ავტორი:

"ნიჭიერი არტისტი იყო, მისი ქეთო ყარაულაშვილი ხომ დაუვიწყარია..." - მსახიობი ციალა გურგენიძე გარდაიცვალა

"ნიჭიერი არტისტი იყო, მისი ქეთო ყარაულაშვილი ხომ დაუვიწყარია..." - მსახიობი ციალა გურგენიძე გარდაიცვალა

84 წლის ასაკაში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი ციალა გურგენიძე. ის 1964 წლიდან თბილისის მუსკომედიის თეატრის წამყვანი მსახიობი იყო. შესრულებული აქვს რამდენიმე ათეული მთავარი როლი, თუმცა ფართო მაყურებელი მას ცნობილი ქართული ფილმებიდან: "სიყვარული ყველას უნდა“ და "კუჩხი ბედინერი“ იცნობს. განსაკუთრებული პოპულარობა ქეთო ყარაულაშვილის როლმა მოუტანა ფილმიდან "სიყვარული ყველას უნდა“.

"კუჩხი ბედნიერის“ გამოსვლის შემდეგ რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ თავის ფილმში მიიწვია, სადაც შინაბერა ქალის დაუვიწყარი სახე შექმნა. მისი ტექსტებით დღემდე ლაპარაკობენ ადამიანები.

"კახეთში გადასაღებ მოედანზე გაპრანჭული, ლამაზად გამოწყობილი გამოვცხადდი. რეჟისორმა თქვა, მაგას ამ როლს ვერ ვათამაშებ, ეს ყარაულაშვილი ქეთო უნდა იყოსო. გავბრაზდი, როლს როგორ მიცვლით-მეთქი? გიორგი შეწუხდა, გადაღებები უკვე დაწყებული იყო. მეხვეწებოდა, დარჩიო. მე კი თავსხმა წვიმაში თბილისში დაბრუნება მინდოდა. ერთმა ნაცნობმა შემაჩერა, - რას აკეთებ, ციალა, ეს გიორგი შენგელაიაა, ნიჭიერ კაცს უარს როგორ ეუბნებიო და დავრჩი... ფილმს რომ ვიღებდით, ტყემლის გაკეთების დრო იყო. ვიფიქრე, თბილისში რომ ჩავალ, ტყემალი მოლეული იქნება და უტყემლოდ როგორ დავრჩე-მეთქი. თქვენ წარმოიდგინეთ, სასტუმროში მოვხარშე ტყემალი. უცებ გიორგი შენგელაიამ გამოგვიცხადა, გადაღებები გადაიდო, თბილისში ვბრუნდებითო. ცხელ-ცხელი ტყემალი სასწრაფოდ ქილებში ჩავასხი და თბილისში წამოვიღე. გიორგი შენგელაია გაოცებული მიყურებდა, - ყველაფერი მინახავს, მაგრამ ფილმზე მუშაობისას რომ ვინმეს ტყემალი მოეხარშოს, არაო... გადაღებების დროს გიორგი გაცინებას მიშლიდა. ერთხელ ჭამის ეპიზოდს იღებდა. სხვებთან ერთად მეც გავიცინე. გიორგიმ გადაღება შეწყვიტა და მიყვირა,“ - "ნუ იცინი, ტი სკრომნაია!“ (შენ თავდაჭერილი ხარო). ამ ფილმის გამოსვლის შემდეგ კახელები ჩვენებუროს მეძახდნენ და მეფერებოდნენ,“ - ყვებოდა ერთ-ერთ ინტერვიუში ქალბატონი ციალა.

მართლაც მისი პერსონაჟი ქეთო ყარაულაშვილი დაუვიწყარი სახეა.

"კუჩხი ბედნიერის“ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ კი მსახიობს სულ იმას ეკითხებოდნენ, - თქვენი მეკვლე ისევ ძაღლი იქნებაო? თვითონ მიაჩნდა, რომ ის ძაღლი კარგ ფეხზე შევიდა მის ცხოვრებაში. ფილმში ეკრანებზე გამოსვლამდე, მსახიობი მასში მონაწილებას კი არ ამხელდა, რადგანაც თავს კინომსახიობად არ მიიჩნევდა და ერიდებოდა.

"გურამ პატარაიას სხვა ჰყავდა შერჩეული ცუცას როლზე, სინჯებზე რომ მივედი, ტექსტი წამაკითხეს, რეჟისორმა თქვა, ცუცას როლის შემსრულებელი ვიპოვეო... მეგრული ენა რომ მესწავლა, მეგრელებთან დავდიოდი“, - იხსენებდა ქალბატონი ციალა.

