ავტორი:

"ჯერ არ გვქონია რთული შემთხვევა, პაციენტს რომ სასუნთქი აპარატი დასჭირვებოდა" - როგორ უმკლავდება აფრიკა "ომიკრონს", ინტერვიუ ქართველ ექიმთან

"ჯერ არ გვქონია რთული შემთხვევა, პაციენტს რომ სასუნთქი აპარატი დასჭირვებოდა" - როგორ უმკლავდება აფრიკა "ომიკრონს", ინტერვიუ ქართველ ექიმთან

მას შემდეგ, რაც მსოფლიოში ახალი შტამი "ომიკრონი" სამხრეთ აფრიკიდან გავრცელდა, მთელი მსოფლიოს ქვეყნები ახალ შეზღუდვებზე გადავიდნენ. ზოგმა ქვეყანამ სამხრეთ აფრიკასთან ფრენებიც კი აკრძალა... ცოტა ხნის წინ სამხრეთ აფრიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი თამაზ გვილია ჩავწერეთ, რომელიც გაოცებას ვერ მალავდა, თუ რატომ იყო ახალ შტამზე ამხელა აჟიოტაჟი.

თამაზ გვილია 2010 წლიდან 2019 წლის ჩათვლით სამხრეთ აფრიკის დედაქალაქში, იოჰანესბურგის საავადმყოფოში მოღვაწეობდა, 2020 წელს გადავიდა ქალაქ პიტერსბურგში (ქალაქი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ტრანსვაალის პროვინციაში)... იგი ქალაქ პიტერსბურგის აკადემიური საავადმყოფოს, ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელია. ..

"არავითარი შიში და დაძაბულობა არ იგრძნობა. ახალ შტამზე რომ ასეთი აჟიოტაჟი ატყდა, ძალიან გაკვირვებული ვარ, რატომ არის ასეთი წუხილი სხვა ქვეყნებში ან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში. ჩემგან სულ სამი საათის სავალია, სადაც ეგ შტამი პირველად დაფიქსირდა და ჩვენამდე ინფორმაცია არც მოსულა. ჯერ მაგ შტამზე ბევრი ინფორმაცია არც არის, პრეტორიაში დაიწყეს კვლევა და ერთადერთი, რა ინფორმაციაც სამედიცინო პერსონალს მოგვაწოდეს, ეს ფორმა ძალიან მსუბუქად მიმდინარეობს. პაციენტების უმრავლესობა სახლში მკურნალობს და ქართულ საინფორმაციოებს რომ ვუყურებ, გაკვირვებული ვამბობდი, საქართველოში ჰგონიათ რომ მეტი იციან ამ ახალ შტამზე, ვიდრე აქ-მეთქი" - გვითხრა მაშინ თამაზ გვილიამ...

ამჯერად თამაზ გვილიას იმის გასარკვევად დავუკავშირდით, თუ რამდენად ადვილად მიმდინარეობს ახალი შტამის მართვა სამხრეთ აფრიკაში:

- სტაბილური, ნორმალური ვითარებაა... ბოლო დღეებში ძალიან შემცირდა "ომიკრონის" შემთხვევები, როცა ერთი პერიოდი იმდენად იფეთქა, რომ მაქსიმუმს მიუახლოვდა. რთული შემთხვევები არ არის. ჰოსპიტალში, სადაც ვმუშაობ, რთული შემთხვევა, პაციენტს რომ სასუნთქი აპარატი დასჭირვებოდა, ასეთი არც დაფიქსირებულა. გარდაცვლილთა რიცხვი არის, მაგრამ ყველა მათგანს თანმხლები დაავადება ჰქონდა... "ომიკრონი" უმეტეს შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ზოგჯერ იმდენად მსუბუქი ფორმაა, საერთოდ ვერც ამჩნევენ თუ ტესტი არ ჩაუტარდათ. უმრავლესობა ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს. სახლის პირობებში არიან. როგორც თავიდანვე ითქვა, ძალიან ადვილად გადადის, მსუბუქად მიმდინარეობს და სიკვდილიანობა ნაკლებია... ჰოსპიტალიზაცია მინიმუმამდეა დაყვანილი ამ შტამის.

- ნორვეგიელმა მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ "ომიკრონი" პანდემიას დაასრულებს, რადგან ადვილად გადადის და მსუბუქად მიმდინარეობს... სამხრეთ აფრიკაშიც არის ეს ვარაუდი?

- რასაკვირველია! რამდენიმე კვირის წინ 27 ათასი შემთხვევა იყო, დღეს იყო 5 ათასი და უკვე ძალიან იკლებს დაინფიცირებულთა რაოდენობა... როგორც მოგახსენეთ, ძალიან მსუბუქად მიდის, უსიპტომოდ ბევრ შემთხვევაში...

აცრილთა რაოდენობამაც მოიმატა, ბუსტერიც დაიწყეს, ყველა ექიმს გაუკეთდა. მოსახლეობაც იცრება უკვე ბუსტერით... შარშან ამ დროს სამხრეთ აფრიკაში დიდი ლოკდაუნები და სიმკაცრე იყო, პანდემია იმდენად მძიმედ მიმდინარეობდა. სამი განყოფილება მხოლოდ კოვიდიანები გვეწვა საავადმყოფოში. ახლა რამდენიმე საავადმყოფოში სულ რამდენიმე საწოლზეა განთავსებული პაციენტები.

- მკურნალობის პროტოკოლი, არაფერი შეცვლილა?

- სრულიად არაფერი, ყველაფერი ზუსტად იგივეა... ეგ კი არა, იზოლაციაში ყოფნის დღეებიც შემცირდა. ხუთიდან შვიდ დღემდე დავიდა. თუ ვინმე დაინფიცირებულთან კონტაქტშია ჯანმრთელი ადამიანი, მას იზოლაციაში არ ათავსებენ, როგორც ადრე ხდებოდა. თუ, რა თქმა უნდა, მასაც სიპტომები არ აღმოაჩნდება... ერთი სიტყვით, ყველაფერი მშვიდად მიმდინარეობს. ჰოსპიტალებს და ჯანდაცვის სისტემას ეტყობა, რომ არანაირად გადატვირთული არ არის და ამიტომაც სამხრეთ აფრიკაში არანაირი შეზღუდვები არ გამკაცრებულა. ერთადერთი შეზღუდვა ნიღბის ტარებაა, რაც ყველა ქვეყანაშია და აუცილებელიც არის.