საგარეჯოში პოლიციამ სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 2 პირი დააკავა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ იმ დროს მოხდა, როდესაც საახალწლო ღონისძიების მიმდინარეობისას, რამდენიმე ახალგაზრდა ქალაქის მთავარ ქუჩაზე დამონტაჟებულ სცენაზე ასვლას ცდილობდა. როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი ყვება, 5- ზე მეტი ახალგაზრდა სცენაზე ავიდა და კონცერტის ჩაშლას ცდილობდა, რა დროსაც პოლიციასა და მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.
"კონცერტი თითქმის სრულდებოდა რამდენიმე ადამიანი, ალბათ 5- ზე მეტი ცდილობდა სცენაზე ასვლას და კონცერტის ჩაშლას. მე როგორც გავიგე, პოლიციამ მოუწოდა ტერიტორიის დატოვება, თუმცა ისინი ამბობდნენ, კონცერტი რატომ გაიმართაო. შემდეგ უკვე დაპირისპირება მოხდა და ადგილზე სხვა პოლიციელებიც მოვიდნენ", - აცხადებს თვითმხილველი.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს დაშავდა ერთი პოლიციელი, მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული, დაკავებულია 2 ახალგაზრდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.