ავტორი:

"ჩემი ცრემლები ვერ აიტანა და მაშინვე შექმნა სიმღერა..." - ყველასთვის ცნობილი საახალწლო სიმღერის ისტორია - ვინ და რატომ დაუწერა ნანიკო ხაზარაძეს "ფიფქებო, ფიფქებო" ?

"ჩემი ცრემლები ვერ აიტანა და მაშინვე შექმნა სიმღერა..." - ყველასთვის ცნობილი საახალწლო სიმღერის ისტორია - ვინ და რატომ დაუწერა ნანიკო ხაზარაძეს "ფიფქებო, ფიფქებო" ?

სიმღერა თუ მოგვეწონა, ხშირად ისე ავიტაცებთ, წარმოდგენა არ გვაქვს ვინ არის მისი ავტორი და რაც მთავარია, არც გვაინტერესებს. ვღიღინებთ, ვმღერით, მაგრამ ავტორი არ ვიცით და ასეა უამრავი ტექსტი, მუსიკა თუ თავად სიმღერა ხალხში გაბნეული...

ახალი წლის დღეებში, წელსაც ბევრჯერ შესრულდა მაგალითად, სიმღერა "ფიფქებო, ფიფქებო“... მისი ავტორი ცნობილი მუსიკოსი, მომღერალი, პედაგოგი გიული დარახველიძეა, რომელიც ერთი წლის წინ გარდაიცვალა...

ახალი წლის ღამეს, ცენტრალური საახალწლო კონცერტის მსვლელობისას, პირდაპირ ეთერში, ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ, ეს სიმღერა ასე წარადგინა - კომპოზიტორმა მე დამიწერა, ეს არის ჩემი სიმღერა, გიული დარახველიძე ცოცხალი რომ ყოფილიყო, ამ სიტყვებს თავადაც სიამოვნებით გაიმეორებდა და ჩემგან მისი მოსმენაც ძალიან გაუხარდებოდა...

გიული დარახველიძე

მოგვიანებით ნანიკო ხაზარაძეს ვთხოვეთ, სიმღერის შექმნის ისტორია გაეხსენებინა:

- კი, ჩემთვის დაწერა. სადღაც 5-6 წლის ვიქნებოდი, რაღაც საახალწლო გადაცემაში, მაშინდელ "პირველ არხზე“ უნდა მიმეღო მონაწილეობა. ერთ-ერთი სიმღერით მივედით, რეჟისორმა რომ მომისმინა, დაიწუნა, - ახალი ნამუშევარი უნდა იყოს, ეს ის კონცერტია, სადაც მხოლოდ ახალი სიმღერები სრულდებაო. მოკლედ, იქიდან გულნატკენი და აცრემლებული თვალებით გამომისტუმრეს. მახსოვს, ძალიან მძაფრი ემოცია მქონდა. არადა, იმ გადაცემისთვის ჩემებმა სპეციალურად მომამზადეს, კაბაც შემიკერეს...

ის იყო, სახლისკენ უნდა წამოვსულიყავით და რატომღაც ჩვენ გვერდით გიული დარახველიძე აღმოჩნდა. რომ გაიგო, ჩემი ცრემლების მიზეზი, ვერ აიტანა და მაშინვე შექმნა სიმღერა - "ფიფქებო, ფიფქებო“... მერე წარმატებით ჩავწერეთ და ჩემი შესრულებით რადიოშიც დიდხანს ტრიალებდა. შემდეგ ვის აღარ უმღერია...

იმ პერიოდში ამ ყველაფრისთვის ყურადღება არც მიგვიქცევია - რატომღაც ჩვეულებრივ ამბად ჩავთვალეთ, რომ სიმღერას ასე ჩუქნიდნენ... თუმცა გიული დარახველიძემ საოცარი ადამიანობა გამოავლინა... დიდი სითბო და სიყვარული გამოხატა ჩემ მიმართ.

- როგორც ჩანს, შენმა ცრემლებმა ამისთვის მოტივაციაც გაუჩინა და ასე გახდი ლამაზი, საყვარელი და ცნობილი სიმღერის პირველი შემსრულებელი...

- კაბაც კი მახსოვს, რა მეცვა... ძალიან მინდა, არქივში იმ ჩანაწერის მოძებნა... გიულისთან მას მერე სულ ახლო კონტაქტი მქონდა, სიმღერაზე დავდიოდი. პარალელურად იქვე გოგოების ტრიოც შექმნა, რომელიც ბევრი წელი არსებობდა, გასტროლებზეც დავდიოდით და გიტარით ყველგან ვმღეროდით. ჩვენ გარდა ბევრი მოსწავლე ჰყავდა, რომლებთანაც აქტიურად მუშაობდა, სიმღერაში ამზადებდა...

