ავტორი:

"ამ თანამდებობაზე გავაკეთებ ყველაფერს..." - რა სიტყვით მიმართა შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევამდე

"ამ თანამდებობაზე გავაკეთებ ყველაფერს..." - რა სიტყვით მიმართა შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევამდე

პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენისთვის და გამოცხადებული ნდობისთვის, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარეობა არის დიდი პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და გუნდის წინაშე.

"ეს არის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის წინაშე. შესაბამისად, ამ თანამდებობაზე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ჩვენს ქვეყანას და ხალხს ღირსეულად ვემსახურო“- განაცხადა პაპუაშვილმა.

მან ასევე, მადლობა გადაუხადა კახა კუჭავას პოლიტიკურად ურთულეს დროს, ღირსეული საქმიანობისათვის.

„ეს წელი, დამოუკიდებლობის შემდეგ, იყო ერთ-ერთი ურთულესი ჩვენი ქვეყნისთვის. საზოგადოება ერთდროულად იდგა ოკუპაციის, პანდემიის, ეკონომიკური გამოწვევებისა და თავსმოხვეული პოლარიზაციის წინაშე.

მიუხედავად ამ ურთულესი გამოწვევებისა, ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობით შევინარჩუნეთ მშვიდობა, უკან დახევის გარეშე, გადავლახეთ პანდემიის რამდენიმე მძიმე ტალღა, ქვეყნის ეკონომიკა დავუბრუნეთ პანდემიამდე მდგომარეობას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სათანადო ჩატარებით შევქმენით მყარი საფუძველი ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობისთვის.

ყველა ამ გამოწვევასთან გამკლავებაში ქართველი ხალხის და ხელისუფლების მოკავშირეები იყვნენ ჩვენი ექიმები, ჩვენი პოლიციელები, ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი პედაგოგები. დიდი მადლობა მათ და ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით ედგა სახელმწიფოს ამ ურთულეს პერიოდში" - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე განცხადებით, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ის იდგება საპარლამენტო სუვერენიტეტის სადარაჯოზე.

"პარლამენტი არის ის ინსტიტუცია, რომელშიც ყველაზე მეტად არის გამოხატული ხალხის, როგორც ხელისუფლების წყაროს, ძალა. ამიტომ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვიდგები საპარლამენტო სუვერენიტეტის სადარაჯოზე“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად ,,ქართული ოცნების’’ გუნდის წევრობისა, ის იქნება ხალხის მიერ არჩეული ოპოზიციის საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართულობის და თანამონაწილეობის გარანტი.

"რა თქმა უნდა, მე ვარ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ამით, ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების გამტარებელი. თუმცა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვიქნები ხალხის მიერ არჩეული ოპოზიციის ჩართულობის და თანამონაწილეობის გარანტი. მით უფრო, რომ ამ პარლამენტში, არსებული დაპირსპირების მიუხედავად, ჩვენ გვაქვს ოპოზიციასთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება, რაც წარმატებულ საარჩევნო რეფორმას უკავშირდება. ამის ფონზე, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტი, განსაკუთრებით გულდასაწყვეტია, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც ჩვენი გუნდის მიერ კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის რეფორმის შედეგად, საქართველოს პარლამენტმა, ქართულ პოლიტიკაში, ცენტრალური ადგილი დაიკავა. ახალი დემოკრატიული სტანდარტებით, მრავალპარტიულ პარლამენტს აქვს აღმასრულებელ ხელისფლებაზე ზედამხედველობის მძლავრი ბერკეტები. უპრეცედენტოდ გაზრდილია საპარლამენტო ოპოზიციის როლი. ეს ყველაფერი კი ქმნის განსაკუთრებულ პირობებს საქმიანი საპარლამენტო დისკუსიისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.