ავტორი:

ასტროლოგიის როლი ჩვენს ყოველდღიურობაში - რამაზ გიგაურის წიგნების სერია, რომელიც ჩვენს ყველა კითხვას უპასუხებს

ასტროლოგიის როლი ჩვენს ყოველდღიურობაში - რამაზ გიგაურის წიგნების სერია, რომელიც ჩვენს ყველა კითხვას უპასუხებს

3 თებერვლიდან „პალიტრა L-ის“ მკითხველს საინტერესო სიახლე ელის: ასტროლოგმა რამაზ გიგაურმა თავისი ცოდნითა და გამოცდილებით, საინტერესო ისტორიული ფაქტებისა და კვლევების მოძიებით შეადგინა 6 წიგნისგან შემდგარი სერია „ადამიანი და ასტროლოგია“, რომელიც ზოდიაქოს ნიშნებთან და ჩვენს ცხოვრებაზე კოსმოსის გავლენებთან დაკავშირებით ყველა კითხვას გასცემს პასუხს.

სერია მოიცავს შემდეგ წიგნებს: „ზოგადი ასტროლოგია“, „სიყვარულის ასტროლოგია“, „საქმიანი, პროფესიული და ფინანსური ასტროლოგია“, „ჯანმრთელობის ასტროლოგია“, „საბავშვო ასტროლოგია“ და „აღმოსავლური ასტროლოგია“. ყველა მათგანში დეტალურად არის განხილული ასტროლოგიის კავშირები სხვადასხვა საკითხთან და ცხოვრებისეულ მოვლენასთან. ასევე, შეხვდებით საინტერესო პარალელებს, რომლებიც დაგაფიქრებთ და თვალსაწიერს გაგიფართოებთ.

წიგნები 3 თებერვლიდან ჟურნალ გზასთან ერთად სპეციალურ ფასად იქნება წარმოდგენილი (წიგნი 5 ლარი, ჟურნალთან ერთად - 7 ლარი), რაც მასზე ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გაზრდის. რას აღმოვაჩენთ წიგნების სერიაში საკუთარი ზოდიაქოს ნიშნისა და მისი გავლენების შესახებ და რა როლი აქვს ასტროლოგიას ჩვენს ცხოვრებაში, ამის შესახებ სერიის ავტორი და ასტროლოგი რამაზ გიგაური გვესაუბრა:

საინტერესოა, აქამდე არსებობდა თუ არა ქართულ ენაზე ასეთი სრულყოფილი გამოცემა, რომელიც ჩვენთვის, არაპროფესიონალებისთვის გასაგებ ენაზე ახსნიდა ყველა საჭირო დეტალს?

ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ არ არსებობს, თუმცა თუ თვალს გადავავლებთ ქართულ ენაზე არსებულ ასტროლოგიურ ლიტერატურას, ვნახავთ, რომ ძალიან მწირია. 90-იანი წლების დასაწყისში ითარგმნა რამდენიმე წიგნი, მათ შორის ძალიან კარგი ამერიკელი ასტროლოგის ლინდა გუდმენის წიგნი „ამერიკული ჰოროსკოპი“, შემდეგ კი იშვიათად თუ ვიყავით სიახლეებით განებივრებულები.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ „ადამიანი და ასტროლოგია“ არის უნიკალური პროექტი, რომელიც ერთ სისტემად და სერიად აერთიანებს სხვადასხვა ასტროლოგიურ მიმართულებას. ამასთან, ის განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისთვის და არ მოითხოვს არანაირ რთულ ასტროლოგიურ გათვლებს. რაც მთავარია, ექვსივე წიგნი მორგებულია ზოდიაქოს ნიშნებზე და ამა თუ იმ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანის შესახებ ვიგებთ ძალიან ბევრ ინფორმაციას. სხვათა შორის, პირველ წიგნში - ზოგად ასტროლოგიაში - იქნება ძალიან საინტერესო ნაწილი - ასტროლოგიის ისტორია, სადაც განხილული იქნება საქართველოში დაახლოებით 2000-წლოვან და მეტ პერიოდში მომხდარი ის ასტროლოგიური აქტივობები, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო. მაგალითად, საუბარია ფაზისის აკადემიაზე, სადაც ისწავლებოდა ასტროლოგია, ასევე, ვარსკვლავთმრიცხველობას შეისწავლიდნენ იყალთოსა და გელათის აკადემიებშიც. განვიხილავთ „ვეფხისტყაოსანსაც“, საქართველოს ნომერ პირველ წიგნს, რომლის კითხვისას ასტროლოგიაში ნაკლებად გათვითცნობიერებული ადამიანიც მიხვდება, რომ შოთა რუსთაველი კარგად ფლობს ამ სფეროს. ამასვე ადასტურებს ემიგრაციაში მყოფი და, მე ვიტყოდი, „ვეფხისტყაოსნის“ ნომერ პირველი მკვლევარი ვიქტორ ნოზაძე, რომელმაც პოემა სრულად გამოიკვლია. მისი ერთ-ერთი წიგნი, რომელსაც „ვეფხისტყაოსნის“ ასტროლოგია“ ეწოდება, ამასვე ადასტურებს და ჩვენს წიგნშიც გვექნება ადგილი ამისთვის დათმობილი. ამის შესახებ ინფორმაცია მგონი ფართო საზოგადოებას არ აქვს, ამიტომ ბევრ აღმოჩენას გააკეთებთ.

