არსებული ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.
მათივე განმარტებით, პენიტენციური სამსახურის მანქანები რუსთავის ციხის ტერიტორიაზე გვიან ღამით შევიდნენ. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
როგორც ცნობილია, მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების ეზოში, სადაც მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები შეიყვანეს.
ციხის მიმდებარედ შეკრებილი არიან სამოქალაქო აქტივისტები, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები. ადგილზე იმყოფება მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი ნიკა გვარამიაც, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შესვლის ნებართვას ელოდება.