ავტორი:

არეულობა ყაზახეთში გრძელდება, არის მსხვერპლი, პრორუსული სამხედრო ალიანსი კი შუააზიურ სახელმწიფოში ე.წ.სამშვიდობო ძალებს გზავნის

არეულობა ყაზახეთში გრძელდება, არის მსხვერპლი, პრორუსული სამხედრო ალიანსი კი შუააზიურ სახელმწიფოში ე.წ.სამშვიდობო ძალებს გზავნის

ყაზახეთში მიმდინარე მოვლენების გამო უკრაინასთან დაკავშირებულმა ვითარებამ "გვერდზე გადაიწია“ და საერთაშორისო მასმედიის ყურადღების ცენტრში ცენტრალური აზიის გიგანტი აღმოჩნდა, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ ხელისუფლების სიმტკიცისა და მონოლითის სიმბოლოს წარმოადგენდა.

მასობრივი არეულობებით ყველაზე მეტად ყოფილი დედაქალაქი - ალმათი დაზარალდა, სადაც ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეებმა გადაწვეს სახელმწიფო სტრუქტურების - მერიის, პროკურატურის, პოლიციის, უშიშროების კომიტეტის შენობები, გაძარცვეს და ცეცხლს მისცეს ტელეკომპანიების ოფისები, დაარბიეს მაღაზიები, ბანკები, დაიკავეს აეროპორტი და მისი ინფრასტრუქტურა, ფაქტობრივად, გაანადგურეს.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არეულობის დროს პოლიციისა და ეროვნული გვარდიის 8 თანამშრომელი დაიღუპა. მათივე ცნობით, შეტაკებების დროს 300-ზე მეტი სამართალდამცავი დაშავდა. ქალაქ ალმათის პოლიციის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში მომხდარ არეულობას ათობით დემონსტრანტი ემსხვერპლა. ყაზახეთის ხელისუფლებამ მასობრივი არეულობის ფონზე ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აქამდე საგანგებო მდგომარეობა ალმათში და მანგისტაუში მოქმედებდა.

დამკვირვებლების აზრით, მასობრივი პროტესტი, რომლის საბაბი თხევად გაზზე ფასების მომატება გახდა, სინამდვილეში გამოწვეული იქნა უფრო ღრმა მიზეზებით - მოსახლეობის უკმაყოფილებით ხელისუფლების მიმართ, ქვეყანაში გამეფებული კორუფციით, ნეპოტიზმითა და ავტორიტარული პოლიტიკური სისტემით, რომელმაც ხალხს შესაძლებლობა არ დაუტოვა სიტუაცია კანონიერი გზით შეეცვალა და ასევე დღეს უკვე კეთდება შეფასებები, რომ მომხდარი არ არის გამორიცხული ქვეყნის გარედან, კერძოდ, რუსეთის მიერ იყოს ინსპირირებული.

Площадь Республики в Алматы

Видео: ТАСС pic.twitter.com/GuqcRAjGpr
— Медиазона. Центральная Азия (@mediazona_ca) January 6, 2022

დასავლური მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ყურადღებას განსაკუთრებით ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ ყაზახეთის ლიდერმა - პრეზიდენტმა ყასიმჟომართ თოყაევმა დასახმარებლად პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების სამხედრო სტრუქტურას - კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) ოფიციალურად მიმართა და ქვეყანაში წესრიგის აღსადგენად სამშვიდობო ძალების შეყვანა სთხოვა.

