ავტორი:

"თუ ხავი წავა, მე განქორწინებას მოვითხოვ!" - ფეხბურთელობიდან მწვრთნელობამდე და წინასწარმეტყველება, რომელიც ახდა

"თუ ხავი წავა, მე განქორწინებას მოვითხოვ!" - ფეხბურთელობიდან მწვრთნელობამდე და წინასწარმეტყველება, რომელიც ახდა

საფეხბურთო მოედნის ლეგენდარული "დირიჟორი", ხერხემალი, ადამიანი დისციპლინა, ხავი - თავის მშობლიურ კლუბში "ბარსელონაში“ დაბრუნდა. დაბრუნდა ამჟამად მწვრთნელის ამპლუაში და შეეცდება არეული სიტუაცია დაალაგოს, ფეხბურთელებისთვის სამაგალითო მწვრთნელი გახდეს და ძველებური დიდება კატალონიაში დააბრუნოს.

ვიხსენებთ ისტორიას, თუ როგორ დაიწყო ხავიერ ერნანდეს კრაუსისა და "ბარსას“ სიყვარული.

მომავალი ლეგენდა ტერრასაში, ბარსელონასთან ახლოს დაიბადა. ძმებთან ერთად პატარაობიდავნე დამეგობრდა ბურთთან, რომელსაც უბანში აგორებდა. ფეხბურთის სიყვარული მემკვიდრეობით დაჰყვა - ხავის მამა ფეხბურთელი იყო, ხოლო პაპა, ჟაუმე ადგილობრივი კლუბის პრეზიდენტი გახლდათ. თავის "სეატში“ ჩასვამდა შვილიშვილებს და სავარჯიშოდ დაჰყავდა. ეს პაპის საყვარელი გასართობი იყო.

"ჩემი შვილიშვილი "ბარსელონაში“ ითამაშებს, - ჯიუტად ამტკიცებდა ჟაუმე, როცა 6 წლის ხავის თამაშს აკვირდებოდა. მშობლებს არ მოსწონდათ ის ფაქტი, რომ პაპა სხვა ძმებისგან ხავის გამოარჩევდა, თუმცა რას გააწყობდნენ, საბოლოოდ ჟაუმე მართალი აღმოჩნდა.

პატარა ხავი და ჟაუმე დივანზე წამოსხდებოდნენ და ფეხბურთს უყურებდნენ. ფეხბურთელის თქმით, პაპა მსოფლიოში ყველაზე დიდი ანტიმადრიდისტი იყო. საქმე იქამდე მივიდა, რომ ერთხელ შვილიშვილებს განუცხადა, - არასდროს იმეგობროთ "რეალის“ ფანებთანო!

ხავის სწრაფი პროგრესი სხვა კლუბების სპეციალისტებს არ გამორჩენიათ. მალე მას "მთხოვნელების“ მთელი რიგი დაუდგა. ერთ-ერთი კი "რეალიც“ იყო, თუმცა ოჯახში ვერავინ გაბედავდა მადრიდელებისთვის თანხმობა ეთქვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში პაპა ყველას გარეთ გაყრიდა. მალე კონტაქტზე "ბარსელონაც“ გამოვიდა. თუმცა მამას, რომელიც მაშინ იმ აკადემიას ხელმძღვანელობდა, სადაც ხავი თამაშობდა, ეჭვები გაუჩნდა. პატარას საოცარი ტექნიკა ჰქონდა, თუმცა ფიზიკურად სუსტი იყო.

11 წლის ასაკში, მამამ ყველა ეჭვი უკუაგდო და კატალონიურ გრანდში სინჯებზე წაიყვანა. სხვათა შორის, იმჟამად ხავი ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაშობდა. გაცნობამ იდეალურად ჩაიარა, პატარა ბიჭუნამ ჰეთ-ტრიკი გააფორმა და ის ულაპარაკოდ აიყვანეს.

