ავტორი:

მსახიობი ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა

მსახიობი ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა

რუსთაველის თეატრის მსახიობი, 43 წლის ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მეგობრები ავრცელებენ.

"ნიკა, როგორ მატკინე გული... ვერ ვიჯერებ, შოკში ვარ“, - წერს ჟურნალისტი ნონა დათეშიძე.

ინფორმაციის გადასამოწმებლად პაატა გულიაშვილს დავუკავშირდით. როგორც მსახიობმა გვითხრა, კოლეგის გარდაცვალების შესახებ მისი დეიდაშვილისგან გაიგო.

პაატა გულიაშვილი:

"სამწუხაროდ მართალია, ახლა მივდივარ, რა მოხდა, ჯერ კიდევ არ ვიცი. დილას დამირეკა უცნობმა ადამიანმა, მითხრა, რომ ნიკას დეიდაშვილი იყო, მისგან შევიტყე ეს მძიმე ამბავი".

როგორც სოციალურ ქსელში წერენ, მსახიობის გარდაცვალების მიზეზი გული გახდა, თუმცა პაატა გულიაშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ არ გაუგია ნიკას თუ გული აწუხებდა.

ნიკა ქაცარიძეს არაერთი საინტერესო როლი აქვს შესრულებული რუსთაველის თეატრის სპექტაკლებში, მონაწილეობდა ტელესერიალებშიც.

ჰყავდა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი. ის ძალიან აქტიური იყო სოციალურ ქსელში და ყოველთვის იუმორისტული პოსტებით გამოირჩეოდა.

სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ წერდა:

"როგორც იქნა ამოვყავი თავი საცივიდან და მოვიცალე მოსალოცად, გილოცავთ 2022 წელს სურვილების ახდენის წელი ყოფილიყოს ყველასთვის".

განცხადება გაავრცელა რუსთაველის თეატრმაც.

"უდიდეს მწუხარებას და ტკივილს განიცდის ჩვენი თეატრი დღეს. გარდაიცვალა მსახიობი ნიკოლოზ ქაცარიძე..." - ვკითხულობთ თეატრის ოფიციალურ "ფეისბუქგვერდზე".