ავტორი:

"მთელი ცხოვრება საქართველოს შევალიე. საქართველო იყო და არის ჩემი სამშობლო" - ვიქტორ სანეევის ინტერვიუ არქივიდან

"მთელი ცხოვრება საქართველოს შევალიე. საქართველო იყო და არის ჩემი სამშობლო" - ვიქტორ სანეევის ინტერვიუ არქივიდან
  • ფოტოზე: ვიქტორ სანეევი, მეუღლესთან ერთად, თბილისში ყოფნისას

ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი, ვიქტორ სანეევი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის გახლდათ სამხტომში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მძლეოსანი, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი. სანეევმა ოლიმპიადა 1968, 1972 და 1976 წლებში მოიგო. 1980 წელს კი მოსკოვის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი გახდა.

1990 წელს სანეევმა ოჯახთან ერთად საქართველო დატოვა და საცხოვრებლად ავსტრალიაში გადავიდა.

2011 წელს სწორედ ავსტრალიაში ჩაწერა გაზეთმა "ყველა სიახლემ" მასთან ინტერვიუ, რომელიც ambebi.ge -ს არქივში ინახება. მისი ავტორი თათული ბართაია გახლავთ. გთავაზობთ სტატიას უცვლელად:

"ავსტრალიაში, ქალაქ სიდნეიში ერთი საოცრად ტკბილი და სტუმართმოყვარე ოჯახი ცხოვრობს. ამ ოჯახში პატარა საქართველოა. მისაღებ ოთახში კედლებს თბილისის ხედები ამშვენებს, თაროებზე კი უამრავი ქართული სუვენირია. ერთი სიტყვით, იოლად იგრძნობთ ქართულ სულს...

სანეევების ოჯახში ყოველთვის დიდი სიყვარულით მხვდებიან. დღესასწაულებზე ყოველთვის დიდი სუფრა იშლება და მრგვალ მაგიდასთან ჩემი კუთვნილი ადგილიც კი მაქვს. სუფრას ყოველთვის საგანგებოდ გადანახული ერთი ბოთლი ქართული ღვინო ამშვენებს. ვსაუბრობთ საქართველოზე და ყველა სადღეგრძელო საქართველოსა და ქართველ ხალხს ეძღვნება.

სუფრის თამადა კი, ტრადიციულად, ოჯახის უფროსი ვიქტორ სანეევია, XX საუკუნის საუკეთესო ქართველი სპორტსმენი, მძლეოსნობაში (სამხტომში) სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი. ბატონ ვიქტორს არ უყვარს ინტერვიუები, ამიტომ კითხვებს გზადაგზა, სადღეგრძელოებს შორის ვუსვამდი.

65 წლის იუბილეს აღნიშვნისას თათული ბართაიასთან ერთად

- 1992 წელს, საქართველოში ცხოვრება რომ აირია, ჩემს მეუღლე იანასთან და ვაჟთან, სანდროსთან ერთად ავსტრალიაში წამოვედი. სიდნეიში პრესტიჟულმა კოლეჯმა "სენ ჯოზეფმა" კონტრაქტი გამიფორმა და ბინა და მანქანაც მომცა. კოლეჯში სავარჯიშოდ კარგი პირობები იყო, მაგრამ აქაურებს არ სურდათ მიზნის მისაღწევად ენერგიის სრულად დახარჯვა, გამარჯვება კი ამის გარეშე რთულია.

- არაჩვეულებრივი მეუღლე გყავთ, სად შეხვდით ერთმანეთს?

- იანას ძმასთან ვმეგობრობდი, ერთმანეთი სოხუმში გავიცანით.

იანა:

- ისე მიყურებდა ხოლმე, ვგრძნობდი, მოვწონდი, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. არადა, ძალიან პოპულარული იყო, ნამდვილი "ვარსკვლავბიჭუნა" (იცინის).

ვიქტორი:

- მოკლედ, დიდი ენერგია დავხარჯე, რომ მისი ყურადღება დამემსახურებინა.

იანა:

- როცა მივხვდი, რომ კარგი ადამიანი იყო, ჩემი გულიც დაიპყრო.

მეუღლესთან ერთად

- ადვილად დაგთანხმდათ იანა ავსტრალიაში წამოსვლაზე?

ვიქტორი:

- რა თქმა უნდა, გაუჭირდა ახლობლების, მეგობრების მიტოვება, მაგრამ ასე მოხდა. იანა ექიმია და დღეს პროფესიით მუშაობს.

