ავტორი:

"მინდა გაცნობით, რომ ტროლების "ქარხანა" აქტიურად ამუშავდა" - რას წერს ლონდა თოლორაია "ფეისბუქზე"?

"მინდა გაცნობით, რომ ტროლების "ქარხანა" აქტიურად ამუშავდა" - რას წერს ლონდა თოლორაია "ფეისბუქზე"?

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მის წინააღმდეგ ტროლების გამოყენებით "შტურმი იწყება".

ამის შესახებ ის პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

"სამართლებრივ და მორალურ ბრძოლაში რომ მარცხდები, ტროლების და ბოტების გამოყენებით შტურმი შემდეგ იწყება ხო? მინდა გაცნობით, რომ გუშინ, დღის მეორე ნახევრიდან ეს "ქარხანა" აქტიურად ამუშავდა. წითელი ხაზები დიდი ხანია გადაკვეთილია, მაგრამ წითელი ხაზების კვეთასაც ხომ აქვს საზღვარი. როგორც ჩანს, არც ამას აქვს. ვწუხვარ" - წერს ლონდა თოლორაია.

ცნობისთვის, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. პარლამენტი ცვლილებებს დაჩქარებული წესით იხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონპროექტს მიმდინარე კვირას სამივე მოსმენით მიიღებენ.

პროექტის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ექნება. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, მას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ენიჭება.

ამავე ცვლილებებით, საგამოძიებო უწყების ქვემდებარეობას "სისხლის სამართლის კოდექსის" რამდენიმე მუხლი ემატება. აღსანიშნავია, რომ ახალი დამატებული მუხლები პროკურატურის მუშაკებსა და საჯარო მოხელეებზე არ გავრცელდება. პროექტის მიხედვით, ახალი ქვემდებარეობა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებზე ვრცელდება.