დღეს „ლეიბორისტულ პარტიას“ ველოდებით მარეგულირებელი კომისიის ოფისში, თუმცა, მინდა დავასწრო და ვუთხრა, რომ არ შეწუხდნენ, ნუ მოვლენ, ტრანსპორტის ფულს ნუ დახარჯავენ გზაში - გაზის ფასი არ გაზრდილა, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სხვა რაიმე პარამეტრები არ გაუარესებულა, რამაც შესაძლოა ტარიფის გაზრდა გამოიწვიოს.
როგორც სემეკ-ის თავმჯდომარემ აღნიშნა, თბილისისთვის და რეგიონებისთვის სამომხმარებლო ტარიფის გადამტკიცება ხდება და აქაც, რაიმე სახის ზრდა დაგეგმილი არ არის.
„ზაფხულში, მაშინაც გავაკეთეთ განცხადება, რომ ტარიფების გადახედვა არ იგეგმებოდა. ახლა დეკემბრის ბოლოა, მიტომ „თბოსადგურების“ ახალი ტარიფები უნდა ამოქმედდეს, მაგრამ აქ რაიმე არსებითი ცვლილება არ გვაქვს, რადგან გაზის ფასი არ გაზრდილა და სხვა რაიმე პარამეტრებიც არ გაუარესებულა, რამაც შესაძლოა ტარიფის გაზრდისკენ გვიბიძგოს. თბილისისთვის და რეგიონებისთვის ჩვეულებრივ სამომხმარებლო ტარიფის უბრალოდ გადამტკიცება ხდება და აქაც, რაიმე სახის ზრდა დაგეგმილი არ არის.
დღეს „ლეიბორისტულ პარტიას“ ველოდებით, მათ უკვე დაანონსებული აქვთ მარეგულირებელი კომისიის ოფისში მოსვლა, თუმცა, მინდა დავასწრო და ვუთხრა, რომ არ შეწუხდნენ, ნუ მოვლენ, ტრანსპორტის ფულს ნუ დახარჯავენ გზაში. მოკლედ, არაფრის ზრდა დაგეგმილი არ არის. თუ მაინცდამაინც გეგმაში აქვთ ის, რომ მარეგულირებელ კომისიას ესტუმრონ, კი ბატონო, მობრძანდნენ. მათ დისტანციურად, ქვემოთ დახვდებათ ეკრანი, სადაც შეეძლებათ თვალ-ყური ადევნონ კომისიის სხდომის მიმდინარეობის პროცესს. ერთი მხრივ, კომისიის სხდომები საჯაროა და მეორე მხრივ, ეს გახლავთ კოვიდრეგულაციებთან დაკავშირებული შეზღუდვები. ამიტომ, პატარა დარბაზში ბევრ ხალხს ვერ დავუშვებთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.