ავტორი:

"რუსეთმა ყაზახეთის მმართველი რეჟიმი უკვე გადაარჩინა, სანაცვლოდ ის ალბათ ყირიმის აღიარებას მოითხოვს" - რა ხდება ახლა ყაზახეთში და რა როლი აქვს კრემლს მიმდინარე პროცესებში?

"რუსეთმა ყაზახეთის მმართველი რეჟიმი უკვე გადაარჩინა, სანაცვლოდ ის ალბათ ყირიმის აღიარებას მოითხოვს" - რა ხდება ახლა ყაზახეთში და რა როლი აქვს კრემლს მიმდინარე პროცესებში?

ყაზახეთის უდიდეს ქალაქ ალმათიში შეტაკებები და სროლა 6 იანვარსაც გრძელდებოდა. ყაზახური პოლიცია, რომელსაც ზურგს უმაგრებს რუსეთის მეთაურობით მოქმედი სამხედრო ალიანსის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) ჯარი, დაუპირისპირდა ყაზახეთის დამოუკიდებლობის დროიდან ყველაზე მასობრივ და სისხლიან საპროტესტო გამოსვლებს.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ჯარები ყაზახეთში მას მერე გადაისროლეს, რაც თხევადი აირის ფასების ზრდის გამო დაწყებული საპროტესტო გამოსვლები სისხლიან შეტაკებებში გადაიზარდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის.

რუსი მედესანტეები ყაზახეთში გაფრენამდე

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 7 იანვარს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, უსაფრთხოების საბჭოსა და თავდაცვის ძალების ლიდერებთან შეხვედრა გამართა და გასული ღამის ოპერაცია შეაჯამა. მისი თქმით, ქვეყანაში კონტრტერორისტული ოპერაცია იქამდე გაგრძელდება, ვიდრე თითოეული თავდამსხმელი არ განადგურდება. "ანტიტერორისტული ოპერაცია დაწყებულია. სამართალდამცავები ინტენსიურად მუშაობენ. კონსტიტუციური წესრიგი ძირითადად ქვეყნის ყველა რეგიონში აღდგა. ადგილობრივი ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს. მაგრამ ტერორისტები აგრძელებენ იარაღის გამოყენებას და მოქალაქეების ქონების დაზიანებას. ამიტომ, კონტრტერორისტული მოქმედებები უნდა გაგრძელდეს მებრძოლების სრულ განადგურებამდე“, - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი, თუმცა, ამის მიუხედავად, საპროტესტო აქციები ქვეყანაში კვლავ გაგრძელდა.

ყაზახური მედიის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში "ქვეყანაში 3 000-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს, დაჭრილია 18 პირი, 26 კრიმინალის ლიკვიდაცია მოხდა“.

ყაზახეთის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით კი, ალმათის ქუჩებში შეტაკებისას, 13 პოლიციელი დაიღუპა და 350 - ზე მეტი დაშავდა.

ყაზახეთში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას პოლიტოლოგმა თორნიკე შარაშენიძემ განაცხადა, რომ ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებზე შედეგით უნდა ვიმსჯელოთ, შედეგია დახოცილი ადამიანები, გადამწვარი შენობები და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) ჯარების შეყვანა ქვეყანაში. შესაბამისად, ყაზახეთის მმართველი რეჟიმის გადარჩენაში, რა თქმა უნდა, რუსეთი სანაცვლოდ რაღაცას მოითხოვს.

"ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებზე შედეგით უნდა ვიმსჯელოთ, შედეგია დახოცილი ადამიანები, გადამწვარი შენობები და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) ჯარების შეყვანა ქვეყანაში, ასე რომ კარგს ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ვიტყვი. არა მგონია რუსეთს აწყობდეს არასტაბილურობა სამეზობლოში, მაგრამ როგორც კი გაჩნდა საჭიროება, ვნახეთ, რომ ჯარი შეიყვანა.

