ავტორი:

"ეს კომისია მარტივად დაადგენს სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობის არარსებობას" - ირაკლი კობახიძე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

"ეს კომისია მარტივად დაადგენს სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობის არარსებობას" - ირაკლი კობახიძე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წინააღმდეგი არაა, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ კომისიის შექმნა შესაძლოა, კარგიც იყოს, რადგან ის დაადგენს, რომ სააკაშვილის მიმართ "არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია“.

"შეიძლება პირადად მე ასეთი კომისიის შექმნის წინააღმდეგი არ ვყოფილიყავი. როდესაც საუბარია სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე, ვიცით, რომ ამას არავითარი საფუძველი არ აქვს. თუ ასეთი კომისია შეიქნება, მხოლოდ და მხოლოდ ის დადგინდება, რომ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, დაუჭერს თუ არა მხარს "ქართული ოცნება“ საგამოძიებო კომისიის შექმნას, ამაზე გუნდში იმსჯელებენ.

"ჩემი პირადი პოზიციაა, რომ შეიძლება ეს ცუდიც არ იყოს და შესაძლოა, ამ ხმების შევსებაზე ვიფიქროთ. ეს კომისია მარტივად დაადგენს არასათანადო მოპყრობის არარსებობას. ამისთვის დრო არის თებერვლამდე, თებერვალში გაიხსნება სესია. მანამდე გვექნება მსჯელობა და მივიღებთ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებას, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში პარლამენტში შევლენ, კობახიძე ამბობს, რომ მმართველ გუნდს მათი განცხადებები არ აინტერესებს.

"ჩვენ მათი განცხადებები არ გვაინტერესებს, შეუძლიათ ულტიმატუმები დააყენონ. დაუყენებიათ კიდეც წარსულში, მაგრამ ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს და ამის შესაბამისად ვიმოქმედებთ. საქმისთვის რაც საჭირო იქნება, მხოლოდ და მხოლოდ იმას გავაკეთებთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, სააკაშვილის ადვოკატის გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ მნიშვნელოვანი იქნება მის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას, რომელიც შეისწავლის მის მიმართ "არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტს“. ადვოკატის თქმით, სააკაშვილი მზად არის თავად წარსდგეს საგამოძიებო კომისიაზე და კომისიის წევრებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს. რაც შეეხება ამ საკითხზე "ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებებს, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, თუ დაინახავენ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლება შესაძლებელია საგამოძიებო კომისიით, პარლამენტში შევლენ.