გთავაზობთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საახალწლო მილოცვებს.
ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვა:
"მომავალი წელი ჩვენი ხალხისა და ქვეყნისათვის ყოფილიყოს წინსვლის, წარმატების, ერთიანობის, კეთილდღეობისა და კიდევ უფრო მეტი განვითარების მომტანი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საახალწლო მილოცვაში აღნიშნავს.
მთავრობის მეთაურმა 2021 წელს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება.
"ახალ წელს სურვილების ასრულების იმედით ვხვდებით და პირველ რიგში, ვისურვებდი, რომ ამ ახალ წელს საერთო მშვიდობა და პანდემიის დასასრული მოეტანოს დედამიწაზე, რათა ადამიანები მთელს მსოფლიოში დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას და ჩვენც ყველამ შევძლოთ ვიყუროთ წინ, ვიფიქროთ მომავალზე, განვითარებაზე, აღმშენებლობაზე, განახლებაზე, ახალი ამბიციური პროექტების განხორციელებაზე.
2021 წელი გამოწვევებით დატვირთული წელი იყო - იყო პოლიტიკური ვნებათაღელვაც, იყო პანდემიით გამოწვეული დაბრკოლებები სხვადასხვა მიმართულებით და მეტიც, იყო ადამიანების დაკარგვით გამოწვეული ბევრი ტრაგედია. სამწუხაროდ, ჩვენი ბევრი თანამოქალაქე დავკარგეთ ვირუსთან ბრძოლაში და მინდა კიდევ ერთხელ გამოვთქვა ჩემი წუხილი თითოეული დაკარგული სიცოცხლის გამო.
მაგრამ გასული წელი წარმატებებითაც აღინიშნა სხვადასხვა კუთხით - ჩვენს ქვეყანას წინსვლა არ შეუჩერებია არც ერთი წუთით და სერიოზული მიღწევები გვქონდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და მეტი წარმატებისთვის, ჩვენ გვჭირდება მმართველობის ახლებური მიდგომა, რაც პროგრესსა და სწრაფ განვითარებას გულისხმობს ყველა მიმართულებით. ამ ახლებურ შემართებას გაბედული და დროული გადაწყვეტილებები სჭირდება და ჩვენც ახალ წელს სწორედ ამ მიდგომით დავიწყებთ.
მომავალი წელი კიდევ უფრო ძლიერ ბიძგს მისცემს ჩვენს საქმიანობას. პირველ რიგში, ეს იქნება ეკონომიკის მიმართულება. გასული წელი წარმატებული იყო, მოსალოდნელზე უფრო სწრაფი ტემპით დაიწყო აღდგენა ეკონომიკამ და ზრდის მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო გამორჩეული ლიდერია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით, ჩვენ მეტი გვჭირდება, კიდევ უფრო სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა უნდა მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. მომავალ წელს ჩვენ შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს, უნდა შევამციროთ სიღარიბე, განვითარება და პროგრესი გვექნება ყველა მიმართულებით, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ხვალინდელი დღე გახდეს უკეთესი.
ეკონომიკურად ძლიერი და გამთლიანებული საქართველო, ძლიერი ქართული სახელმწიფო - ეს უნდა გახდეს ჩვენი მთავარი მიზანი. ეს შესაძლებელია და ჩვენ ეს შეგვიძლია! ჩვენი ერთობით, თანმიმდევრული და თავდაუზოგავი შრომით, საქართველო აუცილებლად გახდება ასეთი სახელმწიფო.
ახალ წელს ახალი იმედები მოაქვს ყოველთვის და სწორედ ამ იმედით მინდა მივულოცო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს 2022 წლის დადგომა. მთელი გულით ვისურვებდი, რომ ეს წელი გარდამტეხი ყოფილიყოს ჩვენი ურთიერთობების დაახლოების კუთხით და მალე განვითარებულ და გამთლიანებულ საქართველოში გვეცხოვროს ერთად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული პატივისცემით მიულოცა ახალი წელი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს.