თორნიკე შარაშენიძე

მე არ მგონია, რომ რუსეთს იქ სჭირდებოდეს რაიმე ამბოხი, რადგან ურჩევნია იქ სტაბილურობა იყოს. სოციალური ამბოხიც არის ალბათ და ზოგადად, ჩვენ თუ ვიმსჯელებთ იმის მიხედვით, ამ რეგიონში როგორი იყო ეს ამბოხებები - ვნახავთ, რომ ამბოხებები ძირითადად ან სოციალური იყო, როგორიც იყო ყირგიზეთში ან რელიგიური, როგორიც იყო უზბეკეთში. ასე რომ, დემოკრატიას და დასავლეთ ფასეულობებს მოწყურებული ხალხი ნაკლებად იყო იქ და ვნახეთ კიდეც. ხომ აქვს მნიშვნელობა გამოსვლები რამდენად ძალადობრივია? გადაწვეს და გადაბუგეს ყველაფერი. ამოქმედდა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (ОДКБ), დაიტესტა საქმეში, შეიყვანეს იქ ჯარი და შესაბამისად, რეჟიმის გადარჩენაში რუსეთი, რა თქმა უნდა, რაღაცას მოითხოვს სანაცვლოდ, ასე რომ, საბოლოო ჯამში, იქ კარგი არაფერი მოხდა. ის ილუზია, რომ დემოკრატია გაიმარჯვებს, ეს ილუზია დიდი ხნის წინ დაიმსხვრა“, - განაცხადა შარაშენიძემ.

საინტერესოა, რომ მას მერე, რაც ყაზახეთის ხელისუფლებამ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) ჯარების შეყვანა მოითხოვა, რუსეთის სამთავრობო ტელეკომპანია "რაშა თუდეის” და სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოების, "როსსია სეგოდნია” და "სპუტნიკის” მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა ცინიკური პოსტი გამოაქვეყნა:

"რა თქმა უნდა, უნდა დავეხმაროთ. აუცილებლად უნდა დავეხმაროთ. მაგრამ გარკვეული პირობებიც უნდა წავუყენოთ.

1. ყირიმი - აღიარონ;

2. კირილიცა - დააბრუნონ.

3. რუსული - მეორე სახელმწიფო ენად, ისევე, როგორც ყირგიზეთშია;

4. შეეშვან რუსულ სკოლებს და არ იცრუონ უფროსთან, რომ ეს ასეა..."

კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, ყაზახეთში განვითარებული პროცესები რუსეთის მიერ იყოს ინსპირირებული, ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი პასუხობს:

"მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს შიდა დინამიკაა იმიტომ, რომ ხალხს მობეზრდა კორუფციულ და ისეთ გარემოშო ცხოვრება, სადაც ცვლილებები არ არის. ყაზახეთში ბოლო 30 წლის განმავლობაში ხელისუფლება არ შეცვლილა, ადამიანებს ცვლილებები სურთ, ასევე, მათ სხვადასხვა სოციალური მოთხოვნები აქვთ, ამ მოძრაობას არ ჰყავს ლიდერი და არ არის ერთიანობა. ბევრი გამოთქვამს უკმაყოფილებას იმიტომ, რომ ბუნებრივი სიმდიდრეების რეალიზაციის შემდეგ მიღებული შემოსავალი თანაბრად არ ნაწილდება - მოგეხსენბათ, ყაზახეთი არის ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა ნავთობითა და გაზით. ეს რაც შეეხება შიდა განზომილებას, არის კიდევ საერთაშორისო განზომილებაც, რომელიც რუსეთს უკავშირდება. რუსეთი პირდაპირ საფრთხედ განიხილავს ყველა სხვა სპონტანურ გამოსვლებს თავის უშუალო სამეზობლოში. ჩვენ ეს დავინახეთ საქართველოში, მერე უკრაინასა და ბელარუსში, ახლა ვხედავთ ყაზახეთში. ეს არის პუტინის რეჟიმისთვის პირდაპირი რეზისტენციული საფრთხე, მათ ისე არ ეშინიათ ატომური ბომბის, როგორც ასეთი გამოსვლების, ვინაიდან ფიქრობენ, ასეთი გამოსვლები რუსეთსაც შეიძლება გადაედოს. ამისი შიში და მოლოდინი აქვთ, ამიტომ ნაკლებ დამაჯერებლად მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი რუსეთიდან არის ინსპირირებული“.

ანალიტიკოსი რუსი ე.წ. სამშვიდობოების შეყვანის შემდეგ ყაზახეთის ჩრდილოეთ ნაწილის ოკუპაციის სცენარის განვითარებას ამ ეტაპზე გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ ამ შესაძლებლობის გამორიცხვაც არ შეიძლება და რუსეთმა, შესაძლოა იქ ყირიმის, ან დონბასის სცენარი განავითაროს.

