ავტორი:

"მალე პუტინის საიმედო კადიროვცები ყაზახეთში იქნებიან... მეამბოხეები თანდათან გაქრებიან" - ჩეჩნეთის ლიდერის პოზიცია ყაზახეთზე და მწვავე გამოხმაურება ინტერნეტში

"მალე პუტინის საიმედო კადიროვცები ყაზახეთში იქნებიან... მეამბოხეები თანდათან გაქრებიან" - ჩეჩნეთის ლიდერის პოზიცია ყაზახეთზე და მწვავე გამოხმაურება ინტერნეტში

რამდენიმე დღეა მსოფლიო ინტერესით ადევნებს თვალს ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც იქ რუსეთმა პრეზიდენტ ტოყაევის თხოვნით კუხოს (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) შეიარაღებული ძალები შეიყვანა. უკვე ძალიან ცოტას აქვს მოლოდინი, რომ ქვეყანაში ოდესმე სტაბილურობა და სიმშვიდე დაისადგურებს.

ყოველდღიურად ვრცელდება ცნობები, ყაზახეთში დემონსტრანტებსა და არმიას შორის შეტაკების შედეგად დაღუპული და დაჭრილი ადამიანების შესახებ. ინტერნეტი ჯერ კიდევ დაბლოკილია, მაგრამ ადგილობრივები ყველა შესაძლო ქსელში წერენ, რომ რუსული სამშვიდობო ძალების შეყვანის შემდეგ, ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა.

სპეციალისტების შეფასებით, მოსკოვი პეკინს ყაზახეთში ბრძოლას უგებს, რადგან პუტინმა შესანიშნავად გამოიყენა შესაძლებლობა და რუსული ჩექმის იქიდან მოცილება ძალზე ძნელი იქნება, მით უფრო, რომ დიდი ხანია აღიზიანებდა საბჭოთა პოლიტიკური ისტებლიშმენტის ძველი წარმომადგენელი ნურსულთან ნაზარბაევი, რომელიც როგორღაც ახერხებდა, რომ კრემლის საჭადრაკო პარტია არ ეთამაშა.

"რუსეთი ყაზახეთში რომ კაი ხნით (სამუდამოდ თუ არა) აპირებს მოკალათებას, ამაზე ბევრი რამ მიანიშნებს, მათ შორის პუტინის რამდენიმე მარჯვენა ხელის თანაგრძნობით აღსავსე მიმართვები თუ განცხადებები, თუ რა ცუდია ომი და რატომ უნდა დასრულდეს ძალიან სწრაფად. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და პირველია ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი. ეს კი ნიშნავს, რომ უკვე თუ არ არიან, ძალიან მალე პუტინის ყველაზე საიმედო კადიროვცები იქ იქნებიან..." - წერს პოლიტიკური მიმომხილველი ალექსანდრე პერეპელიცა.

რამდენიმე დღის წინ, კადიროვმა ყაზახეთსა და ჩეჩნეთს შორის პარალელი გაავლო და იქ მიმდინარე პროცესები ჩეჩნეთის ომს შეადარა. მან ანტისამთავრობო დემონსტრანტებს პროტესტის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

Кавказский узел-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი განმარტავს, რომ ჩეჩნეთის ლიდერს, ისევე როგორც სხვა რეგიონების მეთაურებს უფლება არ აქვთ, რუსეთის საგარეო საქმეებში ჩაერიონ.

"მსგავსი განცხადება პესკოვმა 2020 წელსაც გააკეთა, როდესაც კადიროვმა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი დამამცირებელ კონტექსტში მოიხსენია. მაშინ კადიროვმა განაცხადა, რომ მზად იყო ჩეჩნეთის ლიდერის პოსტი დაეტოვებინა, თუმცა, თავის პოზიციაზე რჩებოდა... მაშინ უფლებადამცველები წერდნენ, რომ კადიროვი ერთადერთი ლიდერი იყო, რომელიც პუტინის პრეს-მდივანთან საჯაროდ კამათობდა" - წერს გამოცემა.

მისივე ცნობით, აშკარაა, რომ ჩეჩნეთის ლიდერი არც შემდეგში აპირებს გაჩუმებას. მისი თქმით, ყაზახეთის ბედი მათთვის უმნიშვნელო არ არის, ვინადან მამამისი ყაზახეთში დაიბადა.

"იქ არის დასაფლავებული ჩემი პაპის ძმა. ყველაზე რთულ დროს, ჩვენი ყაზახი ძმები გვერდში დაგვიდგნენ და ჩვენზე ზრუნავდნენ. რაში სჭირდებოდათ მათ ეს პროტესტი?.. გაზის ფასის გამო ადამიანები გამოდიან ქუჩაში, ერთმანეთს ხოცავენ, ქვეყანას ანგრევენ, რატომ, რისთვის? რისთვის დახოცეს პოლიცია, სამხედროები. ისინი დანაშაულს ჩადიან და ამისთვის პასუხსაც იღებენ" - ამბობს კადიროვი.

მისი თქმით, ჩეჩნეთმა იცის, რა არის ომი, მიტინგები.

"ჩვენთანაც იგივე ხდებოდა, რაც ახლა ყაზახეთში, ყველაფერი სამხედრო პროცესებში გადაიზარდა. ამის შემდეგ ჩვენთან ორი სამხედრო კამპანია განხორციელდა, ასობით ათასი ადამიანი დავკარგეთ. ეს ჩეჩნებმა, აქ დაბადებულ-გაზრდილმა ადამიანებმა კი არა, სხვადასხვა ქვეყნის აგენტების მიერ გამოწვრთნილმა ადამიანებმა ჩაიდინეს, მათ კონკრეტული დავალება ჰქონდათ - ჩეჩნეთიდან დაწყებულიყო რუსეთის სუვენერული სახელმწიფოს ნგრევა" - ამბობს კადიროვი.

მის განცხადებას ინტერნეტსივრცეში გამოხმაურება მოჰყვა. რუსი ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ დასავლეთის ფაქტობრივად შესუსტებულმა პიზიციებმა მსოფლიო იქამდე მიიყვანა, რომ რუსეთი ქმნის პოლიტიკურ დღის წესრიგს. პუტინის მარჯვენა ხელი კადიროვი კი, მშვიდობაზე ქადაგებს.

"რამდენიმე დღის წინ, ჩვენი მეფის მიერ აღიარებულმა პატარა მეფემ, კიდევ ერთი პოლიტიკური განცხადება გააკეთა და უკრაინის რუსეთისთვის შემოერთების აუცილებლობაზეც ისაუბრა... რასაკვირველია, კადიროვი პუტინის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად წამსა და წუთს არ კარგავს. სწორედ ასეთი ხალხია საშიში, საკუთარი კეთილდღეობისთვის, გავლენების გაფართოებისთვის მზად არის გარშემო ყველა გაგუდოს, თუმცა ამას მსოფლიო გატრუნული ელოდება. მალე ვიხილავთ კადიროვცებს ყაზახეთის სხვადასხვა ქალაქში, სადაც ალბათ ყველაზე მწვავე მეამბოხეები თანდათან გაქრებიან. გამარჯობა რუსეთო ყაზახეთში" - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი იური კოზაჩუკი.