"მინდა განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით მივულოცო ახალი წელი ჩვენი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, ყველა ექიმს, ექთანსა თუ დამხმარეს, ხალხს, ვინც, პირდაპირი მნიშვნელობით, დღეს და ღამეს ასწორებს და მუხლჩაუხრელად, უშიშრად, გმირულად ემსახურება ჩვენს ხალხს, მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას ამ რთულ პერიოდში.
ახალი წელი მინდა მივულოცო ყველას, ვინც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც ჩვენთან ერთად აღნიშნავს ამ დღესასწაულს. მინდა აქედან მივესალმო ჩვენს ძვირფას ემიგრანტებს და ვისურვო, რომ მალე დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს, საკუთარ სამშობლოს.
განსაკუთრებულად ვულოცავ ახალ წელს ჩვენს საამაყო პოლიციელებს, ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, ჩვენს ოფიცრებს, მათ, ვინც თავდადების მაგალითს აძლევს მომავალ თაობებს.
ახალ წელს ვულოცავ ყველა საჯარო მოხელეს, ყველა მშრომელ ადამიანს, ვისი ყოველდღიური კეთილსინდისიერი საქმითა და შრომით არის შესაძლებელი ჩვენი სახელმწიფოს წარმატება და გაძლიერება.
ვულოცავ ჩვენს ახალგაზრდობას, არაჩვეულებრივ, პროგრესულ, ნიჭიერ თაობას და ბევრ წარმატებას ვუსურვებ ცხოვრების გზაზე. ვულოცავ ჩვენს პროფესორ - მასწავლებლებს, ჩვენი ახალგაზრდობის აღმზრდელებს და ვპირდები, მომავალშიც გავაგრძელებთ მათი შრომის უფრო მეტად დაფასებას და მე ვისურვებდი, ბევრი სიხარული და ბედნიერება მოეტანოს მათთვის ამ ახალ წელს.
დიდი მოწიწებით ვულოცავ ჩვენს უფროს თაობას, ჩვენს პენსიონერებს, ვეტერანებს, მხნეობას და ჯანმრთელობას ვუსურვებ მათ. ჩვენი ვალია ვიზრუნოთ მათზე და ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ ამისთვის.
ახალი წელი და მომავლის იმედი გვაძლევს რწმენას და ძალას, რათა უფრო მეტი შემართებით, თავდადებით, გულწრფელობითა და სიყვარულით ვემსახუროთ ჩვენს ძვირფას სამშობლოს!
კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“ , - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
სალომე ზურაბიშვილის მილოცვა:
"გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს და ვისურვებდი ამ ქვეყნისთვის, რომ ჩვენ ამ წელსვე შევძლოთ ამ დიდი სურვილის ასრულება, შევძლოთ ერთმანეთის მოსმენა, შევძლოთ ერთმანეთისთვის აზრების გაზიარება", - ამ სიტყვებით საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას ახალი – 2022 წელი მიულოცა.
პრეზიდენტმა მისალოც სიტყვაში ყურადღება გაამახვილა ეროვნული შერიგების იდეაზე და იმედი გამოთქვა, რომ 2022 წელს ეს პროცესი განხორციელდება.
"რა გითხრათ, რით გაგახაროთ? რა მოვულოცოთ ჩვენს თავს?“ - კითხულობდა 124 წლის წინ ილია და დღესაც მინდება იგივე კითხვის დასმა. ილიასი არ იყოს ქვეყანა დგას უზარმაზარი თხრილის წინ და საკმაოა, ხელი გვკრან და გადავიჩეხებით, ოღონდ ილიას წუხილი უცოდინარობა, შრომის ნაკლებობა, მიზნის დაკარგვა იყო, ჩვენ კი დღეს უარესი გვჭირს, ერთმანეთი დავკარგეთ, ერთმანეთს ვეჯიკავებით ამ თხრილისკენ, მტერიც აღარ გვჭირდება, რომ გვკრას ხელი, მის საქმეს ჩვენვე ვაკეთებთ და ერთმანეთს ვკრავთ ხელს.
