ინგა ბალანჩინი სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" ბოლო სერიებში გამოჩნდა. მას მაკოს როლის შესრულება უწევს - გოგონასი, რომელსაც მეგობრებმა ნარკოტიკი ისე მიაღებინეს, რომ თვითონ არც კი იცოდა. ის მძიმე მდგომარეობაში მყოფი საავადმყოფოში აღმოჩნდა და სიკვდილს ძლივს გადაურჩა.
მოკლედ, ინგა "ჩცდ"-ში საკმაოდ სკანდალურ ეპიზოდში გამოჩნდა და ახლა სწორედ ამ ამბის გარშემო ვითარდება სიუჟეტი. სოციალურ ქსელში ამ პერსონაჟის მიმართ კრიტიკული კომენტარები ნაკლებია, როგორც ჩანს, მაყურებელს მისი გმირი მოსწონს.
დავინტერესდით, რეალურად ვინ არის ინგა ბალანჩინი, როგორ მოხვდა სერიალში და რას ფიქრობს თავის პერსონაჟზე. ის ამაზე AMBEBI.GE-ს თავად ესაუბრება.
წარმოშობით ქუთაისიდანაა, როგორც ამბობს, რადგან დიდი მელიტონ ბალანჩივაძის შტოს წარმომადგენელია და შესაბამისად ოჯახში მათთანაც ყველა მღერის. ინგა რომ მღერის, ამის დასტური 2017 წლის საბერძნეთის სიმღერის კონკურსი "ამომავალი ვარსკვლავია", რომელშიც მონაწილეობდა.
"ქართული საზოგადოებისთვის ნაწილობრივ ახალი სახე ვარ, ნაწილობრივ, რადგანაც საბერძნეთის შოუში რომ ვიყავი, საქართველოდანაც მგულშემატკივრობდნენ. ბევრმა მაშინ გამიცნო და დამიმახსოვრა. აქაც გამოხმაურება ჰქონდა ჩემს კონკურსში მონაწილეობას. ყურადღების ცენტრში ვიყავი. ნახევარფინალში გავედი, მაგრამ იმ შოუდან უცებ წასვლა მომიწია. სცენიდანაც გავქრი, მუსიკასაც აღარ გავყევი. ახლა რაღაც ის პერიოდია, როცა საზოგადოების წინაშე ისევ გამოვჩნდი, მაგრამ ეს შემთხვევით მოხდა" - გვეუბნება ინგა ბალანჩინი.
- მუსიკალური კუთხით აპირებ მუშაობას?
- კი, მაქვს ამის საშუალება, რომ ამ მიმართულებით გავაგრძელო - არ მაქვს ხელი ჩაქნეული, უბრალოდ, ახლა ასეთი ეტაპი მაქვს, რომ სერიალში მიღებენ. პროფესიით მხატვარი ვარ, ფერმწერი, სამხატვრო აკადემია დავამთავრე.
- საბერძნეთში სიმღერის კონკურსზე როგორ აღმოჩნდი?
- 5 წლის რომ ვიყავი, მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. დედა საბერძნეთში სამუშაოდ წავიდა. დაახლოებით 8 წელიწადში დედასთან საცხოვრებლად მე და ჩემი უმცროსი ძმაც ჩავედით. სკოლის მეშვიდე-მერვე-მეცხრე კლასი იქ დავამთავრე. მერე საქართველოში ჩამოვედი, ბებო გვყავდა აქ, რომელმაც გაგვზარდა და მას ვერ შეველიე. ჩემი ძმა იქ დარჩა და ის დღემდე დედასთან ერთად ცხოვრობს. ბებო 2 წლის წინ გარდაიცვალა, მაგრამ მე საბერძნეთში არ დავბრუნებულვარ - მხოლოდ ცოტა ხნით ჩავდივარ და ისევ უკან ვბრუნდები ხოლმე. იქაურობა მიყვარს, მაგრამ საქართველო - მეტად. პატრიოტი ვარ.
- ე.ი. ბალანჩივაძეები ბალანჩინები გახდით, ხომ?
- მელიტონ ბალანჩივაძის შორეული შთამომავალი ვარ, მისგან მოვდივართ... სხვა ნათესავებს მართალია არ ვიცნობთ, მაგრამ წარმომავლობა ასეთი გვაქვს. პატარები ვიყავით, რომ ბალანჩინი ფსევდონიმად დავამკვიდრეთ. საბუთებით ჯერ ბალანჩივაძეები ვარ, მაგრამ გვარის ბალანჩინებად ოფიციალურად გადაკეთებაზე ვფიქრობთ.
- როგორ მოხვდი სერიალში?
- ერთი წლის წინ, "დაქალებისთვის" ერთ-ერთ ტიპაჟს ეძებდნენ, მეგობარმა მითხრა, გასაუბრებაზე ხომ არ მოხვალო. მივედი, გავიარე კასტინგი, მერე ჩემი ტიპაჟი რაღაც აღარ გახდა საჭირო, თუმცა მონაცემები ბაზაში იყო შემონახული. ახლა შემეხმიანნენ.
- აღმოჩნდი პირდაპირ სკანდალურ ეპიზოდში... შენს პერსონაჟს მკაცრი, უხეში და სასტიკი მამა ჰყავს...
- კი, მაგრამ ლევან გაბრიჭიძე ძალიან ნიჭიერი, კარგი ადამიანია, სასწაული კაცია და ძალიან მიყვარს.
- შენი პერსონაჟი გარკვეული ფორმით უპირისპირდება კიდეც მამას...