ბაია დვალიშვილი, მსახიობი:

- ძალიან ნიჭიერი ქალი იყო, კარგი მსახიობი, არაორდინალურიც. "კუჩხი ბედნიერში ერთად“ ვითამაშეთ... თუმცა ეს ბევრი წლის წინ იყო. "ჩემი ცოლის დაქალებშიც“ გადაიღეს. მე მასთან სცენა არ მქონია, მაგრამ კარგი სახე შექმნა. დასანანია, მისი გარდაცვალება“.

ციალა გურგენიძე "ჩემი ცოლის დაქალებში“ ეკა მჟავანაძის, პროექტის კასტინგმენეჯერის მიწვევით მოხვდა.

ეკა მჟავანაძე:

„ნიჭიერი არტისტი იყო. კარგია, რომ მისი ნამუშევარი ჩვენს პროექტშიც დარჩა. სულ ვფიქრობ ხოლმე, თუ არის სადმე მსახიობი, ისე დარჩენილი, რომ "დაქალებში“ არ უთამაშია, რომ რაღაცაში გამოვიყენო, სახე შექმნას. ციალა ერთ-ერთი მათთაგანი იყო. ცხადია, მახსოვდა, ცნობილი ფილმებიდან, მაგრამ ახლოს არ ვიცნობდი. ერთხელაც, მასთან დაკავშირება გადავწყვიტე, მაგრამ მისი ნომრის მოძიება გამიჭირდა. რომ დავურეკე, მხიარულად მელაპარაკა. მოვალო, - მითხრა, მაგრამ მერე გადათქვა, - არ შემიძლიაო... ბოლოს მაინც მოვიდა. ბაქარის პირველი ცოლის ბებიის როლი ჰქონდა. კარგი სახე დატოვა. ხშირად ტექსტი ავიწყდებოდა და თავისი სიტყვებით ოსტატურად ცვლიდა... კარგი ქალი იყო. რაღაც სუვენირთან ერთად, თავის ავტობიოგრაფიული და ლექსების წიგნი მაჩუქა. მერეც სულ მეუბნებოდა, - გამომიარე, შენთვის საჩუქარი მაქვსო. ისე ვნანობ და გული მწყდება, რომ მისვლა ვერ მოვახერხე. ვაჟა-ფშაველაზე მარტო ცხოვრობდა... მხიარული ქალიც იყო, რომ გეთქვა, - ციალა, იცეკვე, უცებ გაშლიდა ხელს, საოცრებას დაატრიალებდა. გიჟდებოდა თამაშზე. არტისტი იყო და ეს არის... ტელეფონზე რომ ვურეკავდი, გულით მესაუბრებოდა. მისი გამოკვეთილი პერსონაჟი ქეთო ყარაულაშვილი ხომ საოცარია... დასანანია, რომ აღარ არის“.

იზა ბოჭოიძე, მუსკომედიის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი:

„კარგი მსახიობი იყო, ახლოს ვიყავით. თეატრში სულ სახასიათო და მთავარი როლები ჰქონდა... მისი კინოროლი ყარაულაშვილი დაუვიწყარია... ციალას გარდაცვალება მეწყინა და გული დამწყდა. საწყენია, როცა ადამიანები მიდიან... თეატრში გამოუვალი მდგომარეობა რომ იყო ხოლმე, სახასიათო როლის გარდა, სხვა არაერთი როლიც უთამაშია. ხომ ვამბობ, ნიჭიერი იყო“...

ციალა გურგენიძემ 1963 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველი სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტი. სცენაზე შესრულებული აქვს უამრავი მთავარი როლი, მათ შორის: ბუჭუტა (შ. ჯოჯუა "უცნაური მკვლელობა"), ბოლოქანქარა (ს. ცინცაძე "სიმღერა ტყეში"), მარიტა (ო. თევდორაძე "შვეიკი მიდის ფრონტზე"), ეკა, დოფინა (შ. მილორავა "სიმღერა თბილისზე", "გზა, ყარამანს ქალი მოჰყავს"), ლოტა, მირანდოლინა, მარგო (გ. ცაბაძე "ჩემი შეშლილი ძმა", "მირანდოლინა", "კურკას ქორწილი"). ასევე სხვა როლებიც ანჟელიკა (მოდუნიო "შავი ურჩხული"), ჩანიტა (მილიუტინი "ჩანიტას კოცნა"), თელი (ჰაჯიბეკოვი "არშინ მალალან"), მარჯორი (ლოუ "ჩემი მშვენიერი ლედი").

  • ambebi.ge მწუხარებას გამთქვამს მსახიობ ციალა გურგენიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, ქართულ თეატრს და კინოს