ავტორი:

“ჩემო უცნობო მფარველო ანგელოზო, პირველი სტიპენდია ავიღე და გიგზავნი 100 ევროს... წინასაახალწლოდ ამაზე კარგ ამბავს ვერ მოგიყვებით" - გიგა მაქარაშვილის ემოციური პოსტი

“ჩემო უცნობო მფარველო ანგელოზო, პირველი სტიპენდია ავიღე და გიგზავნი 100 ევროს... წინასაახალწლოდ ამაზე კარგ ამბავს ვერ მოგიყვებით" - გიგა მაქარაშვილის ემოციური პოსტი

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. როგორც მაქარაშვილი წერს, გასულ წელს, მან და მისმა მეგობრებმა სტუდენტ გოგონას სწავლის საფასური გადაუხადეს, რითაც ახალგაზრდას სტუდენტის სტატუსის შენარჩუნებაში დაეხმარნენ. გოგონამ, რომლის შესახებაც გიგა მაქარაშვილის თითქმის ერთი წლის განმავლობაში არაფერი სმენოდა, "უცნობ მფარველ ანგელოზს" მოულოდნელად წერილი გამოუგზავნა.

"შარშან თებერვალში, სტუდენტმა გოგონამ გვთხოვა დახმარება. ერთი სემესტრის თანხა შემაგროვებინეთო, ერთადერთი შანსი მჭირდებაო. ისეთი გულწრფელი ჩანდა, ისე ითხოვდა, ვერ გავატარეთ და დავბზრიალდით. საკვების ფულიდან ვერ გადავიხდიდით, არ იყო მცირე თანხა, ამიტომ რამდენიმე მეგობარმა, სულ 2 დღეში, მისი სწავლის ბოლო სემესტრი დააფინანსა. გაიხარა გოგონამაც და ჩვენც... შემდეგ ჩვენი სტუდენტი გაქრა, საერთოდ აღარ ჩანდა! სოციალური ქსელიც რომ გააუქმა, იქ უკვე ძალიან შემეშინდა. უნივერსიტეტშიც მოვიკითხე და მითხრეს, დაამთავრა და მეტი არაფერი ვიცითო… პერიოდულად მახსენდებოდა, როცა იგივე თხოვნით მოდიოდნენ სხვები. ჰო, და დღეს მივიღე გზავნილი, ჰოლანდიიდან:

“ჩემო უცნობო მფარველო ანგელოზო, პირველი სტიპენდია ავიღე და გიგზავნი 100 ევროს! ვალს არ გიბრუნებ, ვიცი სესხად არ მოგიცია… სტუდენტებს დაეხმარეთ, შანსი აჩუქეთ ყველას!

ნინო სოფრომაძე, ჰო, ეს სახელი და გვარი დაიმახსოვრეთ! წინასაახალწლოდ ამაზე კარგ ამბავს ალბათ ვერ მოგიყვებით" - წერს მაქარაშვილი "ფეისბუქში".