ავტორი:

"ქალბატონ ვიოლას ამ საახალწლოდ ნუ ვაშფოთებთ... ვურჩევდი მას, ნუ შეშფოთდება" - ირაკლი ზარქუა ევროპარლამენტარის კრიტიკაზე

"ქალბატონ ვიოლას ამ საახალწლოდ ნუ ვაშფოთებთ... ვურჩევდი მას, ნუ შეშფოთდება" - ირაკლი ზარქუა ევროპარლამენტარის კრიტიკაზე

ქალბატონ ვიოლას ამ საახალწლოდ ნუ ვაშფოთებთ, არ არის ეს აუცილებელი, სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ. ქალბატონ ვიოლას ვურჩევდი, ნუ შეშფოთდება, - ასე შეაფასა უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადება, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო, შეშფოთებულია.

როგორც ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ეს არის ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება და "ამ სისტემას ითხოვდა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია".

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2018 წელს შექნილი სამსახურია. არგუმენტები, რაც ახლა არის წარმოდგენილი, რომ ორ სამსახურად უნდა დაიყოს, აღმოჩნდა, რომ ყველაზე ეფექტური და ყველაზე ოპტიმალური სუსტემაა, რასაც ახლა უმრავლესობა გვთავაზობს. მე რომ მოვიკითხე ამ თემასთან დაკავშირებით არასამთავრობოების პოზიცია, აღმოჩნდა, რომ ისინი 2018 წელს ზუსტად ამას ითხოვდნენ, რომ ორ სამსახურად ჩამოყალიბებულიყო იმიტომ, რომ ინტერესთა კონფლიქტი იყო ერთი მხრივ, მონაცემთა დაცვის და მეორე, საგამოძიებო ნაწილში.

ასე, რომ დღეს სახეზე გვაქვს ორმაგი სტანდარტი ამ ე.წ. არასამთავრობოების მხრიდან, თუმცა, ჩვენ ვიცით ეს რას ემსახურება. დღეს რომ გამოჰყავთ ქალბატონი ლონდა მთავარ მიღწევად, დამსახურებად და სიმდიდრედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არცერთს მხარი არ დაუჭერია, ხმა არ მიუცია, მაშინ როცა ირჩევდნენ, ამბობდნენ, რომ ის არის შს სამინისტროს კადრი და შეუძლებელია მან ადამიანის უფლებები დაიცვას. ეს არის ორმაგი სტანდარტი. მგონია, რომ დღეს სამსახურის ორად გაყოფა ემსახურება უფრო მეტად იმას, რომ მოქნილი სამსახური შეიქმნას.

სხვათაშორის, ქალბატონმა ლონდამ გაავრცელა ჭორი, სიცრუე იყო ის, რომ თითქოს თანამშრომლებს სახლში უშვებენ, 120-ვე თანამშრომელი სამსახურს შეინარჩუნებს, გადანაწილდებიან იმ ორ სამსახურში და უფრო უკეთესად მოემსახურებიან ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას", - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება: “ძალიან შემაშფოთებელია ის, რაც საქართველოში შობის დროს ხდება. საქართველოს მთავრობა ცდილობს გააუქმოს ერთ-ერთი ყველაზე პროფესიული, გამართულად მოქმედი სახელმწიფო ინსტიტუტი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. ეს არ ჰგავს 2022 წლის პერსპექტიულ დასაწყისს”, - წერს ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე.