ავტორი:

ტრამპი,  მოკლული ირანელი გენერალი და ირანის პრეზიდენტის მუქარა - "ეჭვი არ შეგეპაროთ,  რომ შურს ვიძიებთ"

ტრამპი,  მოკლული ირანელი გენერალი და ირანის პრეზიდენტის მუქარა - "ეჭვი არ შეგეპაროთ,  რომ შურს ვიძიებთ"

ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგეს ორი წლის წინ გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობაში მისი როლის გამო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ირანს შურისძიება მოუწევს.

  • "როგორც მთავარი კრიმინალი და მკვლელი, რომელმაც ერაყში სოლეიმანის კოლონაზე თავდასხმის ბრძანება გასცა, უნდა წარდგეს "ღვთის განჩინების“ წინაშე", - აღნიშნა მან.

რაისიმ განაცხადა, რომ უნდა შეიქმნას სამართლიანი სასამართლო, სადაც დონალდ ტრამპი, ყოფილი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და სხვა ამერიკელი ოფიციალური პირები გასამართლდებიან და დაისჯებიან.

"თუ არა, ეჭვი არ შეგეპაროთ და ამას ვეუბნები ყველა ამერიკელ სახელმწიფო მოღვაწეს, რომ შურისძიება დადგება", - განაცხადა მან.

ცნობისთვის, ჯერ კიდევ 2020 წელს, ირანმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და კიდევ ათეულობით პირის დაპატიმრების ორდერი გასცა და მათ დაპატიმრებაში დახმარებისთვის ინტერპოლს მიმართა.

მაშინ "ალ ჯაზირა" თეირანის პროკურორ ალი ალყასიმერის სიტყვებს ციტირებდა. ალყასიმერის თქმით, ტრამპს და მასთან ერთად 30-ზე მეტ პირს, რომლებსაც ირანი 3 იანვარს გენერალ ყასემ სულეიმანზე განხორციელებულ თავდასხმაში ადანაშაულებს, "მკვლელობისა და ტერორიზმის ბრალდებებით გასამართლება ემუქრებათ“.

ინფორმაციისთვის, 2020 წლის 3 იანვარს ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად, აშშ-ის სამხედროების მიერ განხორციელებულ ოპერაციას ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის სპეცდანიშნულების რაზმ "ალ-ქუდსის“ ლიდერი ყასემ სოლეიმანი ემსხვერპლა.