ავტორი:

"ამ სახლის დამსახურებით სოფელს 47 ქვეყნიდან ათასობით ტურისტი ესტუმრა" - გარდაცვლილი შვილების სახელზე გაშენებული ბიობაღი და წალკოტი ვაქირში

"ამ სახლის დამსახურებით სოფელს 47 ქვეყნიდან ათასობით ტურისტი ესტუმრა" - გარდაცვლილი შვილების სახელზე გაშენებული ბიობაღი და წალკოტი ვაქირში

თამარა ნინიძე განათლებით საქმეთა მართვის სპეციალისტი და საერთაშორისო სამართლის მაგისტრია. ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობს, თუმცა ამას არ შეუშლია ხელი, კახეთში, კერძოდ სოფელ ვაქირში მეუღლის მამა-პაპისეული კარ-მიდამო ოჯახთან ერთად პატარა წალკოტად და ტურისტებისთვის საყვარელ ადგილად ექცია. ოჯახი სამი ნაირსახეობის ორგანულ ღვინოს და ჭაჭის არაყს აწარმოებს. ამასთან, სახლში უცხოელი ტურისტებისთვის იმართება კულინარიული მასტერკლასები, რომელსაც ოჯახის დიასახლისი ატარებს.

დანარჩენზე უფრო ვრცლად თამარი shin.ge-ს ესაუბრა:

- დავიბადე თბილისში, თუმცა გავიზარდე მოსკოვში. მოსკოვში მივიღე განათლება, ჩემი პროფესიული მოღვაწეობა დავიწყე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტში, შემდგომ გადავედი სამუშაოდ და საცხოვრებლად სტამბოლში, სამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციაში ეკონომიური განხრით, სადაც 10 წელი ვიმუშავე. შემდგომ გადავწყვიტე დავოჯახებულიყავი და ჩემი ნებით დავასრულე კარიერა დიპლომატიურ სფეროში. გადმოვედი საცხოვრებლად თბილისში, სადაც მანამდე არასოდეს მიცხოვრია და არც ისე კარგად ვფლობდი ქართულ ენას. ბებია-ბაბუასთან მხოლოდ არდადეგებზე ჩამოვდიოდი, სულ მიხაროდა საქართველოში მოგზაურობა, დასვენება და მისი კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა. ყოველთვის და ყველგან მეამაყებოდა, რომ ვარ ქართველი.

თბილისში დავიწყე მუშაობა ჩემთვის ძალიან განსხვავებულ სფეროში - ტურიზმში, რადგან ეს იყო ერთ-ერთი დინამიურად გავნითარებადი დარგი. ჯერ სახელმწიფო სექტორში ვიმუშავე - ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციაში ბრენდის განვითარების სამართველოში, მერე კი მსხვილ კერძო ტურისტულ კომპანიაში გადავედი, სადაც ახალი ბაზრის მოპოვება, პიარი და რებრენდინგი მებარა. ამ პერიოდში, სპორტდარბაზში გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, ალექსანდრე დემეტრაშვილი, წარმოშობით კახელი, რომელმაც ჩამიყვანა ვაქირში და აი, იქ დაიწყო ჩვენი ზღაპრული ენოგასტრონომიული ისტორია (იღიმის).

- როგორ გაჩნდა სურვილი, იდეა, საკუთარი სახლი აგროტურისტულ ობიექტად გექციათ?

- პირველივე ნახვისას შემიყვარდნენ ალექსანდრეს პატიოსანი, ენერგიული და სიმპათიური მშობლები. აღსანიშნავია ოჯახის ისტორიული კარმიდამო, პანორამული ხედით ალაზნის ველზე და კავკასიონზე. გამორჩეულად მინდა გამოვყო შეუდარებელი ხის ჩუქურთმით გალამაზებული აივანი, რომელიც მეუღლის პაპამ თავისი ხელით გამოაჩუქურთმა. იმ დროისთვის ჩემი მომავალი დედამთილის კერძებმა და მამამთილის ღვინომ გამაოცა, რადგან არც ერთ ქართულ რესტორანში და ოჯახში ასეთი გემო და ხარისხი არ შემხვედრია. შემდგომ დავესწარი ოჯახურ ღონისძიებას და ვაკვირდებოდი, როგორ მოიტანა დილაუთენია მამამთილმა ნატურალური სურსათი, როგორ გაამზადა დედამთილმა უამრავი კერძი, მეზობლებთან ერთად როგორ სწრაფად გაშალეს სუფრა და მერე კი ასევე სწრაფად დარეცხეს ჭურჭელი და მიალაგეს სახლი. ამან დამაფიქრა. საოცარ ხედთან ერთად, რაც აივნიდან იშლებობა, ეს გახდა ჩემი შთაგონების წყარო. 2017 წელს შევთავაზე ოჯახს, რომ ალაზნის ველზე მდებარე კახური სახლი, ბოსტანი და ვენახები გვექცია აგროტურისტულ ობიექტად. იმ დღიდან დავიწყეთ მიზანდასახული ნაბიჯების გაწევა და შრომა, რომელმაც სასურველ შედეგამდე მიგვიყვანა - მოახდინა სოფელ ვაქირის პოპულარიზაცია და დასვა ტურისტულ რუკაზე.

- დღეს ვინ ცხოვრობს ამ სახლში და ოჯახის წევრები როგორ ინაწილებთ საქმეს? ვის რა ფუნქცია აკისრია?

- ჩვენი საოჯახო საქმის ყველაზე ძლიერი მხარე არის ფუნქციების სწორი და მკაცრი განაწილება. ოჯახში ყველას აქვს უმაღლესი განათლება, მუშაობის გამოცდილება, ვფლობთ უცხო ენებს და ვაკეთებთ იმას, რაც ყველაზე კარგად გამოგვდის და გვიყვარს. ჩემს დედამთილს, ეკა ხმალაძეს აბარია სამზარეულო, კერძებს თავად ამზადებს, თუნდაც 50-კაციანი სუფრა ჰქონდეს გასაშლელი. აგრეთვე ამზადებს ზამთრის კონსერვებს და ჩურჩხელას, რაც გვაქვს წარმოდგენილი მარანში, უვლის ეზოს, სადაც ზამთარ-ზაფხულ ყვავილები ხარობენ. მამამთილი უვლის ვენახებს, ხილ-ბოსტნეულის ფერმას, აყენებს ღვინოს და ხდის ჭაჭას, აგრეთვე ამზადებს ხორცის და თევზის კერძებს სუფრისთვის და ზრუნავს მომარაგებაზე...წაიკითხეთ სრულად და დაათვალიერეთ ფოტოები