ავტორი:

რომის პაპი აკრიტიკებს ადამიანებს, რომლებიც შვილის გაჩენაზე უარს ამბობენ და ბავშვის ნაცვლად, ცხოველებს უვლიან - "ეს არის დედობისა და მამობის უარყოფა"

რომის პაპი აკრიტიკებს ადამიანებს, რომლებიც შვილის გაჩენაზე უარს ამბობენ და ბავშვის ნაცვლად, ცხოველებს უვლიან - "ეს არის დედობისა და მამობის უარყოფა"

რომის პაპი ფრანცისკე ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც ამჯობინებენ, შვილები არ ჰყავდეთ და სანაცვლოდ, ცხოველებზე იზრუნონ, ეგოისტურად იქცევიან. ამის შესახებ მან ვატიკანში აუდიტორიის წინაშე, მშობლობაზე მსჯელობისას განაცხადა.

  • "დღეს ჩვენ ვხედავთ ეგოისტობის ერთ-ერთ ფორმას. ვხედავთ, რომ ზოგიერთ ადამიანს არ სურს ბავშვი ჰყავდეს. ზოგჯერ მათ ჰყავთ ერთი შვილი და სულ ეს არის, თუმცა ჰყავთ ძაღლები, კატები, რომლებიც ბავშვების ადგილს იკავებენ.

შესაძლოა, ამაზე ვინმეს ეღიმება, მაგრამ რეალობა ესაა. ეს არის დედობისა და მამობის უარყოფა და ჩვენს ადამიანურობას ჩრდილს აყენებს“, - აღნიშნა რომის პაპმა.

ასევე, პაპმა ფრანცისკემ მიმართა იმ ადამიანებს, რომლებსაც ბიოლოგიური მიზეზით არ შეუძლიათ შვილის გაჩენა და ურჩია მათ, რომ ბავშვები შვილად აიყვანონ და არ შეეშინდეთ, "გახდნენ მშობლები".

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რომის პაპი ბავშვებზე მეტად ცხოველებისთვის უპირატესობის მინიჭების გამო ადამიანებს აკრიტიკებს. მაგალითად, 2014 წელს მან თქვა, რომ შვილების ჩანაცვლება ძაღლებით, ან სხვა ცხოველებით კულტურული დეგრადაციის ნიშანია.

პაპი ფრანცისკე მიიჩნევს, რომ ცხოველებთან ადამიანებს ემოციური ურთიერთობა უფრო მეტად უადვილდებათ, ხოლო შვილებთან ურთიერთობა გაცილებით კომპლექსური საკითხია და ამიტომაც, ამჯობინებენ, რომ ცხოველები ჰყავდეთ.