თქვენთვის რა გამოცდილება იყო სერიაზე „ადამიანი და ასტროლოგია“ მუშაობა, როგორ იწერებოდა ეს წიგნები?

მე უკვე 20-წლიანი ასტროლოგიური პრაქტიკა მაქვს და შეიძლება ითქვას, რომ ჩემს ხელთ არის საკმაოდ დიდი ინფორმაცია და სისტემური ცოდნა, რომელიც რამდენიმე მიმართულებით გავშალე.

როდესაც ამ პროექტზე დავიწყეთ საუბარი, მე ვთქვი, რომ შეიძლება ის რამდენიმე მიმართულებით გაიშალოს, რადგან თუნდაც, როდესაც ადამიანი მიდის ასტროლოგთან, მას თავდაპირველად საკუთარი თავის შეცნობა აინტერესებს და შემდეგ სხვა რამ. თავის დროზე ასტროლოგიის სწავლაც სწორედ ამიტომ დავიწყე, რათა საკუთარი თავი შემეცნო და ჩემს წინაშე არსებული სირთულეები უკეთ გამეანალიზებინა. რა თქმა უნდა, ერთი მიმართულება უნდა ყოფილიყო სიყვარული, რადგან ეს არის უპირველესი ენერგია, უპირველესი ემოცია, როგორც იოანე მოციქული ამბობს, „სიყვარული არის ღმერთი“, ამიტომ მეორე წიგნი ეძღვნება სიყვარულის ასტროლოგიას. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ამაზე მუშაობა, რადგან საინტერესოა, როგორ აღმოვაჩენთ თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს ამ მიმართულებით. ამ წიგნის მეშვეობით არამხოლოდ დავინახავთ საკუთარი თავისა და ახლობლების, ოჯახის წევრების ხასიათს, არამედ მათს გამოვლენას სიყვარულთან მიმართებაში.

შემდეგი წიგნი ფინანსურ თემატიკას ეთმობა. ამ მიმართულებითაც ძალიან საინტერესო იყო მუშაობა, რადგან მე თვითონ კუროს ნიშნით ვარ დაბადებული, რომელიც მატერიის მიმართ ძალიან მგრძნობიარე ნიშანია.

საინტერესო აღმოჩნდა, როდესაც ამერიკული „ფორბსის“ ჟურნალში აღმოვაჩინე ასტროლოგიური სტატია, რომლის ავტორიც მიმოიხილავდა, ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქვეშ იყო დაბადებული ყველაზე მეტი მილიარდერი. აღმოჩნდა, რომ ეს არის ქალწულის ნიშანი და არც არის გასაკვირი, რადგან იგი გამოირჩევა შრომისმოყვარეობით, დისციპლინითა და მიზანდასახულობით.

რაც შეეხება ჯანმრთელობის ასტროლოგიას, აქ მკითხველი ბევრ საინტერესო ფაქტს აღმოაჩენს. მაგალითად, ამ წიგნში ვსაუბრობთ ხევსურ აქიმებზე რომლებსაც შეეძლოთ თავის ქალის ტრეპანაციის (თავის ქალის გაბურღვა) გაკეთება, აღარ ვსაუბრობ სხვა მარტივ სამედიცინო მანიპულაციებზე. ასევე, ძალიან საინტერესო მაგალითი მომყავს ცნობილი მისტიკოსის გიორგი გურჯიევის შესახებ, რომელსაც 1904 წელს სწორედ ხევსურეთში გაუკეთეს ქირურგიული ოპერაცია მას შემდეგ, რაც ჭიათურაში აჯანყების დროს დაიჭრა. ის თვითონ გაოცებული წერს, რომ 3 კვირაში ხევსურმა აქიმებმა ფეხზე დააყენეს.

ასევე, ქართველი მკვლევარი და ექიმი გიორგი თედორაძე აღნიშნავს, რომ საოცარია, როგორ დეტალურად ერკვეოდნენ ხევსური აქიმები ტვინის ხვეულებში და მათ იცოდნენ არამხოლოდ მედიცინა, არამედ გარკვეულები იყვნენ კოსმობიოლოგიაშიც, რადგან ხვდებოდნენ, მთვარის რომელ ფაზაში მოეგროვებინათ სამკურნალო მცენარეები და როდის დაემზადებინათ მედიკამენტები.