მწვრთნელების გადაწყვეტილებით, ხავი ნახევარდაცვაში გადაიყვანეს და U11-ის კაპიტნობა გადასცეს. პირველი გამომუშვაებული ფულით, რომელიც დაახლოებით 25 ევროს შეადგენდა, ხავიმ დედას საჩუქარი უყიდა. პატარა მეოჯახემ დედა მაღაზიაში მიიყვანა და უთხრა აერჩია ნებისმიერი ნივთი, რომელიც 25 ევროს არ აღემატებოდა. ქალს ტოსტერი მოეწონა...

13 წლის ასაკში ხავი "ბარსას“ U14-ში გადიყვანეს, სადაც მწვრთნელი ჟოან ვილა იყო. ზუსტად ვილასგან ისწავლა ბიჭუნამ დიდი ფეხბურთის საფუძვლები: სწორი დაცვა, პრესინგი, ჯარიმები, კუთხურების მოწოდება და შეტევის წამოწყება.

მეტიც, ვილამ ხავი გვარდიოლას შეადარა, რომელიც მაშინ "ბარსელონაში“ ბწყინავდა "შესაძლოა, ჩვენ ახალი გვარდიოლა მივიღოთ“ - თქვა ერთხელ მწვრთნელმა. მერე კი სთხოვა, რომ შაბათ-კვირაობით "კამპ ნოუზე“ მისულიყო და თავად ენახა ხოლმე გვარდიოლას თამაში.

"ვილამ მითხრა: " ბიჭო, პეპისგან რასაც მოახერხებ, ყველაფერი შეისრუტე. როგორ იღებს ბურთს, საით აბრუნებს თავს სანამ ბურთს მიიღებს, რას აკეთებს პრესინგის დროს, როგორ იყენებს სივრცეს და აკონტროლებს ბურთს“, - იხსენებს ხავი.

ერთხელ ვილამ გვარდიოლა ვარჯიშზე მოიწვია. პეპი პატარებს ესაუბრა, განსაკუთრებული დრო კი ხავის დაუთმო, რომელსაც რამდენიმე რჩევა მისცა, მერე კი საჯაროდ გაიხუმრა, რომ ეს ბიჭი მას პენსიაზე გაუშვებდა. შეხვედრიდან 4 წელიწადში ფეხბურთელები უკვე ერთად თამაშობდნენ. პეპი ხავისთვის უზარმაზარი ავტორიტეტი და სამაგალითო ფეხბურთელი იყო, თუმცა თანატოლებთან დიდი კონკურენციის გამო, ხავი "ბარსას“ დატოვებას სერიოზულად განიხილავდა, მაგრამ იმ დროს "ბარსა“ თავად გვარდიოლამ დატოვა.

შემდეგში ისინი 7 წლის შემდეგ გადაიკვეთნენ, როცა ხოსეპმა "ბარსელონა“ ჩაიბარა. ხავი მაშინ უკმაყოფილო იყო გუნდში არსებული სიტუაციით და წასვლას აპირებდა, მაგრამ პეპმა დარჩენაში დაარწმუნა. "როცა მწვრთნელის სახით დაბრუნდა, მისი პირველი სიტყვა იყო, რომ აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელისგან მაქსიმალურ გარჯას და შრომას ითხოვდა. ეს ჩვენთვის მოულოდნელობად იქცა", - იხსენებს ხავი ერთ-ერთ ინტერვიუში.

პეპმა "ბარსა“ გადააწყო და ფენომენალურ შედეგს უკვე დებიუტურ სეზონში მიაღწია. მან მოიგო ყველა შესაძლო ჩემპიონატი. ხავის კი განსაკუთრებული როლი ჰქონდა - ის მართავდა თამაშს, ქმნიდა სივრცეს და ძალიან ბევრ გადაცემას აკეთებდა. პირველ სეზონში ნახევარმცველმა 10 გოლი გაიტანა და 30 საგოლე გადაცემა გააკეთა. საგოლე გადაცემების რაოდენობით ლა ლიგის ისტორიაში მაქსიმალური შედეგი დააფიქსირა.

