გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმი, ნინო გოგორიშვილი ნიკა გვარამიას განცხადებას პასუხობს. გვარამიას თქმით, გოგორიშვილი ამბობს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაცია საქართველოში თავისუფლების პირობებში არ წარიმართება, მაშინ რეკომენდებულია მისი საზღვარგარეთ გაყვანა. გოგორიშვილი ყოველივეს უარყოფს.
ნინო გოგორიშვილის თქმით, გვარამიას განცხადებები ჰოსპიტლის და მისი, როგორც ექიმის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. „დღეს პაციენტ მიხეილ სააკაშვილთან მყოფი ვიზიტორი ნიკა გვარამია, გამესაუბრა და თავისი ხელით დაწერილ ტექსტში დასმულ კითხვებზე მომაწერინა ხელი, რითაც შემაცდინა. მის კითხვებზე ჩემი პასუხები იყო მოკლე, ხელმოწერის შემდეგ კი მან ტექსტი ჩემთვის უცნობი გარემოებებით განავრცო, რის შესახებაც შემდეგ პირდაპირ ეთერიდან გავიგე. აღნიშნული ფაქტი, ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო და მომაყენა ტრავმა. მიმაჩნია, რომ ეს განცხადება კავშირშია ნიკა გვარამიას გუშინდელ განცხადებასთან, როდესაც მან მკვლელი მიწოდა. ეს ყველაფერი მიზნად ისახავს ჰოსპიტლის და ჩემი, როგორც ექიმის დისკრედიტაციას.
ნიკა გვარამიას განცხადებაში სიმართლე ნაწილობრივ არის, მაგრამ ასევე არის ფაქტების ინტერპრეტაცია. მე არ მითქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს გაყვანილი საქართველოდან უცხოეთში სამკურნალოდ. მე ვთქვი ფსიქოთერაპიული რეაბილიტაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ადამიანი არის თავისუფალი, ხოლო მას სად უმკურნალებენ ჩვენ არ გვეხება“, - განაცხადა გოგორიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს ნიკა გვარამიამ გორის ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს გააცნო ექიმ ნინო გოგორიშვილის გამოკითხვის ოქმი, სადაც გვარამიას ინფორმაციით, მკურნალი ექიმი ამბობს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაცია საქართველოში თავისუფლების პირობებში არ მოხდება, მაშინ რეკომენდირებულია სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანა.