ავტორი:

"ამბობდა, მოვა დრო და რუსთაველის თეატრიდან ტაშით გამომასვენებენო... ეს დღეს დადგა!" - მსახიობი  ნიკა ქაცარიძე დაკრძალეს

"ამბობდა, მოვა დრო და რუსთაველის თეატრიდან ტაშით გამომასვენებენო... ეს დღეს დადგა!" - მსახიობი  ნიკა ქაცარიძე დაკრძალეს

მსახიობი ნიკა ქაცარიძე დღეს დაკრძალეს. ის რუსთაველის თეატრიდან გამოასვენეს და ადგილზე შეკრებილმა, მეგობრებმა, კოლეგებმა და ახლობლებმა უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს.

თეატრთან გადაღებულ ფოტოს და ემოციურ პოსტს ავრცელებს "ფეისბუქზე" თამუნა მუსერიძე.

"თეატრალურ უნივერსიტეტში ერთ პერიოდში ვსწავლობდით. ორივემ გვიან ჩავაბარეთ. ნიკა პირველ ჯერზე არ მიიღეს, არ დადგება შენგან მსახიობიო.

კომისიის წევრებს მოუტრიალდა, არ დადგება კი არა, მოვა დრო და რუსთაველის თეატრიდან ტაშით გამომასვენებენო. ეს დღეს დადგა!" - წერს მუსერიძე.

რუსთაველის თეატრის მსახიობი, 43 წლის ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი გულის შეტევაა. ნიკა ქაცარიძე 2005 წლიდან დღემდე რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო.

თეატრის სცენაზე განსახიერებული აქვს არაერთი როლი. მონაწილეობდა სპექტაკლებში: "შობის მეთორმეტე ღამე, ანუ როგორც გენებოთ“, "დარისპანის გასაჭირი“, "ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და… პრეზიდენტი“, "სალამურა“, "პატარა უფლისწული“ და სხვა.