ავტორი:

"ჩემი "ბედნიერების გალაქტიკა" მსოფლიოს 5 კონტინენტზეა განთავსებული... გიზიარებთ მის კონცეფციას" - ვინ არის საქართველოში "ბედნიერების ელჩი" და რას გვირჩევს ის?

"ჩემი "ბედნიერების გალაქტიკა" მსოფლიოს 5 კონტინენტზეა განთავსებული... გიზიარებთ მის კონცეფციას" - ვინ არის საქართველოში "ბედნიერების ელჩი" და რას გვირჩევს ის?

ერთ-ერთ იგავში ვკითხულობთ: "ღმერთმა თიხისგან ადამიანი გამოძერწა და გამოუყენებელი თიხის ნაწილი დარჩა.

- კიდევ რა გამოგიძერწო? - ჰკითხა ადამიანს.

- ბედნიერება, - იყო პასუხი.

ღმერთს არაფერი უთქვამს და ადამიანს გამოუყენებელი თიხის ნაწილი ხელში ჩაუდო"...

დიახ, ბედნიერება ჩვენს ხელთაა, უნდა შევძლოთ მისი თავად დაბადება.

რამდენიმე დღეში ახალი წელი დადგება, ამ დროს ადამიანები ერთმანეთს ბედნიერებას გამორჩეულად და უხვად უსურვებენ ხოლმე. მართლაც რა არის ბედნიერება, როგორ მოვიპოვოთ ის და ყველას შეუძლია თუ არა იყოს ბედნიერი - ამაზე "ბედნიერების ელჩი", პროფესორი, გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი არსენ გვენეტაძე გვესაუბრება.

"ბედნიერება პოზიტიური ემოციის, სიხარულის ემოციის გაცნობიერება და ამ ემოციის საკუთარი თავისათვის თუ სხვათათვის გაბედულად გაზიარებაა! საკუთარ მანტრებში კი ეს ასე წარმოვაჩინე: "ბედნიერება სიხარულის ემოციის გააზრებით და გაზიარებით იბადება! გაიაზრე და გააზიარე შენი ემოცია, შეიგრძენი შენი და სხვისი ბედნიერება!“ მარტივად კი ასეა: "ბედნიერება გაზიარებით იბადება!" - აღნიშნავს ბედნიერების ელჩი (Dr. AG)

- ყველას შეუძლია იყოს ბედნიერი?

- ყველას შეუძლია ცურვის შესწავლა? ალბათ დიახ, თუმცა ბევრმა ის არ იცის და არც აპირებს ისწავლოს! ჩემი აზრით, "შეუძლებელი არაფერია" და საკუთარი სიხარულის ემოცია საკუთარ ბედნიერებად რომ დაბადოს ადამიანმა, ვფიქრობ, მონდომებისა და ემოციათა უკეთ ფლობის შემთხვევაში სრულიად შესაძლებელია! ვიმეორებ, ბედნიერება გაზიარებით იბადება! ე.ი. თუ სიხარული, თუნდაც საკუთარ თავს, გაცნობიერებულად შემიძლია გავუზიარო და ის მინიმუმ ხმამაღლა "გამოვუმზეურო" მხოლოდ საკუთარ მეს, უკვე ბედნიერებად დაიბადება! გულწრფელად ასე მგონია! საუკეთესო ინვესტიცია ბედნიერების ინვესტირება-გაცემაა!

- როგორ უნდა მიაღწიოს ამას ადამიანმა - რა უნდა გააკეთოს ამისთვის?

- ამის მზა რეცეპტი რომ მქონდეს, ალბათ ნობელის პრემიის, მინიმუმ, ერთგზის ლაურეატი ვიქნებოდი! თუმცა, გავბედე, ვიყო ის, ვინც ვარ, არ მომერიდა და შევძელი, სიხარულის ემოცია ბედნიერებად დამებადებინა. ჩემი "ბედნიერების გალაქტიკის" კონცეფციასაც გაგიზიარებთ. როცა ადამიანი პიროვნულ თავისუფლებას მოიპოვებს (ანუ საკუთარი თავის წნეხისგან გათავისუფლდება, მაგ.: "რას იტყვის ხალხი!") როცა ის თავის პიროვნულ ღირსებას შეიქმნის, შემდეგ კი პიროვნულ თავისუფლებას პიროვნულ ღირსებას მიუმატებს, მგონია, უსათუოდ იგრძნობს პიროვნულ ბედნიერებას! ესეც პიროვნული ბედნიერების ჩემი ფორმულა - პიროვნულ თავისუფლებას + პიროვნული ღირსება = პიროვნულ ბედნიერებას!

"სიხარულის ემოცია" ავტორი: Dr. AG (არსენ გვენეტაძე)

- ბედნიერების მიღწევაში რა უშლის ხელს ადამიანს?

- "შვილო, არ თქვა ბედნიერი ვარ! ღმერთმა არ გიწყინოს ან ვინმემ არ გაგთვალოს. ათასი ბოროტი და შურიანი დადის ამ ქვეყანაზე!" - ასე ასწავლიდნენ დედები შვილებს, რადგანაც ასე იყვნენ თავად "ნასწავლნი" და აღზრდილნი. შესაბამისად, ადამიანი ბედნიერებაზე ფიქრსაც კი გაურბოდა არა თუ ხმამაღლა იმის თქმას, რომ ბედნიერია!

