ავტორი:

Ambebi.ge-ის მკითხველმა წლის ადამიანად ლაშა ტალახაძე დაასახელა - ნახეთ, ვინ რომელ ადგილს იკავებს ჩვენს გამოკითხვაში

Ambebi.ge-ის მკითხველმა წლის ადამიანად ლაშა ტალახაძე დაასახელა - ნახეთ, ვინ რომელ ადგილს იკავებს ჩვენს გამოკითხვაში

მსოფლიოსთან ერთად, საქართველომ ურთულესი წელი მოიტოვა უკან. ქვეყანაში პანდემიის გამო დღის წესრიგი შეცვლილია. წელსაც "უხილავ მტერთან" ბრძოლის წინა ხაზზე დგანან მედიკოსები და მეცნიერები, რომლებიც ყოველდღიურად ცდილობენ ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენას.

გარდა ამისა, საქართველოში დატვირთული წელი იყო პოლიტიკურადაც, შეიცვალა მთავრობა. წლის დასაწყისში თანამდებობა დატოვა პრემიერმა გიორგი გახარიამ და მის ადგილზე ირაკლი ღარიბაშვილი მოვიდა. ქვეყანაში ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნებიც, რომელსაც საკმაოდ დაძაბული წინასაარჩევნო გარემო და აქციები ახლდა. საქართველოში დაბრუნდა მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია.

2021 წლის მთავარი ნათელი წერტილი მაინც ტოკიოს ოლიმპიადა იყო, რომელზეც ქართველმა სპორტსმენებმა არაერთი მედალი მოიპოვეს. გვყავდა ოლიმპიური ჩემპიონებიც - ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური.

Ambebi.ge -მ, ტრადიციულად, გადაწყვიტა, მკითხველთან ერთად გამოევლინა წლის ადამიანი. გამოკითხვა მიმდინარეობდა როგორც Ambebi.ge-ზე, ასევე kvirispalitra.ge - ზე, სულ მასში მონაწილეობა 25 253-მა ადამიანმა მიიღო.

ჩვენ საზოგადოებას 11 კანდიდატურა შევთავაზეთ, რომელთაგანაც ყველაზე მეტი ხმა სწორედ მრავალგზის ჩემპიონმა და მსოფლიოში ყველაზე ძლიერმა ადამიანმა ლაშა ტალახაძემ მოიპოვა. გამოკითხულთა 31% მიიჩნევს, რომ ეს სტატუსი სწორედ ლაშა ტალახაძეს ეკუთვნის. წელს მრავლაგზის მსოფლიო რეკორდსმენმა ძალოსნობაში ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) ოლიმპიური ჩემპიონობა მეორედ მოიპოვა და ამით ის დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში უნიკალური შედეგის ავტორია! წლის მიწურულს კი ლაშა მეხუთედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი, მან, როგორც ატაცში, ისე აკვრასა და ორჭიდში, მანამდე არსებული ყველა რეკორდი დაამხო.

მეორე ადგილზე 17%-ით ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის. მან საქართველოში დაბრუნებით ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგი სრულად შეცვალა.

მესამე ადგილზე კი დიდი ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი გავიდა, რომელიც ნოემბერში სლოვენიაში ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონი მეშვიდედ გახდა. ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი მსოფლიოს ყურადღების ქვეშ უფრო მეტად ამერიკულ სამაუწყებლო და საპროდუქციო კომპანია Netflix-თან დაწყებულო სასამართლო დავით მოექცა. საქმე შეეხება 2020 წელს გადაღებულ Netflix-ის მინისერიალ "ლაზიერის გამბიტს", რომელშიც ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილიც არის ნახსენები, ოღონდ... მოხსენიებულია როგორც მოთამაშე, რომელიც "არის რუსეთიდან" და რომელსაც "არასდროს უთამაშია მამაკაცი მოჭადრაკეების წინააღმდეგ".

ნახეთ გამოკითხვის საბოლოო შედეგები: