ავტორი:

"ჩემი შვილი თანამედროვე სპარტაკია, ის არ მოითმენს უსამართლობას" - ნოვაკ ჯოკოვიჩის მამა

"ჩემი შვილი თანამედროვე სპარტაკია, ის არ მოითმენს უსამართლობას" - ნოვაკ ჯოკოვიჩის მამა

სერბი ჩოგბურთელის, ნოვაკ ჯოკოვიჩის გარშემო ხმაური გრძელდება. მას სემდეგ, რაც ის ავსტრალიაში ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის გამო არ შეუშვეს, კომენტარი გააკეთა მისმა მამამ და შვილს "თანამედროვე სპარტაკი" უწოდა.

სრჯან ჯოკოვიჩი რუსულ მედიასთან ამბობს, რომ აღშფოთებულია იმით, თუ როგორ ეპყრობიან მის შვილს.

"ავსტრალიაში ის ტყვეობაში ჰყავთ. სიმართლე ის არის, რომ ის წყალს ჰგავს და წყალი თავის კალაპოტს ყოველთვის იპოვის. ნოვაკი თანამედროვე მსოფლიოს სპარტაკია, რომელიც არ მოითმენს უსამართლობას, კოლონიალიზმსა და თვალთმაქცობას. ის ადამიანთა თანასწორობისთვის იბრძვის", - აღნიშნა სრჯან ჯოკოვიჩმა.

ცნობისთვის, ნოვაკ ჯოკოვიჩს, რომელსაც ავსტრალიის ღია პირველობაში უნდა მიეღო მონაწილეობა, ავსტრალიამ ვიზა გაუუქმა. მიზეზი კი ვაქცინაციის წესების დარღვევაა.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, ნოვაკისთვის გამონაკლისის სახით ვიზა დაუშვეს, თუმცა მას შემდეგ, რაც ყოველივეს საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა, ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება შეცვალა.

ჯოკოვიჩი მელბურნის აეროპორტში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა, მოგვიანებით კი მესაზღვრეებმა განაცხადეს, რომ ის არ აკმაყოფილებდა შესვლის წესებს და დეპორტირებული იქნებოდა. ჯოკოვიჩი გადაიყვანეს ე.წ. სამთავრობო დაკავების სასტუმროში, ხოლო მისმა ადვოკატებმა სასამართლოში დაუყოვნებლივ შეიტანეს სარჩელი. მართალია, ნოვაკს საჯაროდ არ უთქვამს, აცრილია თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, თუმცა გასულ წელს განაცხადა, რომ ვაქცინაციის წინააღმდეგი იყო.

"პირადად მე წინააღმდეგი ვარ ვაქცინაციის და არ ვისურვებდი, რომ აცრის გაკეთებას გვაიძულებდნენ მოგზაურობის უფლების მიღების მიზნით“, - ამბობდა ჩოგბურთელი. ავსტრალიაში არსებული კოვიდრეგულაციების მიხედვით, ქვეყანაში აუცრელი ადამიანების შესვლა იკრძალება.

"წესი ყველასთვის წესია“ - განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა.

ავსტრალიის ღია პირველობა მელბურნში სტარტს 17 იანვარს აიღებს.

წყარო