"ასეთ რთულ დროში რა დროს ბედნიერებაა, ნახე, რა ხდება ირგვლივ, ეს პანდემია, უამრავი შეჭირვებული და სხვადასხვა"... - ასეთი იყო და არის განსჯები! ჩემი აზრით, ბედნიერების შეგრძნებას, მნიშვნელოვანწილად ხელს ის უშლის, რომ არასოდეს არავინ გვასწავლიდა მიზნის დასახვის ხელოვნებას! მიზნის დასახვა კი ვფიქრობ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ბედნიერების ემოციის საკუთარ თავში მოსაპოვებლად! როგორ? აქ ჩემსავე ერთ მანტრას მოვიშველიებ: "სიცოცხლის არსი! მიზნის დასახვა სიცოცხლის მამოძრავებელი მთავარი ძალაა! მიზნისკენ სწრაფვა, სვლა კი ადამიანური ყოფის ყველაზე საინტერესო ხაზი! სიცოცხლის არსი!" მიზნისკენ სვლა მუდმივი მოქმედებაა!

"შეიძლება ქმედებებს ყოველთვის არ მოაქვს ბედნიერება, მაგრამ არ არსებობს ბედნიერება მოქმედების გარეშე"-ო ამას ამბობდა ბენჟამენ დიზრაელი და ეს სრულად ასევე მესმის. მიზნის დასახვა და მიზნისკენ სვლა, ვფიქრობ, ბედნიერების "პოვნისა" და შეგრძნების ერთ-ერთი მთავარი "პირობაა!"

"სიყვარულის გალაქტიკა" ავტორი: Dr. AG (არსენ გვენეტაძე)

- ბედნიერების ელჩი როგორ აჯამებთ და აცილებთ 2021 წელს?

- 2021 საოცრად ზეპროდუქტიული, "უძალიანესად პოზიტიურად ემოციური" წელი იყო! ჩვენი კლინიკის გუნდის დაუღალავი შრომით 700-ზე მეტი ახალი სიცოცხლე შევქმენით! ეს 170-ით მეტია, ვიდრე 2020-ში! გამოვეცი ჩემი საკუთარი მანტრების კრებული. მანტრები ბედნიერების ელჩის (Dr. AG) საგან:

• გიყვარდეს - სიყვარული ზრუნვაა!.. ზრუნვა და სიყვარული კი, ბედნიერებაა!

• დააფასე განვლილი ცხოვრება (თავისი წარმატება წარუმატებლობითურთ) და იგრძნობ თავისუფლებას!

• ნუ შეგაშინებს ნურც სიცოცხლე (ხვალინდელი დღე პრობლემებითა და გამოწვევებით) და ნურც სიკვდილი, ყველა ადამიანის ლოგიკური დასასრული! პატივი ეცი საკუთარ ისტორიას ცხოვრებისას და იგრძნობ მყისიერად საკუთარ ბედნიერებას!

• სიცოცხლის ძალა სიყვარულია, ანუ სიცოცხლე სიყვარულია! შევქმენი და საკუთარ მანტრებზე ჩავწერე საკუთარი ელექტრონული მუსიკა (მადლობა მაესტრო გიორგი კობერიძეს!)

დღეს ეს მუსიკა "ვაკის პარკში" ბაღის სკამებზე ჩემი ნახატების რეპრინტებზე QR კოდებისა და მანტრების ტექსტების სახითა ღია ცის ქვეშაა განთავსებული. დავიწყე საკუთარი საავტორო მეტალის არტის შექმნა (გამორჩეული მადლობა/მადლიერება ჩემს უახლოეს თანამოაზრეს, ხელოვანს, მხატვარ დიზაინერ ნინო მირიანაშვილს) და ჩემი პირველი "ბედნიერების გალაქტიკა" ნიუ-იორკში ქართული კულტურის ცენტრში ჩემს 58-ე დაბადების დღეზე 02 აგვისტოს გავხსენი! წლის ბოლოსათვის კი ის უკვე მსოფლიოს 5 კონტინენტზე 12 სხვადასხვა ლოკაციაზეა განთავსებული (ამერიკა, ევროპა, აფრიკა, აზია, ავსტრალია).

"ბედნიერების გალაქტიკა" ავტორი: Dr. AG (არსენ გვენეტაძე)

ამბობენ, 4 თვეში მთელ დედამიწაზე მისი სწრაფი გავრცელება გინესის წიგნში შესატანი მსოფლიო რეკორდიაო. "დიდი დოზით გავბედე", გავბედე და გავხდი ის, ვინც ვარ! სრულად გავიხსენი და "ავიფეთქე" სიყვარული, სიყვარული სიცოცხლისა! ბევრი მანტრა თუ ლექსი თავისი მუსიკით ვუძღვენი მას და სრულად გამოვამზეურე. "სიყვარულის გალაქტიკა" ევროპის ერთ-ერთი პრეზიდენტის მუზეუმშიც კი "გავტყორცნე" "ბედნიერების გალაქტიკასთან" ერთად (იმედი მაქვს, 2022 იანვარში, როცა ის პრეზიდენტის რეზიდენციაში აღიმართება, საჯაროდ გაგიზიარებთ, ჯერ კი უფლებამოსილი არ ვარ, ქვეყანა დავასახელო). აქვე უსაზღვრო, უკიდეგანო მადლობა ყველას, ვინც ჩემი სიყვარულის ემოცია გაიზიარა ჩემს რეალურ თუ სოციალურ სივრცეში და სიცოცხლის სიყვარულის ამფეთქებელი ინსპირაციის, თუნდაც ერთი ნაპერწკალი მაინც გაიღო ჩემთვის ბედნიერების გასაღვივებლად!