სამხრეთ კორეის მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, ლი ჯე-მიუნგი და მისი წინადადება, საყოველთაო დაზღვევამ დაფაროს თმის ცვენის მკურნალობის ხარჯები, საზოგადოების განხილვის საგანი გახდა.
საპრეზიდენტო კანდიდატი მიიჩნევს, რომ თმის ცვენის ხარჯების დაფარვა აუცილებელია, რათა ადამიანმა "სხეულის სრულფასოვნება" შეიგრძნოს.
ლი ჯე-მიუნგმა, რომელიც "დემოკრატიული პარტიის" ლიდერია, თქვა, რომ დაახლოებით 10 მილიონი ადამიანის პრობლემაა თმის ცვენა და მათი დიდი ნაწილი მედიკამენტებს საზღვარგარეთ უკვეთავს და მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, პირობას იძლევა, რომ თმის ცვენის მკურნალობის კურსს სახელმწიფო დააფინანსებს.
სოციალურ ქსელებში ჯე-მიუნგის ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გავრცელდა 15-წამიანი ვიდეოც, სადაც ის თმის ცვენის მკურნალობას "არეკლამებს".
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა ან ჩოლ-სუმ ამ იდეას პოპულისტური უწოდა, ლის შეთავაზება უპასუხისმგებლობად დაახასიათა და პირობაც დადო, რომ თუ თვითონ გახდება პრეზიდენტი, მედიკამენტების ფასებს შეამცირებს და მკურნალობის ახალი საშუალების შემუშავებასაც დააფინანსებს.
მოამზადა ანა სიბოშვილმა