- სანდროს არ სურდა, თქვენს გზას გაჰყოლოდა?

- სანდროს კარგი სპორტული მონაცემი აქვს, ათლეტური აღნაგობაც ხელს უწყობს. სპორტული კოლეჯი დაამთავრა და წარმატებაც ჰქონდა, მაგრამ... შესანიშნავი მოცურავეა, თამაშობს კალათბურთს, მაგრამ ეს მისთვის ჰობია. სპორტით, სხვათა შორის, ჩვენს ოჯახში იანას დისშვილი, პატარა ჯორჯია უფრო სერიოზულადაა დაინტერესებული. კარატესა და ჩოგბურთზე დადის. საქართველოს სიყვარულით ჯორჯია დავარქვით...

- სოხუმში გატარებულ წლებზეც გვიამბეთ.

- სოხუმი დაუვიწყარია. ყოველთვის მემახსოვრება ახლობლების, მეგობრების თანადგომა. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მტკივა გული. ყველაფერი, რაც მოხდა, კომუნისტების ნახელავია, გახლიჩეს საქართველო და ახლა მისი გამთლიანება ძალიან რთულია. ძალიან განვიცდი ამ მდგომარეობას (ცრემლი მოერია)...

- გასახსენებელი სასიამოვნოც ბევრი გაქვთ - უზარმაზარი წარმატება ოლიმპიადებში.

- 1968 წელს მეხიკოში, XIX ოლიმპიურ თამაშებზე 17 მეტრი და 39 სანტიმეტრი გადავლახე და ჩემპიონობასთან ერთად მსოფლიო რეკორდსმენის ტიტული მოვიპოვე. ეს ტიტულები სახელგანთქმულ პოლონელ იუზეფ შმიდტს ჩამოვართვი, უშეღავათო და მძაფრი ბრძოლა იყო. 1972 წელს მიუნხენშიც შეუპოვრად ვიბრძოლე. მეტოქეებად შესანიშნავი ოსტატები მყავდა, მაგრამ მაინც ვაჯობე. 1976 წელს მონრეალის ოლიმპიურ თამაშებში კი ჩემი მეტოქე ახალგაზრდა ბრაზილიელი სპორტსმენი ჟოაო ოლივიერა იყო... სპორტი ყოველთვის დიდ სიხარულსა და სიამოვნებას მანიჭებდა. ყოველთვის მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოდი, ყოველი ახალი გამარჯვება წინაზე ძნელად მოდიოდა.

- ყველაზე დიდ წარმატებად რომელს მიიჩნევთ?

- მეხიკოს ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებას. ყველაზე დიდი ბრძოლა იქ გადავიტანე. მახსოვს, სახტომ ბილიკზე, ჰაერში შევამჩნიე, რომ რეკორდის აღმნიშვნელ ალამს გავცდი. ქვიშაში ამოსვრილი ვფიქრობდი, ნუთუ გავიმარჯვე-მეთქი.

- ამდენმა წარმატებამ ხომ არ გაგათამამათ?

- (იღიმის) რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოხვიდე კვარცხლბეკიდან, დაივიწყო წარმატება და მომავალ ასპარეზობაზე იფიქრო. ისე, არასდროს მიოცნებია მატერიალურ კეთილდღეობაზე, ჩემთვის მთავარი ყოველთვის სპორტული შედეგი იყო.

- ვერცხლი, რომელიც ოქროდ ფასობს - რას გვეტყვით მოსკოვის ოლიმპიადაზე?

- 1980 წლის ოლიმპიადა (ჩაფიქრდა)... ურთულესი პერიოდი მქონდა. ტრავმები საშინლად მაწუხებდა, იანაც დაიღალა ოლიმპიადებში ჩემი მონაწილეობით. მე კი მაინც სტადიონისკენ გავრბოდი ნებისმიერ ამინდში - წვიმასა თუ თოვლში, თაკარა მზეში. მთელი დღის განმავლობაში ვვარჯიშობდი... ოქროს მედლამდე 20 სანტიმეტრი დამაკლდა, 17 მეტრსა და 24 სანტიმეტრზე გადავხტი. ეს კი ვერცხლის მედალი იყო.

- როგორც ვიცი, მსაჯებმა თქვენს მთავარ მეტოქეს რამდენიმე სანტიმეტრი წაუმატეს...

