ავტორი:

11 წლით უმცროსი მეუღლე, მშობლების მიერ დაფარული სესხი და მეურნეობა კახეთში - როგორია პარლამენტის თავმჯდომარის აპოლიტიკური ცხოვრება?

11 წლით უმცროსი მეუღლე, მშობლების მიერ დაფარული სესხი და მეურნეობა კახეთში - როგორია პარლამენტის თავმჯდომარის აპოლიტიკური ცხოვრება?

დღეს შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ ოფიციალურად აირჩიეს. პარლამენტის დეპუტატმა ყოფილი თავმჯდომარე, კახა კუჭავა შეცვალა.

შალვა პაპუაშვილი წარმოშობით კახეთიდან არის, მას მშობლიური სოფელი სიღნაღის მუნიციპალიტეტ ტიბაანში აქვს. პროფესიით იურისტმა განათლება გერმანიასა და საქართველოში მიიღო. 1998 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი სასწავლებლად გერმანიაში წავიდა. 1998-2002 წლებში გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდიით სწავლობდა საარლანდის უნივერსიტეტში, სადაც 1999 წელს მიენიჭა სამართლის მაგისტრის ხარისხი, ხოლო 2002 წელს - სამართლის დოქტორის ხარისხი.

შალვა პაპუაშვილი 2003-2007 წლებში იყო გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) სამართლის ექსპერტი. 2007-2017 წლებში ხელმძღვანელობდა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის სხვადასხვა მიმართულებას, ხოლო 2017-2020 წლებში იყო სამართლის პროგრამის საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი.

2020 წლის 31 ოქტომბერს შალვა პაპუაშვილი, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით, აირჩიეს საქართველოს პარლამენტის მეათე მოწვევის წევრად. 2012 წლიდან კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

შალვა პაპუაშვილს ჰყავს მეუღლე გვანცა სუთიძე და ერთი ქალიშვილი ელენე პაპუაშვილი, რომელიც 2013 წელს დაიბადა. შალვა პაპუაშვილის მეუღლეს საზოგადოება ნაკლებად იცნობს.

გვანცა სუთიძე მეუღლეზე 11 წლით უმცროსია. მუშაობს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში წამყვან სპეციალისტად და ასევე ფლობს წილს ოჯახურ ბიზნესში.

შალვა პაპუაშვილის მიერ 2021 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ პარლამენტის ახალი თავმჯდომარე სიღნაღი მუნიციპალიტეტ სოფელ ვაქირში, ზურაბ პაპუაშვილთან ერთად 10 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთს ფლობს. პაპუაშვილმა სოფელ ტიბაანში, 2060 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი 2018 წელს 2500 ლარად შეიძინა. ის ბერდია ბერიძესთან ერთად ფლობს ასევე ტიბაანში 1720 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთის.

შალვა პაპუაშვილმა კრწანისის რაიონში 114 კვადრატული მეტრი ბინა 64 640 დოლარად შეიძინა. კრწანისში შეიძინა 2500 დოლარად ავტოფარეხი. პარლამენტის ახალი თავმჯდომარე ორ მსუბუქ ავტომანქანას ფლობს. Hyundai Tucson-ში 2008 წელს 20 000 დოლარი გადაიხადა. Nissan Xterra 12 000 ათას დოლარად 2012 წელს შეიძინა.

პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლემ გვანცა სუთიძემ თბილისში საცხოვრებელი სახლის ორი სართული 2008 წელს 30 ათას ლარად შეიძინა. საცხოვრებელი სახლი (ორი სართული), ამბროლაურის მუნიციპალიტეტ სოფელ კაჩაეთში მიწის ნაკვეთთან ერთად 2020 წელს ბებიისგან ჩუქებით გადაეცა.

გვანცა სუთიძე ბერდია ბერიძესთან ერთად „შპს გზირიანის მარანის“ 50%-ის მფლობელია. კომპანია ღვინოს აწარმოებს. შალვა პაპუაშვილს ბერდია ბერაძესთან ერთად კახეთში საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ვაზი აქვს გაშენებული და კომპანია ღვინოს თავად აწარმოებს.

გვანცა სუთიძე ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წამყვანი სპეციალისტია. როგორც დეკლარაციიდან ჩანს, ერთი წლის განმავლობაში 940,8 ლარი მიიღო ხელფასის სახით.

გასულ წელს, გვანცა სუთიძემ ბებიისგან საჩუქრის სახით მიწის ნაკვეთი სახლით მიიღო. შალვა პაპუაშვილმა კი მშობლებისგან 17 ათასი დოლარი, რომელიც სესხის დასაფარად გამოიყენა. პარლამენტის ახალი თავმჯდომარის ანგარიშზე რამდენიმე სესხი ფიქსირდება.