ავტორი:

"ახლა ვართ კორონავირუსის მე-5 ტალღის ჩამთავრების სტადიაში, ეს პანდემიის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ტალღის დასასრულია" - ივანე ჩხაიძე

"ახლა ვართ კორონავირუსის მე-5 ტალღის ჩამთავრების სტადიაში, ეს პანდემიის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ტალღის დასასრულია" - ივანე ჩხაიძე

"კორონავირუსის მე-5 ტალღამ თავისი პიკი გადაიარა და ახლა ვართ მე-5 ტალღის ჩამთავრების სტადიაში. ეს არის პანდემიის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ტალღის დასასრული" - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

ჩხაიძის თქმით, ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება.

"შაბათ-კვირის მონაცემებით, სექტემბრის ბოლოდან პირველად, ერთი კვირის საშუალო მაჩვენებელი იყო 2 000-ის ქვემოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე შაბათ-კვირას ორი თანმიმდევრული დღე დაფიქსირდა 1000-ზე ნაკლები ინფიცირებით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი დაბალი მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში 2 თვეზე მეტ ხანს არ ყოფილა“, - განაცხადა ჩხაიძემ.

მე-5 ტალღის დასრულების პარალელურად, მან ასევე ისაუბრა საქართველოში "ომიკრონის“ შტამის გააქტიურებაზე. ჩხაიძემ აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყანაში "ომიკრონით“ ინფიცირებულთა მაქსიმალური რაოდენობა იანვრის შუა რიცხვებში არის მოსალოდნელი.

"თუ დღეს ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი წინა სამშაბათის რიცხვს გადააჭარბებს, უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ ეს არის "ომიკრონის“ ზემოქმედება და ქვეყანაში შემთხვევების მატება განპირობებული იქნება არა "დელტა“ ვარიანტით, არამედ "ომიკრონით“. ამ მხრივ ეს კვირა არის გადამწყვეტი. საქართველოში "ომიკრონის“ შემთხვევა პირველად 20 დეკემბერს დაფიქსირდა და პირველი ინფიცირებიდან 2-4 კვირის განმავლობაში არის პერიოდი, როდესაც ინფიცირების რიცხვი აღწევს პიკს და აქედან გამომდინარე, ვამბობთ, რომ საქართველოში იანვრის შუა რიცხვებში უნდა იყოს "ომიკრონის“ შემთხვევების მაქსიმუმი. ასევე, სავარაუდოდ, ეს შემთხვევები შეიძლება იყოს რაოდენობრივად გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე გვქონდა პანდემიის მიმდინარეობისას ყოველდღიური ინფიცირების ყველაზე მაღალი ციფრი - 6 200 ინფიცირებული, რომელიც 17 აგვისტოს დაფიქსირდა. ეს კვირა არის ორმხრივ მნიშვნელოვანი - ჩვენ შეიძლება დავაფიქსიროთ, რომ პანდემიის მე-5 ტალღა აგრძელებს ჩამთავრების სტადიას და მრუდი ისევ ქვემოთ წავა ან ამ კვირაში დაფიქსირდება შემთხვევების მატება, რაც გამოწვეული იქნება "ომიკრონით“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

მისივე თქმით, ახალი შტამის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალება არის ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზა.

"ომიკრონის“ შტამის წინააღმდეგ არსებობს ერთადერთი შესაძლებლობა და ეს არის ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზა. ეს არის შესაძლებლობა საქართველოში აცრილი 1 მილიონ ასი ათასი ადამიანისთვის წარმატებით და ეფექტურად თავი დაიცვას ინფიცირებისგან და რაც ყველაზე მთავარია, თავი დაიცვას ვირუსის მძიმე მიმდინარეობისგან, საავადმყოფოში მოხვედრისგან და გარდაცვალების შემთხვევებისგან. დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ბუსტერ დოზას განიხილავს ერთადერთ რეალურ შესაძლებლობად თავის დასაცავად "ომიკრონის“ წინააღმდეგ“, - განაცხადა ჩხაიძემ.