ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის ,,აიცერი და მოიგეს’’ შემაჯამებელი გათამაშება 31 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გაიმართა. 1 222 349 ვაქცინირებულ ადამიანს შორის ყველაზე იღბლიანი 27 წლის ანა ნოზაძე აღმოჩნდა. ანა ნოზაძე ფაიზერის ვაქცინით ზაფხულში ბათუმში დასვენების დროს აიცრა. ის ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვის გარდა მისი ვაქცინაცია ყველაზე დიდი ინვესტიცია აღმოჩნდებოდა. ანა ნოზაძემ ,,აიცერი და მოიგეს’’ შემაჯამებელ გათამაშებაში 100 000 ლარი მოიგო.
ანა მშობლებთან და ძმასთან ერთად თბილისში ლილოს დასახლებაში ცხოვრობს, ის დროებით უმუშევარია. მოგებული თანხით ანა კოსმეტოლოგიური კაბინეტის გახსნას გეგმავს, ამბობს, რომ ჯერ კიდევ ვერ გაუთვითცნობიერებია თუ როგორ გაუმართლა, ,,შოკში ვარ, 31 დეკემბერს ქუჩაში ვიყავი, და ტელეფონზე ვსაუბრობდი, როდესაც შემომავალი ზარით ერთიდაიგივე ნომერმა რამდენჯერემე დამირეკა, საუბარს რომ მოვრჩი თავად გადავრეკე აღნიშნულ ნომერზე, საიდანაც სრულიად წარმოუდგენელი ფრაზა მოვისმინე - ,,ანა ნოზაძე ბრძანდებით? გილოცავთ თქვენ ,,აიცერი და მოიგეში 100 000 ლარი მოიგეთ!’’ თავიდან მეგონა ვიღაც მეხუმრებოდა, თუმცა შემდეგ გათამაშების სტუდიას დამაკავშირეს და მივხვდი, რომ ახალი წლის ღამეს სასწაულები ნამდვილად ხდება’’.
ახალი წლის ღამეს მოგებული 100 000 ლარი ანა ნოზაძეს საზეიმოდ 7 იანვარს, შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე გადაეცა და ამით ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია ,,აიცერი და მოიგე’’ დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია ,,აიცერი და მოიგე’’ 13 სექტემბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით იმართებოდა, ლატარიაში მთლიანობაში მოგებულია 2 700 000 ლარი, მოგება კი გადანაწილდა 17 055 ვაქცინირებულ მოქალაქეზე.
ყოველკვირეულად თამაშდებოდა 10 000, 5000, 1500 და 1000 ლარი, ხოლო ყოველდღიურად 500 და 100 ლარის ფულადი პრიზები.
ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის ,,აიცერი და მოიგეს’’ ინიციატორი გახლდათ საქართველოს მთავრობა, ხოლო პროექტის ოპერატორი ,,საქართველოს ეროვნული ლატარია’’.
,,საქართველოს ეროვნული ლატარია’’ ასევე სპეციალური პრიზებით - დააჯილდოვებს იმ კაბინეტის წარმომადგენლებს, რომლებმაც 100 000 ლარის მომგებ მოქალაქეს ვაქცინის პირველი დოზა გაუკეთეს.