"მაღალი პრესინგი დიდებული აღმოჩნდა. ეს იყო საფეხბურთო რევოლუცია. რამდენიმე წელიწადში შორეული ჩაწოდებებით აღარავინ თამაშობდა,"რეალმაც“ კი შეცვალა სტილი. პეპმა პირველივე წელს დაიწყო რევოლუცია, ჩვენ შევედით ისტორიაში. არა მხოლოდ მოგებებით, არამედ თამაშის სტილით. გვარდიოლამ მსოფლიო ფეხბურთი შეცვალა“, - ყვებოდა ხავი.

ხავისა და პეპს დღემდე მტკიცე და მეგობრული ურთიერთობა აქვთ. 2020-ში ნახევარმცველი ყვებოდა, რომ ყოფილ მწვრთნელთან ხშირი კონტაქტი აქვს და პერიოდულად ხვდებიან კიდეც.

"ჩემი თამაშის კონცეფცია ძალიან ჰგავს პეპისას. გვარდიოლას სურს დომინირება და ბურთის ფლობა, მეც ამ იდეას ვიზიარებ. საბოლოო ჯამში საუბარია აქტიურ თამაშზე, სწორ პრესინგზე. გვარდიოლას ხასიათიდან, ამბიციებისა და გამარჯვების სურვილიდან გამომდინარე, ბევრი რამ ვისწავლე. ვთვლი, რომ ის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელია.“ - ამბობს ხავი.

ძირითად გუნდში პირველი ნაბიჯები ლუი ვან გაალთან ერთად გადადგა. დროის გასვლის შემდეგ კატალონიელმა აღიარა, რომ ორი ვარჯიშის შემდეგ, ვან გაალი იდიოტი ეგონა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ რასაც ჰოლანდიელი სპეციალისტი უხსნიდა, ყველაფერი სწორი იყო.

1999/2000 სეზონში ხავი სტაბილურად ხვდებოდა ძირითად შემადგენლობაში, თუმცა არც თუ ისე წარმატებული ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ, მწვრთნელმა ფეხბურთელი უკან, დუბლებში გაგზავნა. ეს მისთვის გაკვეთილი იყო. ვან გაალმა ხავის დაანახა, რომ "ბარსაში“ არ უნდა მოეშვა.

აღსანიშნავია, რომ ხავის დებიუტი "ბარსაში“ ცუდ დროს შედგა. გუნდში სერიოზული კრიზისი იყო, მწვრთნელები ხშირად იცვლებოდნენ, 5 წელი ტიტულის გარეშე რჩებოდნენ. მედია და გულშემატკივრები ამ სიტუაციას სათავისოდ იყენებდნენ. "პრესა განტევების ვაცს ეძებდა და მე საუკეთესო სამიზნე აღმოვჩნდი. ნელი ვიყავი, ძველმოდური", - იხსენებს ხავი FourFourtwo-სთან ინტერვიუში.

მას უსახურ თამაშსა და ლიდერული თვისებების არქონაში სდებდნენ ბრალს. ესპანური მედია არ ინდობდა ფეხბურთელს და მანქანის მინასაწმენდს ადარებდა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთი მხრიდან მეორე მხარეს აკეთებდა გადაცემას.

"როცა გაკრიტიკებენ, ორი გამოსავალია: ან დეპრესიაში ვარდები ან ბოლომდე იბრძვი. ძალიან ჯიუტი ვიყავი და დავამტკიცე ჩემი რეალური შესაძლებლობები. ეტაპობრივად ხარისხიანი თამაშის მწვერვალს მივაღწიე და ამით ძალიან ვამაყობ".

ბევრჯერ შეეძლო წასვლა, მაგრამ ყოველთვის რჩებოდა...

1999 წელს, ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, რომელიც ნიგერიაში ჩატარდა, ხავის მამას "მილანიდან“ დაურეკეს და ადრიანო გალლიანისთან შეხვედრაზე მიიწვიეს. იტალიელებმა გულუხვი წინადადებით მიმართა - 4 - წლიანი კონტრაქტი და 250 მილიონი პესეტი სეზონში ("ბარსაში“ 40 მილიონს იღებდა). მეტიც, ხავის მამას "მილანის“ აკადემიაში თანამდებობა და აგარაკი შესთავაზეს. მისი შვილი კი გარანტირებულად მიიღებდა ადგილს ძირითად შემადგენლობაში.

