ეუბნებიან, რომ სტაბილურობა უნდა შეინარჩუნოს. თქვენ აყენებთ შეურაცხყოფას თქვენივე ინსტიტუტის წარმომადგენლებს, დამსწრე საზოგადოებას და მერე გვეუბნებით, რომ სტაბილურობა უნდა შევინარჩუნოთ“, - განუცხადა დეპუტატებს მარიკაშვილმა სიტყვიერი დაპირისპირების დაწყებამდე.
როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დამოუკიდებელი ინსტიტუტია და მას გაუქმება სწორედ ამიტომ ემუქრება.
"ბატონმა რატი იონათამიშვილმა ისაუბრა ევროპული ტიპის სხვადასხვა გამოცდილებაზე და მინდა პრინციპების დონეზე გითხრათ, რომ ეს კანონპროექტი არის მიუღებელი, რადგან ის არღვევს ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან კონსტიტუციურ პრინციპს - ამ კანონის მიღებით ირღვევა წონასწორობა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებმა დააბალანსონ პოლიტიკური გავლენები, არ დაემორჩილონ პოლიტიკურ გავლენებს და იყვნენ დამოუკიდებელი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციური პრინციპი, რომელზეც დგას ჩვენი კონსტიტუცია, მაგრამ პრაქტიკაში რამდენად ხორციელდება, ეს სხვა საკითხია.
თქვენ ეს სიჩქარე ძალიან აკრეფილი გაქვთ და ამ ეტაპზე ვერაფერი გაჩერებთ, რომ თქვენი პოლიტიკური გავლენები გაავრცელოთ დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე“, - განაცხადა "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარემ, ედუარდ მარიკაშვილმა.
ცნობისთვის, აღნიშნულის შემდეგ რამდენიმე წუთში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
ხმაურიანი განხილვის შემდეგ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივას, ხმათა უმრავლესობით, მხარი დაუჭირა.