საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 100 ქულიდან 36.31-ით ფასდება, ხოლო დემოკრატიის ქულის მიხედვით, 7-დან 3.18 ქულას შეადგენს, რითაც გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმის კატეგორიაში ხვდება. წინა წლის მონაცემებით, დემოკრატიის მაჩვენებელი 100-დან 38 ქულას შეადგენდა, ხოლო დემოკრატიის ქულა 7-დან 3.25 იყო.
ანგარიშში ასევე საუბარია თავისუფლების ინდექსზე. 2021 წელს საქართველოში თავისუფლების მაჩვენებელი 100-დან 60 ქულით ფასდება. მათ შორის პოლიტიკური უფლებები 23 ქულით შეფასდა 40-დან, სამოქალაქო თავისუფლებები კი 37 ქულით 60-დან. ანგარიშის მიხედვით, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიას მიეკუთვნება.
რაც შეეხება ინტერნეტის თავისუფლების კუთხით 2021 წლის შეჯამებას, საქართველოს 100-დან 77 ქულა მიენიჭა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით ერთი ქულით მაღალია და თავისუფალ ქვეყანათა კატეგორიაში ხვდება. ორგანიზაციის ცნობით, ინტერნეტის თავისუფლების დონე ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით – დაბრკოლებები წვდომაზე, კონტენტზე დაწესებული შეზღუდვები და მომხმარებელთა უფლებების დარღვევები.