"ახალი წლის მეორე დღეს ეკონომისტები ცაში გასროლილ და ჩინეთის ეკონომიკაში ინვესტირებულ მილიონებზე დარდობენ, ექიმები ამპუტირებულ ხელებზე, მეხანძრეები გასაგებია, რაზეც... მე მაშხალებს არ ვყიდულობ, მომბაძეთ! ფინანსური ბოიკოტი პიროტექნიკას", - აი, ასეთია ყოფილი ვიცე-პრემიერის, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, ხუთგზის პარლამენტის წევრისა და ორიგინალური პერფორმანსების ავტორის რომან გოცირიძის პოზიცია. ალბათ, ბევრს გახსოვთ, როგორ აწონა რომან გოცირიძემ ჩანთაში ჩადებული საგადასახადო კოდექსი საპარლამენტო ტრიბუნაზე. როგორც ამბობს, ამით საზოგადოებისთვის უფრო თვალსაჩინო გახადა საქართველოში და საერთოდ, მსოფლიოში, საგადასახადო ტვირთის შემცირება. როგორც გაირკვა, ბატონი რომანი ახალ წელსაც ორიგინალურად შეხვდა. მეკვლეც განსხვავებული ჰყავდა.
- ძალიან მძიმე წელი გავაცილეთ - 13500 კაცი წაგვართვა კორონამ, უმრავლესობა 2021 წელს დაიღუპა. გასულ წელს იმაზე მეტი ადამიანი მოკვდა, ვიდრე ქართლ-კახეთში აღა-მაჰმად-ხანის ლაშქრობის დროს. თუმცა ისეთი ამბებიც მოხდა, რამაც ყველა ქართველი გაგვახარა. მაგალითად, ლაშა ტალახაძის უნიკალურმა წარმატებამ. ყველა რეკორდი მოხსნილი ჰქონდა, მხოლოდ ერთი ჰქონდა დარჩენილი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს ბელარუსმა სპორტსმენმა დაამყარა. ტალახაძემ 33 წლის შემდეგ დაამხო ეს რეკორდი. კიდევ ერთი 33 წელი იქნება საჭირო იმისთვის, რომ ვინმემ ეს რეკორდი მოხსნას.
- როგორ შეხვდით 2022 წელს?
- კორონამ ხომ ყველაფერი შეცვალა. ამიტომ ძალიან პრინციპული ვარ - არანაირი სტუმრიანობა, არანაირი ხალხმრავალი ადგილები. შინ, ცოლ-შვილთან ერთად შევხვდი. კიდევ ერთ საკითხში ვარ ძალიან პრინციპული - მიმაჩნია, რომ ფეიერვერკი ყველაზე უაზრო გართობის საშუალებაა - ხარჯიანი, სახიფათო, დამაბინძურებელი, ხმაურიანი, წამიერი. განსაკუთრებით ცუდია, თუ ზალპის მიცემის პლაცდარმი საკუთარი სახლის ფანჯარა ან აივანია. ეროვნულ ბანკში რომ ვმუშაობდი, თანამშრომელს კორპუსში ბინა მთლიანად დაუწვა ფანჯრიდან შემოვარდნილმა მაშხალამ.
- საუკეთესო ახალ წელს თუ გაიხსენებთ?
- საუკეთესო იყო ის 6-7 ახალი წელი, როდესაც თოვლის ბაბუად გამოწყობილი ჩემს გოგონასთან საჩუქრებით მივდიოდი, მასთან ერთად ვცეკვავდი და ვმღეროდი. ამას მანამდე ვაკეთებდი, სანამ იმხელა არ გახდა, რომ ჩემს გაშიფვრას შეძლებდა.
- მეკვლეობის ტრადიცია თუ გაქვთ?
- წინასწარ მეკვლე არასდროს შემირჩევია, თუ ჩემთვის სასიამოვნო მეზობელი მოგვიკაკუნებდა, მიხაროდა. წელს პირველად მყავდა წინასწარ შერჩეული და ასე განსაჯეთ, გაწვრთნილი მეკვლე - კატა. თუ შეიძლება ძაღლი იყოს მეკვლე, კატა რატომ არ შეიძლება?! ძალიან მაგარი კატა მყავს. მეკვლემ ხომ უნდა დააკაკუნოს და სასიამოვნო სიტყვები თქვას, ჰოდა, ჩემი კატა ძალიან მშიშარაა - თუ გარეთ დატოვებ, მაშინვე დაეტაკება კარს და თათებით ფხაჭნის. ორი წუთით გავსვი გარეთ, მაშინვე კარს დაეტაკა და ფხაჭნა დაიწყო, ეს დაკაკუნებად მივიჩნიეთ, მერე დაიკნავლა - ეს საახალწლო დაკნავლება იყო. გავუღეთ თუ არა კარი, გახარებული შემოვარდა, გადავრჩი, გარეთ არ დამტოვესო. აბა, მითხარით, ასეთი ბედნიერი სხვა ვინ შემოვიდოდა?! კატაც ბედნიერი იყო და ჩვენც.
- როგორც ვიცი, ფილოსოფიით, ფსიქოლოგიით, სპორტითა და მუსიკით იყავით გატაცებული. პროფესიით კი ეკონომისტი ხართ.
- ფილოსოფია, ფსიქოლოგია, სპორტი და მუსიკა ძალიან მიყვარდა, ეკონომისტი კი სრულიად შემთხვევით გავხდი. ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ფილოსოფია-ფსიქოლოგიაზე მინდოდა ჩამებარებინა. მაშინ ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე დიდი კონკურსი იყო და ჯარში რომ არ წავსულიყავი ეკონომიკურზე ჩავაბარე. ოთხი თვის შემდეგ, როდესაც საშემოდგომო გაწვევა დასრულდა, გამოვიტანე საბუთები და მოსამზადებელ ფაკულტეტზე დავიწყე სიარული. მეორე წელს გავიგე, რომ ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე მოსახვედრად, ყველა საგანში ხუთიანების მიღება იყო საჭირო. ავდექი და ხელახლა ჩავაბარე ეკონომიკურზე. ამასობაში რა მოხდა? მე ხომ საბუთები დეკემბერში გამოვიტანე უნივერსიტეტიდან, მაისში კი საგაზაფხულო გაწვევა ყოფილა. არ გამოვცხადდი კომისარიატში, შედეგად დეზერტირად გამომაცხადეს. ..წაიკითხეთ სრულად