- იააკ უუდმიაეს ბრალი არ არის, რომ ვიღაც უღირსმა მოხელეებმა მისი ნახტომის გაზომვისას რამდენიმე სანტიმეტრი აჩუქეს. მოსკოვის ოლიმპიადის ჩემპიონი სამხტომში მე უნდა ვყოფილიყავი. საერთოდ კი, დიდ სპორტში მხოლოდ ნიჭის ამარა ვერ იქნები. არ უნდა გეზარებოდეს ვარჯიში, მშიშარა არ უნდა იყო, არ უნდა გქონდეს წაგების კომპლექსი. ყველაზე დამღუპველი კი შენი წაგების სხვისთვის გადაბრალებაა.

- ოდესმე დოპინგი, სტიმულატორები მიგიღიათ?

- ხატზე დავიფიცებ, რომ არავითარ სტიმულატორს არ ვიღებდი. ეს ჩემი პრინციპი იყო.

- რას ფიქრობთ დღევანდელ ქართულ სპორტზე?

- რადგან ქართულ სპორტში მეც გამიკეთებია საქმე, უფლება მაქვს, ქვეყნის ხელისუფლებასა და ბიზნესმენებს ვთხოვო, რომ დღევანდელი ვითარების მიუხედავად, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი სპორტსმენებსა და მწვრთნელებს. ჩაუცმელ-დაუხურავი, უჭმელ-უსმელი, ფიზიკურად არაჯანსაღი და ყოველგვარ სტიმულს მოკლებული სპორტსმენის იმედად ვერ ვიქნებით.

- აი, ვსხედვართ თქვენს ულამაზეს ეზოში, წინ მშვენიერი ბაღია, რომელიც თვითონვე გააშენეთ. ალბათ, დიდი ენერგია დახარჯეთ მის გასალამაზებლად!

- თუ საქმე გიყვარს, მუშაობით არ იღლები. მე კი ამ ბაღში ფუსფუსი ძალიან მიყვარს. მიყვარს ძაღლებიც. განა არ მინდა, რომ მყავდეს? მაგრამ ძაღლი პატარა ბავშვივითაა, მოვლა და პატრონობა სჭირდება, ჩვენ კი ამის დრო არ გვაქვს. შენი ძაღლი, ჯიბაც ძალიან მიყვარს. გახსოვს, ჩვენთან რომ იყო სტუმრად? ბაღში თამაშობდა, ცელქობდა... ჯიბა გვასტუმრე ხოლმე ხშირად (იღიმის).

- აუცილებლად. ჰო, მართლა, იანას ვუთხარი, რომ თქვენი გამომცხვარი ხაჭაპური უგემრიელესია.

- ჰოდა, კიდევ რომ მეწვევი, ერთად გამოვაცხოთ ხაჭაპური (იცინის).

- დიდი სიამოვნებით. თქვენ მუდამ ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში ხართ. ადრე როგორი ურთიერთობა გქონდათ მათთან?

- ნორმალური. ვცდილობდი ამომეცნო, რა კითხვას დამისვამდნენ. სხვათა შორის, გაზეთებიდან და ჟურნალებიდან ამონაჭრებით სავსე ორი დიდი ჩემოდანი მაქვს შინ, დედაჩემი აგროვებდა. სევდა რომ შემომაწვება, ვათვალიერებ - ძველ დროს ვიხსენებ. ახლა კი ჩემს კოლექციას გაზეთი "ყველა სიახლეც" შეემატება.

- 2005 წელს, 13-წლიანი განშორების შემდეგ, საქართველოში სტუმრობისას პირველად რომელი ადგილი მოინახულეთ?

- ძველი თბილისი, რომელიც მე და იანას განსაკუთრებით გვიყვარს.

- საქართველოში დაბრუნებას არ აპირებთ?

- ვნახოთ... მთელი ცხოვრება საქართველოს შევალიე. საქართველო იყო და არის ჩემი სამშობლო".

  • ambebi.ge ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ლეგენდარული ვიქტორ სანეევის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს ოჯახს და ახლობლებს.

იხილთ ასევე: "ძალიან მენატრება ჩემი სოხუმი... დიღმის მასივში მყუდრო ბინა და კეთილი მეზობლები" - დიადი ჩემპიონისთვის წართმეული მე-4 ოლიმპიური ოქრო და რთული ცხოვრება ემიგრაციაში