მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მედიის საშუალებით მიმართავს მიხეილ სააკაშვილს, რომ შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით ულტიმატუმის დრო გადადოს. ამის შესახებ ნიკოლოზ ყიფშიძემ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, იმედოვნებდა, რომ ციხეში შესვლისა და მისი პაციენტის მონახულების საშუალება ექნებოდა, თუმცა ციხეში არ შეუშვეს.
მისი თქმით, სააკაშვილის მიერ შიმშილობის დაწყების შემთხვევაში, "სცენარი ძალიან ცუდი იქნება“.
"დღეს აქ იმიტომ მოვედი, რომ ნახვის საშუალება მოეცათ, იქნებ გადაეფიქრებინა ამ უკიდურესი ფორმის, შიმშილობის დაწყება, მაგრამ არ მოხერხდა. ხვალ, დილით კიდევ შევეცდები მოვიდე. თუ გვისმენს მიშა, ვეტყოდი, რომ მიშა, კიდევ ცოტა ხანი მოიცადე. ექიმები ადრე თუ გვიან შენთან შემოვლენ და თუ შეიძლება, გადადე შენი ულტიმატუმის დღე", - აცხადებს ნიკოლოზ ყიფშიძე.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს ორი მოთხოვნა აქვს - მასთან დამოუკიდებელი ექიმების ჯგუფი შევიდეს და კომუნიკაცია სრულყოფილად აღდგეს.
ადვოკატების ინფორმაციით, დამოუკიდებელ ექიმთა ჯგუფს სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა არ ეძლევა მაშინ, როდესაც ამის მწვავე საჭიროება დგას. ამავდროულად, მათი თქმით, ადვოკატებისა და სააკაშვილის შეხვედრისას კონფიდენციალობა არ არის დაცული.
"თუ 6 იანვრამდე პრობლემები არ იქნება მოგვარებული და პენიტენციური სამსახური გადაწყვეტს, რომ კანონის სრული იგნორირებით გააგრძელოს უფლებების შელახვა, ამ შემთხვევაში სააკაშვილი მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმებს“. აცხადებენ ადვოკატები.