სომხეთის მოსახლეობის ნაწილი ინტერესით ელის, რა და როგორ შეიცვლება რუსეთის ჩართვის შემდეგ სომხეთსა და თურქეთს შორის. რუსული მედია აქტიურად საუბრობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების როლზე. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გადაწყვიტეს, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის ორმხრივად მომგებიანი პარტნიორობა უნდა გაღრმავდეს...
გადაწყვეტილება თურქეთისა და რუსეთის ლიდერებმა 2022 წელს გამართული პირველი სატელეფონო კომუნიკაციის დროს მიიღეს. კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა განიხილეს შეთანხმების იურიდიული საკითხები, რომლებიც რუსეთის უსაფრთხოების გარანტიებს უზრუნველყოფს. შეთანხმება ასევე მოიცავს სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებას და სირიასა და ლიბიაში კრიზისების მოგვარებას.
თურქული მხარის ცნობით, შეხვედრის დროს პრეზიდენტებმა განიხილეს კავკასიაში, სირიასა და ლიბიაში არსებული ვითარება. საუბრის დროს კიდევ ერთხელ დადასტურდა თურქეთ-რუსეთის თანამშრომლობის გადაწყვეტილება ყველა სფეროში. სომხურ მხარეს აშფოთებს ის ფაქტი, რომ უკრაინის საზღვართან მზარდი დაძაბულობის ფონზე, რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები ღრმავდება.
სომეხი პოლიტოლოგების მოსაზრებით, ეს პირდაპირ მიანიშნებს გარკვეულ შეთანხმებებს, რაც სამხრეთ კავკასიიდან დასავლეთის მაქსიმალურ გაძევებას გულისხმობს. ეს კი, სამხრეთ კავკასიაში ორივე სახელმწიფოს მადას ზრდის - მათი პოზიციები კიდევ უფრო გამყარდება.
პოლიტოლოგ არმენ ვარდანიანის მოსაზრებით, რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების დალაგება უფრო ამერიკისა და დასავლეთის წინააღმდეგ გაერთიანებას ჰგავს, ვიდრე ჯანსაღ პარტნიორულ ურთიერთობას.
"პუტინსა და ერდოღანს შორის ურთიერთობა ღრმავდება მაშინ, როცა ვაშინგტონი და ბრიუსელი რუსეთს მკაცრი სანქციებით ემუქრებიან... თან მაშინ, როდესაც, უკრაინის გარშემო მოსკოვსა და ანკარას შორის ძალიან დიდი უთანხმოებაა - ყველას გვახსოვს, რომ თურქეთმა უკრაინას დრონები მიყიდა, ის კი, კიევმა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ გამოიყენა... ამასთან, თურქეთი აშკარად ამბობს, რომ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ამის ფონზე კიდევ უფრო საინტერესოა, რატომ გადაწყვიტეს ასე უეცრად პუტინმა და ერდოღანმა დამეგობრება. მსგავსი მცდელობა არაერთხელ ყოფილა, მაგრამ აქამდე არაფერი გამოვიდა, დიდი მოლოდინი არც ახლა უნდა ჰქონდეთ, მაგრამ მათი "მეგობრობა" იმდენ ხანს გაგრძელდება, რომ რამდენიმე პატარა, მეზობელი ქვეყნისთვის დასავლური მომავლის მოსპობას მოასწრებენ..." - წერს ვარდანიანი kavkaz-uzel.eu-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
კიდევ ერთი სომეხი პოლიტოლოგის, აკოფ ბადალიანის ცნობით, ადრე თუ გვიან, სომხეთს მოუწევს თურქეთის პირისპირ დაჯდეს და შესაბამისად, თურქული საქონლის იმპორტის აკრძალვის გაუქმება და ავიამიმოსვლის აღდგენა მოითხოვოს. ამის ინიციატივით თურქეთი გამოვიდა, რაც სომხურ-თურქული ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის დაწყებად შეიძლება ჩაითვალოს, ოღონდ სომხეთმა თავისი პრიორიტეტები ფრთხილად უნდა გათვალოს.
სომეხი პუბლიცისტი რობერტ აბრამიანი AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ სომხურ საზოგადოებაში თანდათან ქრება იმედი, რომ ქვეყანა ოდესმე დასავლეთისკენ აიღებს გეზს.
"თურქეთი რუსეთთან ვითარებას ალაგებს სომხეთის ხარჯზე და პირიქით, ჩვენი მთავარი მოკავშირე იმ ხაზს მიჰყვება, რომელსაც შარშან ყარაბაღის მეორე ომის დროს... ჩვენს მოედანზე თამაშობენ, თავიანთი ქვეყნების სასარგებლოდ" - ამბობს ის.