შემოთავაზება მაცდური იყო, თუმცა არამხოლოდ მაღალი ჰონორარის გამო - "ბარსაში“ ხავის პერსპექტივები ნათელი არ იყო. გადაწყვეტილების მიღებაში მთელი ოჯახი ჩაერთო. მამა და ძმები "მილანს“ ირჩევდნენ, მაგრამ დედამ უმტკიცესი პოზიცია დაიჭირა - ხავი უნდა დარჩენილიყო "ბარსელონაში“, აქ მას ელოდა დიდი მომავალი. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ დედამ რადიკალურ გზას მიმართა. "თუ ხავი წავა, მე განქორწინებას მოვითხოვ!“ - თქვა მან. ასეთი ულტიმატუმის შემდეგ, ვეღარავინ გაბედა მილანში გამგზავრება.

დედასთან ერთად

შემდეგში, წასვლასთან ყველაზე ახლოს 2008/09 სეზონის დასაწყისში იყო. ის გრძნობდა, რომ როგორც ფეხბურთელს არ აფასებდნენ. მაგრამ ყველაფერი გვარდიოლამ შეცვალა. პირველ რიგში დაარწმუნა, რომ მისი იმედი ჰქონდა, ხოლო მეორე რიგში, მწვრთნელით აღფრთოვანებულმა ხავიმ უარი თქვა წასვლაზე.

ხავიმ "ბარსა“ 35 წლის ასაკში დატოვა და ყატარში გადავიდა. მისთვის საინტერესო აღმოჩნდა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის ჩატარების უფლება ყატარმა მიიღო. ქვეყანაში ფეხბურთის მიმართულებით მასშტაბური ინვესტიციების ჩადება დაიწყეს, ეძებდნენ გავლენიან ფეხბურთელებს, რომ მათ გამოცდილება ადგილობრივებისთვის გაეზიარებინათ. ერთ-ერთი ასეთი ხავი იყო, რომელიც პერიოდულად რჩევებს რაულისგან იღებდა.

"ალ-სადის“ თავკაცობის პერიოდში ხავიმ 2 წელიწადში 7 ტიტული მოიპოვა, მათ შორის ქვეყნის ჩემპიონატი.

ოჯახთან ერთად

2021 წლის ბოლოს ხავი "ბარსაში“ მწვრთნელის ამპლუაში დაბრუნდა და იცით რა გააკეთა პირველი? რკინის დისციპლინის დამყარება დაიწყო. პირველ შეხვედრაზე კი განაცხადა: "ყველა ფეხბურთელისგან ვითხოვ მაქსიმალურს, უნდა დავიხარჯოთ მაქსიმალურად, იმიტომ რომ ჩვენ "ბარსა“ - მოსფლიოში საუკეთესო კლუბი ვართ".

შემდეგ კი ჩვენი ეპიდემიოლოგებივით, უმკაცრესი შეზღუდვები დააწესა:

  • "ბარსას“ ფეხბურთელები საათნახევრით ადრე უნდა გამოცხადდნენ სამწვრთნელ ბაზაზე. სამწვრთნელო შტაბის წევრები კი - ორი საათით ადრე.
  • მატჩამდე ორი დღით ადრე ფეხბურთელებს ეკრძალებათ შინ გვიან მისვლა.
  • თუ ქალაქიდან შორს უწევთ წასვლა, კონსულტაცია ხავისთან უნდა გაიარონ.
  • ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ფეხბურთელებმა კლუბის იმიჯი არ უნდა შეარცხვინონ. უნდა მოერიდონ ხმამაღალ განცხადებებს, სხვა შემთხვევაში იქნება დიდი ჯარიმა.

ასეა თუ ისეა, ხავი ჯერ როგორც ფეხბურთელი გვარდიოლას გზას მიჰყვებოდა, ახლა კი სუპერ რთული გამოწვევა აქვს და თითქმის ჩამოქცეული კლუბი ფეხზე უნდა დააყენოს. ჩვენ კი ის დაგვრჩენია, რომ ამ ექსპერიმენტს თვალი ვადევნოთ.

ავტორი: ანრი კურტანიძე