ყაზახეთში მთავრობა გადადგა. პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში საწვავის ფასის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას DW ავრცელებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, თოყაევმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაასახელა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე ყაზახეთის პრეზიდენტმა ცენტრალური აზიის უდიდეს ქალაქ ალმაათაში და დასავლეთ მანგისტაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება საპროტესტო აქციების გამწვავებას მოჰყვა. ათასობით ადამიანი ალმაათაში შეიკრიბა. როგორც AP იტყობინება, შეტაკებები იყო, სპეცრაზმსა და დემონსტრანტებს შორის. ამასთან, დემონსტრანტების მერის ოფისში შეჭრის თავიდან ასაცილებლად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაშავებულებს შორის არიან სპეცრაზმელებიც. გარკვეული დროის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გაითიშა ინტერნეტი. .
მოგვიანებით პრეზიდენტმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ მთავრობა საწვავზე დაბალ ფასს დააბრუნებდა, ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურიბის შენარჩუნების მიზნით.
რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობას, პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, საღამოს 11:00 საათიდან დილის 7:00 საათამდე “კომენდანტის საათი” დაწესდა, გარდა ამისა, აიკრძალა მასობრივი შეკრებები.
ცნობისთვის, ნავთობით მდიდარი ქვეყნის მთავრობამ სამშაბათს თხევადი ბუნებრივი აირის ფასი მატების შესახებ განცხადება გაავრცელა, რამაც მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გამოიწვია.
მსგავსი მასშტაბის პროტესტი ქვეყანაში, რომელმაც დამოუკიდებლობა 1991 წელს გამოაცხადა, იშვიათია.თუმცა გამონაკლისია 2011 წელი - მაშინ ნავთობმომმპოვებელ საწარმოებში დასაქმებულები ანაზღაურებასა და სამუშაო პირობებს აპროტესტებდნენ. პოლიციასთან შეტაკებების შედეგად კი 14 მუშა დაიღუპა.
2019 წლამდე ქვეყანას ნურსულთან ნაზარბაევი მართავდა, მისი გადადგომის შემდეგ კი, პრეზიდენტი ნაზარბაევის მიერვე შერჩეული, მისი "მემკვიდრე", თოყაევი გახდა.