"ოკუპაციის სცენარი შეიძლებოდა განვითარებულიყო იმ შემთხვევაში, თუ ყაზახეთში უკრაინის სცენარი განვითარდებოდა. იქ ვითარდება ყაზახური სცენარი, შესაბამისად, როცა რუსეთს აქვს საშულება მთლიანი ქვეყანა მოაქციოს გავლენის ქვეშ, რატომ გადაწყვეტს, რომ ნაწილის ოკუპაცია გააკეთოს? ამიტომ ამ ეტაპისთვის ეს ნაკლებსავარაუდოა, თუმცა ასეთი შესაძლებლობის გამორიცხვა არ შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ პროტესტანტები და მომიტინგეები მოვლენ ხელისუფლებაში. ამ შემთხვევაში რუსეთი, რა თქმა უნდა, უკან არ დაიხევს და შესაძლოა, მან ჩრდილოეთ ყაზახეთთან დაკავშირებით ყირიმის, ან დონბასის სცენარი განავითაროს.

ზურაბ ბატიაშვილი

რაც შეეხება დასავლეთიდან პასიურობას, ეს მოსალოდნელიც იყო იმიტომ, რომ მათ ჯერ არ იციან სიტუაცია როგორ განვითარდება, საერთო სურათი - ვინ მოაწყო ეს გამოსვლები, რა მოთხოვნები ჰქონდათ და საით მიდის ეს ყველაფერი, ჯერჯერობით უცნობია. მათ შორის პოლიტიკური მოთხოვნებიც არ არის ერთიანად ჩამოყალიბებული. რუსეთის ეს კონკრეტული ნაბიჯი ჯარების შეყვანასთან დაკავშირებით, ამავე დროს არის მესიჯი, როგორც საკუთარი მოსახლეობისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რომ მსგავს სპონტანურ გამოსვლებს ჩაახშობს არა მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე, არამედ სამეზობლოშიც, რადგანაც ის ამას ეგზისტენციურ საფრთხედ აღიქვამს. რუსეთმა, ამ მომენტისთვის, ფაქტობრივად, მმართველი რეჟიმი უკვე გადაარჩინა, სანაცვლოდ ის ალბათ ყაზახეთისგან მოითხოვს ყირიმის აღიარებას. რუსეთისთვის საჭირო საგარეო პოლიტიკის გატარება იქნება ის ფასი, რომლის გატარებაც ყაზახეთს მოუწევს“.

იმ შემთხვევაში, როცა რუსეთი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაშიც ძლიერდება, არ არის გამორიცხული, პუტინის მომავალი სამიზნე საქართველო გახდეს. ზურა ბატიაშვილის აზრით, რუსეთისთვის უკრაინა და კავკასია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სსრკ-ის მსგავსი კავშირი აღადგინოს.

"რუსეთის ნებისმიერი გაძლიერება პირდაპირ არტყამს საქართველოს უსაფრთხოებას. ეხება ეს როგორც ყარაბაღში ე.წ. სამშვიდობოების განთავსებას, ისე ახლა ყაზახეთში ჯარების შეყვანას. მაინც ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში გადამწყვეტია 2 რამ:

როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში, რადგან რუსეთის სურვილი - აღადგინოს სსრკ-ის მსგავსი კავშირი, ვერ შედგება, თუ მასში არ იქნება უკრაინა და კავკასია. კავკასიაში საქართველოა ამ მხრივ მნიშვნელოვანი. უკრაინაში თუ რუსეთი წარმატებული იქნა, მაშინ, რა თქმა უნდა, შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება. მეორე საკითხია საქართველო და მისი პოლიტიკური ნება, რომელიც ამ დროისთვის არის არგაღიზიანების პოლიტიკა, რაც პირდაპირ ურტყამს ჩვენს ინტერესებს. საერთაშორისო თანამეგობრობა სულ უფრო ნაკლებს ლაპარაკობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რადგან საქართველოს ხელისუფლება თავად არ აქტიურობს ამ მიმართულებით, სირაქლემის პოზიციაშია, რაც გამოსავალი არ არის - მგელი შეჭამს ჯერ სხვას, მაგრამ მერე სირაქლემის პოზაში მყოფების შეჭმასაც ადვილად მოახერხებს“, - გვეუბნება ანალიტიკოსი.