- მაკო და მე თითქმის ერთი და იგივე ადამიანები ვართ. უბრალოდ, ის თინეიჯერია და მე - არა, მაგრამ მის ასაკში მეც ასე ვიყავი. ასე რომ, დიდი სხვაობა ჩემსა და მაკოს შორის არ არის. შიში არ აქვს მამის ჩხუბზე, ეწინააღმდეგება... მეც, ხომ ვამბობ, მაგ ასაკში მებრძოლი და შემტევი ვიყავი. მაკოს კი ვგავარ, ოღონდ, მეგობრების მიმართ ასეთი ურთიერთობა ცხოვრებაში არ მაქვს. სერიალში ვისთანაც სცენარის მიხედვით ურთიერთობა მაქვს, ისიც ჩანს, რომ ახალი გაცნობილი ხალხია... ისე კი, მეგობრებთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა და მაქვს.
ბევრი კარგი მეგობარი მყავს. მათთან პრობლემა იშვიათად შემქმნია. მიმტევებლობა მე და მაკოს ორივეს გვახასიათებს. თვითონ მაკო, ძალიან მომწონს რაღაცნაირად მიყვარს კიდეც და თან, მეცოდება, თანავუგრძნობ. ყველანი, ვინც იმ საღამოზე შევიკრიბეთ, ის ადამიანები იქ გავიცანი და ახლა ჩემი კარგი მეგობრები არიან. განსაკუთრებით ვმეგობრობ თინათინთან, ელენეს როლს რომ თამაშობს, ძალიან დავახლოვდით, საუკეთესო ადამიანია, საკუთარი თავისგან სრულიად განსხვავებულ პერსონაჟს თამაშობს. ასევე გიორგი ბარბაქაძესთან და საერთოდ, ყველასთან კარგი, მეგობრული ურთიერთობა მაქვს.
- ე.ი. ლევან გაბრიჭიძე, მაკოს მამის როლის შემსრულებელი რადიკალურად განსხვავდება, ხომ თავისი პერსონაჟისგან...
- გარეგნულად რომ შეხედავ, ბუნჩულა კაცი ჩანს და ვერც წარმოიდგენ, რომ ასეთ აგრესიულ როლს თამაშობს. ნიჭიერი მსახიობია. წარმოშობით ისიც ქუთაისელია და მეც, ერთმანეთს კარგად გავუგეთ და მასთან თამაშისას დაძაბულობის მომენტი არ გამჩენია. საინტერესო, უსაყვარლესი ადამიანია. როცა ყვირის, მეცინება ხოლმე, ისე, ეს უფრო თავიდან იყო, სანამ მივეჩვეოდი, რამდენჯერმე ამის გამო რამდენიმე დუბლი დაგვჭირდა.
- კამერასთან მუშაობა არ გაგიჭირდა?
- ძალიან მომწონს მსახიობის პროფესია და საერთოდ, ეს სფერო ბავშვობიდან მიზიდავდა, ინტერესი მქონდა, პატარაობაში სკოლიდან სპექტაკლებშიც ვმონაწილეობდი. კამერებთან მუშაობაც კარგად გამომდის. აკადემიაში რომ ვსწავლობდი, ფოტოგადაღება, მოდელობის ეპიზოდებიც მქონდა.
- სერიალში გამოჩენის შემდეგ ქუჩაში, თუნდაც პირბადით, გცნობენ, ხომ?
- პოპულარობას რაც შეეხება, ასოციალური ადამიანი ვარ, მიჭირს ხოლმე რაღაც მომენტებში. საბერძნეთში რომ ვიყავი, იქაც ასე იყო, ახლაც ასე ვარ და მგონია, სულ ასე ვიქნები... სოციალურ ქსელში პატარა ბავშვები აქტიურობენ. მეც რაღაცნაირად მინდა, კარგი მაგალითი მივცე. დავეხმარო, რომ თავიანთი თავის გამოხატვა ისწავლონ.
სხვათა შორის, ჩემს პერსონაჟზე უარყოფითი კომენტარები არ წამიკითხავს, თუ არ ჩავთვლით ასეთებს - „ვაიმე, რამხელა ცხვირი აქვს“, რასაც ყურადღებას არ ვაქცევ. დადებითი კომენტარების მიზეზი ალბათ ის არის, რომ ჩემი პერსონაჟი პოზიტიურია და გამოხმაურებაც ასეთია. რაც შეეხება პირბადეში ცნობას, კი არის ასეთი სიტუაციებიც, იმ დღეს მაღაზიაში მითხრეს, - "ჩემი ცოლის დაქალებში" არ თამაშობო? საერთოდ, ახლა ამ სერიალში მონაწილეობა ჩემს ცხოვრებაში დადებითი მუხტის შემოტანაა. ამასთან, პროექტმა კარგი და საინტერესო ადამიანები გამაცნო და მათთან დავმეგობრდი.
- ასე რომ, 2021 წლით უკმაყოფილო არ ხარ და რას ელი 2022 წლისგან?
- ნამდვილად არა, წლის დასასრული მომავალი წლისთვის კარგი სტარტი აღმოჩნდა. საერთოდ, ყოველ წელს ვიფიქრებ, სურვილები ჩავუთქვა, მაგრამ არასდროს მისრულდება. შეიძლება, ეს ჩვევა უბრალოდ ბავშვობიდან მომდევს... ახლა გადავწყვიტე, ზოგადად კარგი განწყობა და პოზიტივი ვისურვო და ყველას ამას ვუსურვებ.