ავტორი:

"წყლის და შუქის გარეშე ვართ... სამაგიეროდ, აფხაზი მამაკაცები ყველა სახეობის იარაღით გააწითლებენ ცას" - როგორ ხვდებიან ახალ წელს ოკუპირებულ რეგიონებში?

"წყლის და შუქის გარეშე ვართ... სამაგიეროდ, აფხაზი მამაკაცები ყველა სახეობის იარაღით გააწითლებენ ცას" - როგორ ხვდებიან ახალ წელს ოკუპირებულ რეგიონებში?

"ახალი წელი - ძველი და უფრო მრავალფეროვანი პრობლემები" - ასე აფასებს ოკუპირებულ აფხაზეთის მოსახლეობა დამდეგს. ყველაზე ძნელად იმის შეგუება უჭირთ, რომ ახალი წლის დღესასწაულებს ელექტროენერგიის გარეშე, ან არასტაბილური გრაფიკით შეხვდებიან...

მძიმე სოციალურ პირობებს ემატება კოვიდ-პანდემია. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, კოვიდს რეგიონში 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა ამის მიუხედავად, ადგილობრივები რეგულაციებს არ იცავენ.

აფხაზი საზოგადოების მოსაზრებით, მათ თავიანთი ხელმძღვანელობა ყოველ ნაბიჯზე ატყუებს და რაც მთავარია, სუვერენიტეტის გაყოფას აჩვევს.

"ეს ბოლო წლებში, ყველაზე დიდი ტრაგიზმია, მაგრამ სოციალურ პრობლემებში ჩაძირულებს, სხვა რამეზე ფიქრისთვის არ სცალიათ" - ამბობენ ადგილობრივები.

რამდენიმე დღის წინ, Апсадгьыл-инфо -მ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუს ოლიგარქს ბიჭვინთაში, 45 ჰა მიწის ნაკვეთი აქვს ნაყიდი, სადაც სასტუმროსა და მოსასვენებელი აპარტამენტის Москва Резорт-ის მშენებლობას გეგმავს. ე.წ. ხელმძღვანელობის წარმომადგენლის ბესლან კუპრავას განცხადებით, მსგავსი პროექტის განხორციელება არ იგეგმება, რადგან "ადგილობრივი კანონმდებლობით, მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის მიყიდვა არ შეიძლება".

მისივე თქმით, საბჭოთა კავშირის დროს, აღნიშნული მიწის ნაკვეთი, სახელმწიფო დაგეგმარების კომიტეტის დაუმთავრებელი პანსიონის კომპლექსის საკუთრებას წარმოადგენდა. 2006 წელს, პარლამენტმა სპეციალური კანონი მიიღო, რომლის ფარგლებშიც, დაუმთავრებელი პანსიონატი მოსკოვის მერიის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციას გადაეცა საკუთრებაში. მაშინ მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი იყო, რომელსაც აფხაზეთის გამორჩეულ ადგილებზე ეჭირა თვალი. ადგილობრივების ნაწილი ამას ლუჟკოვის აფხაზეთის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით ხსნიდა, ზოგი კი, მის ბიზნეს ინტერესებს უკავშირებდა.

"ამჟამად პანსიონის შენობა ჩამონგრეულია... პროცესები ისე განვითარდა, რომ იქ მრავალსართულიანი შენობა ვერ აშენდა და ვერც ეკონომიკური პროექტი აშენდა. ახლა იქაურობა ნანგრევებით არის სავსე" - ამბობს კუბრავა.

"მორიგი იმედგაცრუებისა და ადგილზე ტკეპნის წელი... სამაგიეროდ, აფხაზი მამაკაცები ყველა სახეობის და მოდელის იარაღს გამოიტანენ და აფხაზეთის ცას კიდევ ერთხელ გადააწითლებენ" - წერს ელია ჩანგელია.

"ვიღაცები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ისევ და ისევ მდიდრდებიან მაინინგის ბიზნესით, ჩვენ ვის ვადარდებთ, უშუქოდ და უწყლოდ ვართ, ასე იქნება ახალი წლის ღამესაც, 2022 წელსაც არ ველოდებით რაიმე ცვლილებებს" - მიაჩნია კიდევ ერთ ადგილობრივს ნელი ბგანბას.

"წლის ბოლოს ერთი აჯანყებაც დაიგეგმა, ექსპრომტად, მაგრამ უშედეგოდ... პოლიტიკური ცვლილებები კიდევაც რომ მოჰყოლოდა, ჩვენთვის მაინც არაფერი შეიცვლებოდა" - წერს დავით ქორთუა.

"ქალაქში გამოსვლა აღარ მინდა, ყველგან დაჩეხილი ფიჭვის ხეები ყრია, ხალხს ნაძვებად ასაღებენ... რომ გავაპროტესტეთ, ლამის ჩამქოლეს - ხალხს, საახალწლოდ ძლივს ორი კაპიკის შოვნის შესაძლებლობა აქვს, ნუ გამოხვედით ბუნების დამცველებიო. ვის უხარია ახალი წელი? რახანია ამ ქვეყანაში ცხოვრება აღარ მინდა" - წერს ანა ტურნანბა.

"ჩავარდნილი რეფორმების წელი" - ამ სიტყვებით ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის ნაწილმა ბიბილოვის გუნდის მუშაობა შეაფასა.

მათივე თქმით, გუნდის მთავარი საქმე ნაძვის ხის ანთება იყო ცხინვალსა და ახალგორში. ახალგორელების მოსაზრებით, ბიბილოვმა ის შეძლო, რომ მოსახლეობა კოვიდ-პანდემიის დროს ჩაკეტა და ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის უფლებას არ აძლევს, რასაც უკვე შეეწირა რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე.

"სურსათი გაძვირდა, მედიკამენტები კიდევ უფრო, კოვიდი მძვინვარებს, მაგრამ რეგულაციები მხოლოდ უბრალოდ ხალხს ეხება, ჩვენ რატომ უნდა გვიხაროდეს ახალი წელი, იმიტომ, რომ ნაძვის ხე მორთეს?. არც ერთი რეფორმა არ განხორციელებულა. რუსეთიდან დახმარება იზრდებაო, გვიმტკიცებენ, ჩვენ არაფერი გვეტყობა და იმათ - კი" - წერს სოციალურ ქსელში ანა დიაკონოვი.