ავტორი:

იტალიური მაფიის ბოსი, რომელიც სამართალდამცველებს 20 წელი ემალებოდა, Google-ის საშუალებით დააკავეს

იტალიური მაფიის ბოსი, რომელიც სამართალდამცველებს 20 წელი ემალებოდა, Google-ის საშუალებით დააკავეს

იტალიური მაფიის ბოსი ჯოაკინო გამინო, რომელსაც მკვლელობის გამო სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს და რომელიც იტალიაში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ კრიმინალურ ავტორიტეტად ითვლება, ესპანეთში, მადრიდთან ახლოს, ქალაქ გალაპაგარში დააკავეს. როგორც აღმოჩნდა, კრიმინალი, რომელსაც სამართალდამცავები წლების განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ, პატარა ქალაქში მანუელის სახელით რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

იტალიური მაფიის ბოსს ხილ-ბოსტნეულის მაღაზია ჰქონდა გახსნილი და პარალელურად, შეფ-მზარეულად მუშაობდა. კრიმინალური ავტორიტეტი სამართალდამცავებმა სრულიად შემთხვევით იპოვეს, როცა პროგრამა Google Street View-მ მაღაზია "El Huerto de Manu" - "მანუს ბაღთან“ ფოტო ორ მამაკაცს გადაუღო.

პოლიციამ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცავებმა იფიქრეს, რომ ფოტოზე ერთ-ერთი მამაკაცი იტალიელ კრიმინალს ჰგავდა, შემდეგ კი გამოძიებისას გამინოს ფოტო რესტორნის ფეისბუკ გვერდზეც აღმოაჩინეს.

ფოტოზე გამინოს შეფ-მზარეულის სამოსი აცვია, მისი ამოცნობა სახეზე შრამით შეძლეს. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, სიცილიელ კრიმინალურ ავტორიტეტს რესტორნის მენიუში სიცილიური კერძიც შეუტანია.

სამართალდამცავთა ცნობით, ჯოაკინო გამინო სიცილიური ქალაქის აგრიჯენტოს მაფიოზური კლანის წევრი იყო, რომელიც 1990-იან წლებში მსოფლიოში ცნობილ და ყველაზე დიდ მაფიოზურ კლანს "კოზა ნოსტრას“ დაუპირისპირდა. პირველად ის 1984 წელს, შემდეგ კი 1998 წელს ბარსელონაში დააკავეს. გამინოს მკვლელობასა და მაფიოზურ კლანთან კავშირში დასდეს ბრალი, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს და რომის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ციხიდან გაქცევა

2002 წელს მაფიოზური კლანის ლიდერმა ციხიდან გაქცევა მოახერხა. ამ დროს ციხეში ტელეომპანია Rai სერიალს იღებდა. მაშინ გამოცემა La Repubblica წერდა, რომ მაფიოზმა გაქცევა სწორედ იმ დროს მოახერხა, როცა გადაღებები ციხის ეზოში მიმდინარეობდა. აღმოჩნდა, რომ გადაღებების პარალელურად პატიმრები ახლობლებს მაინც ხვდებოდნენ და შეზღუდვები არ ჰქონდათ.

გადაღებების მსვლელობისას უეცრად პატიმრებმა ჩხუბი დაიწყეს, ერთ-ერთი მათგანი კი შემდეგ ციხის გალავანზე აძვრა და არ ჩამოდიოდა. ყველას ყურადღება ჩხუბისკენ იყო მიმართული, რადგან ფიქრობდნენ, რომ შესაძლოა პატიმრების ბუნტი დაწყებულიყო. სწორედ ამ არეულობაში გამინომ მოახერხა და ციხიდან გაიქცა. გამომძიელებთა აზრით, პატიმრებმა ჩხუბი სპეციალურად დაიწყეს და გამინოს გაქცევაში დაეხმარნენ. ამის შემდეგ იტალიური პოლიცია კრიმინალური ავტორიტეტის მოძებნას და დაკავებას წლების განმავლობაში ცდილობდა. საბოლოოდ, ის 2021 წლის 17 დეკემბერს დააკავეს, თუმცა ამის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი ახლახანს გახდა, როცა ამბავი გამოცემა La Repubblica-მ გამოაქვეყნა. განაგრძეთ კითხვა