ბრიტანულ გაზეთ "გარდიანში" (The Guardian) დაბეჭდილია სტატია, სათაურით: "პროტესტი ყაზახეთში: პრომოსკოვური სამხედრო ალიანსი "სამშვიდობო ძალებს“ გზავნის“ (ავტორი - შონ უოლკერი), რომელშიც აღნიშნულია, რომ ОДКБ-ის წევრები საკმაოდ ოპერატიულად გამოეხმაურნენ ყაზახეთის მოვლენებს და პრეზიდენტ ყასიმჟომართ თოყაევის თხოვნა სამხედრო-სამშვიდობო ძალების შეყვანის თაობაზე სწრაფად დააკმაყოფილეს, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, რამდენ სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნის ОДКБ-ის თითოეული წევრი და რამდენ ხანს დარჩებიან ისინი ყაზახეთში. ავტორი ციტირებს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატს ლეონიდ კალაშნიკოვს, რომლის განცხადებით, სამშვიდობო ძალები ყაზახეთში იმდენ ხანს დარჩებიან, რამდენსაც პრეზიდენტი თოყაევი ჩათვლის საჭიროდ. ისინი ძირითადად ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაიცავენ ხელყოფისაგან.

პუბლიკაციის ავტორი აქვეყნებს ОДКБ-ის საბჭოს თავმჯდომარის - სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას, რომლის თანახმად, საბჭოს გადაწყვეტილებით, ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თხოვნა დაკმაყოფილებულია და ის საგარეო და საშინაო საფრთხეები, რომლებიც ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს ემუქრება, აღკვეთილი იქნება. შესაბამისად, ყაზახეთში, სიტუაციის სტაბილიზებისა და ნორმალიზების მიზნით, ОДКБ-ის სამშვიდობო ძალები შედიან შეზღუდული რაოდენობით.

სტატიაში განმარტებულია ОДКБ-ის სამშვიდობო ძალების სტატუსი, მათი სავარაუდო რაოდენობა (დაახლოებით 4-5 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე), წევრი ქვეყნების ეროვნული კანონმდებლობის ნორმები სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ. "ОДКБ-ის წევრი ქვეყნების სამშვიდობო კონტინგენტი წარმოადგენს სპეციალურად მომზადებულ სამხედრო, საპოლიციო და სამოქალაქო მოსამსახურეების პერსონალს, რომლებიც შესაბამისი საშუალებებით არიან აღჭურვილნი. რუსეთის შეიარაღებულ ძალებში არსებობს სამშვიდობო ბრიგადა, რომელიც დისლოცირებულია სამარის ოლქის ტერიტორიაზე და ცენტრალური სამხედრო ოლქის დაქვემდებარებაში იმყოფება“, - ნათქვამია პუბლიკაციაში. წყარო

ყაზახეთის მოვლენებს ეხმაურება სომხეთის პრესა: გამოცემა "ლრაგირი“ ("Լրագիր") აქვეყნებს სტატიას, სათაურით: "შეიჭრება თუ არა რუსეთი ყაზახეთში“. მასში ისტორიული წიაღსვლებიც არის გაკეთებული და ნათქვამია, რომ 1936 წლამდე ყაზახეთი ცალკე მოკავშირე რესპუბლიკას არ წარმოადგენდა და რუსეთის სფსრ-ის შემადგენლობაში იყო. "1936-38 წლებში კი ყაზახეთს ეროვნებით სომეხი სახელმწიფო მოღვაწე ხელმძღვანელობდა - ლევონ მირზოიანი. ასე რომ, ყაზახების ისტორიაში სომხებს უდიდესი წვლილი აქვთ შეტანილი და მათთვის სომხური მატიანე ფასდაუდებელი წყაროა“, - აღნიშნულია სტატიაში. წყარო

ყაზახეთის მმართველობის მოდელი, ანუ "ხელისუფლების ტრანზიტი“ - ასე უწოდებენ 2019 წელს განხორციელებულ ხელისუფლების ცვლას, როცა ნურსულთან ნაზარბაევმა პრეზიდენტის პოსტი დათმო და ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი გახდა, პრეზიდენტად კი სენატის (პარლამენტის) თავმჯდომარე ყასიმჟომართ თოყაევი "აირჩიეს“.

ყაზახეთი თავისი 19-მილიონიანი მოსახლეობით, ცენტრალური აზიის ყველაზე მდიდარ ქვეყნად მიიჩნევა, სადაც მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 27 ათას დოლარამდეა, ხოლო სავალუტო რეზერვები 35 მილიარდი დოლარი აქვს...

ავტორი: სიმონ კილაძე