უკიდეგანო შური და ბოღმა, სიძულვილი და დაპირისპირება, მოკლევადიანი გეგმები და კიდევ უფრო მოკლე მჭვრეტელი ხედვა და სამაგიეროდ გრძელვადიანი და უსაფუძვლო ამბიციები - მთელი ძალისხმევა ჩემი ამ დღეებში და რასაც გავაგრძელებ მომავალ წელს და სანამ ამ თანამდებობაზე ვიქნები, რამეთუ ამ თანამდებობაზე მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის ვარ, მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე ერთმანეთთან მისასვლელი გზა, თუ გზები მოვნახოთ, მოვახერხოთ ის, რომ მოსმენით და საუბრით და არა შუღლით მოვახერხოთ ამ ქვეყნის გადარჩენა.
ჩემი ამოცანაც ესაა. ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის მოვნახოთ ეროვნული თანხმობის გზა. არა ისე, როგორც ზოგი ავრცელებს, რომ ეს ვითომ კეთდება ერთი რომელიმე ადამიანის გათავისუფლებისთვის, არა. არა, იმისთვის, რომ ვიღაცისთვის და ვიღაცასთან შერიგება მე მოვახერხო, არა. ეს იმისთვის კეთება, რომ ჩვენ შევძლოთ ელემენტარული მოსმენა და ერთმანეთთან შევთანხმდეთ იმ რაღაცებზე, რაც ამ ქვეყანას ააშენებს, რაც ამ ქვეყანას არა თუ გადაარჩენს, მაგრამ მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენ არასოდეს, მომავალ წელს და შემდეგ წლებს აღარ ვთქვათ, „რით გაგახაროთ?“. გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს და ვისურვებდი ამ ქვეყნისთვის, რომ ჩვენ ამ წელსვე შევძლოთ ამ დიდი სურვილის ასრულება, შევძლოთ ერთმანეთის მოსმენა, შევძლოთ ერთმანეთისთვის აზრების გაზიარება და მე ვარ იმედიანად იმიტომ, რომ ამ დღეებში ერთი ნაბიჯით მაინც დავამტკიცეთ, რომ ყველას შეუძლია ამ სასახლეში მოსვლა, ამ სასახლეში დაჯდომა და შეგვიძლია ერთმანეთთან საუბარი. გილოცავთ დღევანდელ დღეს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პატრიარქის მილოცვა:
"არ უნდა შევუშინდეთ სიძნელეებს. სიძნელე მოდის და მიდის, ასევე სიხარული მოდის და მიდის. ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები. სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავვარდეთ", - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საახალწლო მილოცვისას განაცხადა.
პატრიარქმა ქართველ ერს ახალ წელი მიულოცა და განსაკუთრებით დალოცა საავადმყოფოში, ციხეებსა და გაჭირვებაში მყოფი ადამიანები.
„ძმანო და დანო, გილოცავთ ახალ წელს. ყოველ ახალ წელიწადს მე გპირდებით თქვენ სიახლეს, მაგრამ პრობლემები მაინც რჩება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ წინ განჭვრეტა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რეალურად არსებობს სიძნელეები და ჩვენ უნდა გვქონდეს უნარი, რომ დავძლიოთ ეს წინააღმდეგობები, არ უნდა შევუშინდეთ სიძნელეებს. სიძნელე მოდის და მიდის, ასევე სიხარული მოდის და მიდის. ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები. სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავვარდეთ. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს და არა მარტო მატერიალურად, არამედ სიტყვიერადაც.
განსაკუთრებით ვლოცავ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან საავადმყოფოში, ციხეებში, გაჭირვებაში. ჩვენი ახალგაზრდობა, ბავშვები უნდა დავლოცოთ. დედისა და მამის მიერ დალოცვილი ბავშვები ბედნიერი იქნებიან. განსაკუთრებით ვლოცავ ჩემ ნათლულებს, ჩემი ნათლულები უნდა გამოირჩეოდნენ რწმენით, სარწმუნოებით, ლოცვით. მომავალი საიმედო უნდა იყოს ჩვენთვის. უნდა გახსოვდეთ, რომ მომავალი ჩვენია, გისურვებთ ჯანმრთელობას", - განაცხადა პატრიარქმა