ავტორი:

37 წლის ბიზნესმენი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს - "ბიჭი დღესასწაული წავიდა..."

37 წლის ბიზნესმენი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს - "ბიჭი დღესასწაული წავიდა..."

37 წლის ბიზნესმენი ირაკლი ჭკადუა ოჯახმა თბილისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა. ირაკლის შოუბიზნესის სფეროში კარგად იცნობდნენ. მასზე და მის მიერ ჩადენილ ქველმოქმედებაზე სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი წერს.

ირაკლი ჭკადუა თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციის თანამშრომელი იყო. მოგვიანებით კი კერძო ბიზნესში სცადა ბედი და კომპანია AWARD-ი დააფუძნა.

ირაკლის მეგობრები წერენ, რომ ბიზნესმენმა კოვიდი ერთი თვის წინ გადაიტანა, თუმცა კარგად იყო და ვირუსს სერიოზული გართულება არ მოჰყოლია.

ირაკლის მეგობარი ელენე განაია იხსენებს:

"სვანეთში გასვენებაში ვიყავით ერთად, სადაც კოვიდი დაფიქსირდა... მეორე დღეს ბათუმში მოგვიწია წასვლა, მე ახალგაზრდულ კონფერენციას ვესწრებოდი. მეორე დღესვე გამაქანა კლინიკაში პსრ ტესტი ამიღო და პასუხის მოლოდინში მე გულგახეთქილს, ვაითუ, რამე მჭირდეს-მეთქი, წამიყვანა ერთ-ერთ ბრენდულ მაღაზიაში და ჩემთვის უსაყვარლესი კედები მიყიდა, რომელსაც მის სახელზე სულ მოვუფრთხილდები დღეიდან. ერთი თეთრიც კი არ დაინანა, მე გავგიჟდი ვეჩხუბე ამხელა თანხას რაში იხდი - თქო, უნდოდა, ჩემი გახარება.

მერე იყო კოტეჯების მშენებლობა დავიწყე და ასჯერ მითხრა რამეში თუ დაგჭირდები, შენს გვერდით მიგულეო... მშენებლობის დროს მართლა გამიჭირდა და როგორც ყოველთვის არ დააყოვნა ჩემი მხარდაჭერა. გუშინაც კი ვუყვებოდი ჩემს სტუმრებს შენზე და შენნაირ მეგობრებზე ირაკლი, მაგრამ რას ვიფიქრებდი, წარსულში თუ დავიწყებდი შენზე საუბარს, მეგობარო.

ტვინს ვუჭამდი, ცოლი მოიყვანე დროზე, გაუხარე მშობლებს გული - მეთქი, აღარ მოვთვლი კიდევ რამდენ სიკეთეს უკეთებდი ადამიანებს... შენ ჩემი ცხოვრების ისტორია ხარ, რომელიც არასდროს წაიშლება ჩემს გულში. როგორ ჩამწყვიტე ყველაფერი...

ეს რა ჯანდაბააა... ვიცი, რომ ოდესმე მაინც შეგხვდები... მიყვარხარ, მეგობარო".

ირაკლი ჭკადუას მეგობარი სოფო მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს:

"ცხოვრობ, ოჯახი გყავს, შვილი გყავს, მეგობრები გყავს, ძალიან ახლო მეგობრები გყავს და გყავს ირაკლი ჭკადუა - ის ცალკეა, არცერთ მიმართულებაში არ ჯდება: ქარიშხალია, ბობოქარია, გადარეულია, დღესასწაულია!

ირაკლი ჭკადუა - ეს იმას ნიშნავს, რომ ცხოვრების არ გეშინია! აი, ასეთი ცხოვრება გვასწავლა მეგობრებს, ახლობლებს, ნაცნობებს და... ბიჭი დღესასწაული წავიდა... წავიდა და ისეთი ტკივილია, კედელი გინდა".