ავტორი:

"შთამბეჭდავი ცინიზმია, რაც მოხდა" - უკრაინის ომბუდსმენი სააკაშვილის რუსთავში გადაყვანაზე

"შთამბეჭდავი ცინიზმია, რაც მოხდა" - უკრაინის ომბუდსმენი სააკაშვილის რუსთავში გადაყვანაზე

უკრაინის ომბუდსმენი ლუდმილა დენისოვა მიხეილ სააკაშვილის გორის პოსპიტალიდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის ფაქტს ეხმაურება.

„აღშფოთებულები ვართ უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხის დაწესებულებაში გადაყვანის ფაქტით. შთამბეჭდავი ცინიზმია, რაც მოხდა. ცუდად მყოფი მიხეილი ნების საწინააღმდეგოდ ადვოკატების გაფრთხილების გარეშე ღამით გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და შეშფოთებას იწვევს: სამი ჰიპერტონული კრიზისის შემდეგ თავს უკიდურესად მძიმედ გრძნობს, რამდენიმე დღით ადრე საწოლიდან ვერ ადგა. მას არ დაუნიშნეს ახალი ექიმი, ხოლო მკურნალობის სტრატეგიის შესახებ გადაწყვეტილება დამტკიცებული იყო სხვადასხვა პროფილის ექიმების მიერ“, - წერს დენისოვა.

მისი თქმით, სააკაშვილის ასეთ მძიმე მდომარეობაში საპატიმროში გადაყვანა საერთაშორისო სტანდარტების სერიოზული დარღვევაა.

„მიხეილ სააკაშვილის ასეთ მდგომარეობაში გადაყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არის პატიმართა ქცევის მინიმალური სტანდარტული წესების 22-ე მუხლის დარღვევა, რომელიც მოითხოვს, ავალდებულებს ავადმყოფი პატიმრების გადაყვანას სპეციალურ დაწესებულებებში ან სამოქალაქო საავადმყოფოებში. სამედიცინო დახმარების არ გაწევა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად უფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლით გარანტირებულ ნორმებს. საქართველოს ხელისუფლების მსგავსი ქმედებები შეფასებულია, როგორც წამება და უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილისთვის სიცოცხლის უფლების შელახვა, რაც წარმოადგენს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულების მე-6, მე-7, მე-9, მე-14, მე-18 მუხლების დარღვევას, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს მიერ 2002 წელს.

მივმართავ საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას, მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის შემოწმების მიზნით.

ვთხოვ საქართველოში უკრაინის ელჩს უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილისთვის საკონსულო დახმარების გაწევა. მოვუწოდებ უცხო სახელმწიფოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაგმონ საქართველოს რესპუბლიკის თანამდებობის პირების ქმედებები, რომლებიც არღვევენ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის უფლებებს და მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან მისი უფლებების აღდგენას“, - წერს დენისოვა „ფეისბუქში“.