ავტორი:

"ცუდი პროგნოზები გვაქვს ნაახალწლევს..." - პაატა იმნაძე

"ცუდი პროგნოზები გვაქვს ნაახალწლევს..." - პაატა იმნაძე

ცუდი პროგნოზები გვაქვს ნაახალწლევს, რადგანაც "ომიკრონი“ ქვეყანაში უკვე შემოსულია. ჯერ საბედნიეროდ ცოტაა, ჯერჯერობით უმრავლეს შემთხვევაში ვახერხებთ გავყვეთ "ომიკრონის“ თითოეული გადაცემის ჯაჭვს, მაგრამ ცოტა ხანში, ეს შეუძლებელი გახდება, როდესაც რაოდენობა მოიმატებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა იკლო, თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, „ომიკრონის“ შტამის პირობებში, რაოდენობის მომატება მოსალოდნელია.

იმნაძის შეფასებითვე, მას შემდეგ, რაც პირბადის ტარების მაჩვენებელმა დაიწია, წელს ქვეყანაში კორონავირუსთან ერთად, გრიპიც გამოჩნდა.

"დღეში 2000 [ახალი შემთხვევა], რომ არის, გვიხარია, რადგან ეს ტალღა ოდნავ ჩამოშვებულია ქვეყანაში. ეს დღეები კიდევ ველოდებით, რომ შეიძლება ოდნავ კიდევ დაიკლოს, ყოველ შემთხვევაში ჯერ არ მოიმატებს, მაგრამ ძალიან ცუდი პროგნოზები გვაქვს ნაახალწლევს, რადგანაც "ომიკრონი" ქვეყანაში უკვე შემოსულია. ჯერ საბედნიეროდ ცოტაა, ჯერჯერობით უმრავლეს შემთხვევაში ვახერხებთ გავყვეთ "ომიკრონის" თითოეული გადაცემის ჯაჭვს, მაგრამ ცოტა ხანში, ეს შეუძლებელი გახდება, როდესაც რაოდენობა მოიმატებს. აქ რჩება პირბადის ტარება, რამაც ქვეყანაში მოიკლო. როგორც კი პირბადის ტარების მაჩვენებელმა დაიწია, არა მარტო კორონა, გრიპიც გამოჩნდა, რაც დამატებით თავსატეხს გაუჩენს ჩვენს სამედიცინო სექტორს. თუ გვინდა ეს ზამთარი მეტ-ნაკლებად ნორმალურად გავატაროთ, ეს არის პირბადის ტარება.

"ბუსტერი“ საჭიროა კორონასგან დასაცავად, 75%-მდე ადის კორონასგან დაცვა, თუ „ბუსტერი“ გაქვს გაკეთებული. სიკვდილისაგან ორი დოზაც მშვენივრად იცავს, კვლევები უკვე გამოქვეყნდა. „სინოვაკი“ და „სინოფარმი“ მშვენივრად იცავს მძიმე მიმდინარეობისგან და სიკვდილისაგან „ომიკრონის“ შემთხვევაშიც. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება თუ „ბუსტერს“ გაიკეთებენ, ეს დაცვას აძლიერებს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.