მუშაობის პროცესში ყველაზე საინტერესო იყო საბავშვო ასტროლოგია და მისი ერთ-ერთი ეპიგრაფი არის ჩვენთვის ყველაზე საყვარელი ფრაზა ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა უფლისწულიდან“: „ყველა ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ“. მართლაც, ძალიან ხშირად ჩვენს ბავშვობაში გადატანილი ტრავმები მოზრდილ ცხოვრებაში იჩენს ხოლმე თავს. უნდა ვიცნობდეთ ბავშვებს, თუნდაც მათს ფსიქოტიპებს და მე მიმაჩნია, რომ საბავშვო ასტროლოგია მშობლებსა და მასწავლებლებს ძალიან გამოადგებათ პატარებთან მუშაობის დროს.

სერია სრულდება აღმოსავლური ასტროლოგიით, რომელიც ჩემთვის ყოველთვის საინტერესო იყო. აღმოსავლეთში არის უდიდესი ცოდნა, უდიდესი მისტიკა, რომელიც, ბუნებრივია, ვლინდება ასტროლოგიურ ცოდნაში.

რას აღმოაჩენს თითოეული ადამიანი თავისი ზოდიაქოს ნიშნის შესახებ?

თითოეული ადამიანი აღმოაჩენს ისეთ რამეს, რაც მას საშუალებას მისცემს, რომ გახდეს უკეთესი. ეს არის ჩემი გზავნილი ადამიანებისადმი - რომ მე მწამს ცხოვრებაში ორი მასწავლებლის: ერთს ეწოდება ადამიანი, მეორეს - წიგნი. წიგნების ამ სერიიდან კი ბევრ პრაქტიკულ და საინტერესო რაღაცას შევისწავლით. როგორც მე ინდოეთში მასწავლეს, შენი მასწავლებელი არ არის ის, ვინც შენ გასწავლის, შენი მასწავლებელი არის ის, ვისგანაც შენ სწავლობ და, ვფიქრობ, ეს წიგნები სწორედ ის მასწავლებლები იქნებიან, ვისგანაც რეალურად შევისწავლით რამეს.

წიგნი, ადამიანებისგან განსხვავებით, ნაკლებად ამბიციური და ხისტია, ის უფრო მეტად ჩაღრმავებისა და დაფიქრების საშუალებას გაძლევს. „ადამიანსა და ასტროლოგიაში“ თითოეული ადამიანი თავისი ზოდიაქოს ნიშნის შესახებ აღმოაჩენს ახალ ცოდნას და, რაც მთავარია, ერთიან სისტემაში მოქცეულს, რომელიც საშუალებას მისცემს შეცვალოს საკუთარი თავი.

რეალურად რა როლი აქვს ასტროლოგიას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და რამდენად დაგვეხმარება მასში გარკვეული დოზით გათვითცნობიერება?

როგორც პროფესიონალი ასტროლოგი, მასზე მიჯაჭვის წინააღმდეგი ვარ, რადგან ნებისმიერი რაღაცის მიმართ, იქნება ეს თუნდაც პოლიტიკა თუ რელიგია, ამგვარი დამოკიდებულება დამანგრეველია. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვაქციოთ იდეოლოგიად და ფანატიკურად არ უნდა გვჯეროდეს მისი.

მაგალითად, სიყვარული არის კომპრომისი, ურთიერთდათმობა და დავაკვირდეთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, პოლიტიკასა თუ რელიგიაში, არის თუ არა კომპრომისები, ურთიერთდათმობა? - ვიტყოდი, რომ ნაკლებად, იმიტომ რომ მრავლად ვხვდებით ეგოისტურ გამოვლინებებს, რასაც არ მოაქვს კარგი შედეგები. როდესაც ასტროლოგიასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვეჯაჭვებით, ამან ასეთივე უკუშედეგი შეიძლება მოგვცეს. თუმცა, თუ ჩვენ აღნიშნულ სფეროს გამოვიყენებთ, როგორც სიბრძნეს და გადაწყვეტილებების მისაღებად ძალიან კარგ ინსტრუმენტს, გარწმუნებთ, რომ ეს ძალიან პოზიტიურად აისახება ჩვენს ცხოვრებაზე.

ასტროლოგია - ეს არის საგზაო ნიშნები. თუ ჩვენ ვიცით საგზაო ნიშნები, უსაფრთხოდ ვმოძრაობთ და არ ვუქმნით საფრთხეს არც საკუთარ თავს და არც სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.