***

გიული დარახველიძემ ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში ჩამოაყალიბა გიტარისტთა ანსამბლი. მუშაობდა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ინგლისური ენის უფროს მასწავლებლად. იყო ტრიო "სამაიას“ წევრი, რომელშიც მასთან ერთად მღეროდნენ ინოლა გურგულია და მედეა სიხარულიძე.

მედეა ძიძიგური, გიული დარახველიძე, ინოლა გურგულია და დინარა ჟორჟოლიანი

ნანიკო ხაზარაძე:

- კი, დღეს რასაც სამ ხმაში "ჩადგმულ ხმას“ ვეძახით, ეგ მათი მიგნებაა... მაგრამ სულ გული სწყდებოდა, რომ სათანადოდ არ იყვნენ შეფასებული...

ბოლოს ავად იყო, დემენცია ჰქონდა და მაინც მირეკავდა. სამი წლის წინ, ახალი წელი ახლოვდებოდა და შემეხმიანა - "პირველი არხიდან“ დამირეკეს, ამ სიმღერაზე გადაცემის გაკეთება უნდათ და ხომ წამოხვალო? გამიხარდა, დავეთანხმე, ყველაფერი გადავდე, გიულისთან ერთად გადაღებაზე წავალ-მეთქი, მაგრამ მერე გაირკვა, რომ თურმე ეს მისი ფანტაზია იყო, რადგანაც როგორც ვთქვი, ავად იყო...

ბავშვებთან ურთიერთობა ხომ სპეციფიკურია, სხვა რაღაცას მოითხოვს. ამ ქალს ჰქონდა უნიკალური გასაღები. გულთან ახლოს მოდიოდა. მასთან ყველა ბავშვი გახსნილი და ლაღი იყო. წარმოიდგინეთ, სიმღერა მისთვის სრულიად უცნობ გოგონას დამიწერა. მარტო ეს ფაქტი მეტყველებს მის საოცარ ბუნებასა და ხასიათზე.

- სიმღერაზე ბავშვობაში ამდენი გიმუშავია, ამ ხაზით რატომ არ წახვედი, მით უფრო, რომ ოჯახშიც სულ მღეროდნენ, ამასთან, "თეატრალურიც“ დაამთავრე, სადაც ალბათ სიმღერისგან არ იქნებოდი შორს...

- "თეატრალურშიც“ ფსონი ამაზე ჰქონდა ჩემს პედაგოგ გიზო ჟორდანიას გაკეთებული, რომ მემღერა. ვოკალის პედაგოგიც კი დამიქირავა, სადაც ჩემი ხმა ვარჯიშით და მეცადინეობით მეცოსოპრანომდე აიყვანეს. მაგრამ მთავარი ის არის, რომ სიმღერის დროს თავს კომფორტულად არ ვგრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ იქაც ვმღეროდი, პატარა ტრიო მქონდა. საერთოდ, კარგი ყური და ძალიან კარგი სმენა მაქვს...

დიდი სცენაზე ძალიან საპასუხისმგებლო კონცერტზე შეიძლება მეყოს თავხედობა და ტრიოს, კვარტეტს და ანსამბლს გვერდით ამოვუდგე და მათთან ერთად ვიმღერო. მარტო სცენაზე სიმღერა კი არ შემიძლია. სხვების ხმების თანაზიარი რომ ვხდები, ანუ ერთი მთლიანის, ეს მხიბლავს, მსიამოვნებს.

- მოკლედ, გიული დარახველიძის სიმღერა შენს ცხოვრებაში კარგი გზამკვლევი აღმოჩნდა...

- ამაზე წლების წინ არ მიფიქრია, როგორც ვთქვი, მეგონა, რომ კომპოზიტორი სიმღერას რომ გჩუქნის, ეს ჩვეულებრივი ამბავია. თუმცა წლების მერე გავაცნობიერე, გავაანალიზე ეს ყველაფერი რას ნიშნავს, რითაც ბედნიერიც ვარ და ამაყიც. მიხარია, რომ ამ სიმღერას დღესაც ბევრი მღერის... როცა ასრულებენ, გაბრწყინებული სახით ყველას ვეუბნები, რომ ეს ჩემი სიმღერაა. მიხარია...

- ჩანაწერი არსებობს, სადაც ლილუ, შენი შვილიც, დაახლოებით, იმავე ასაკში, რა დროსაც შენ შეასრულე, "ფიფქებოს“ უკვე შენთან ერთად მშვენივრად მღერის.

- კი, ლილუც კარგად მღერის, მაგრამ მაგის გაგონება არ უნდა, რომ ამ საქმეს სერიოზულად შეხედოს... ეგ ჩანაწერი 13 წლის წინ დილის გადაცემაში შევასრულეთ, სადაც სტუმრად იყვნენ მიწვეული ქართველი ქალი კომპოზიტორები და თავიანთ შემოქმედებაზე საუბრობდნენ, გიული დარახველიძეც იქ იყო და ჩვენც სტუმრად ვიყავით.

- ახალი წლის ღამეს, როდესაც ქუჩიდან ცენტრალური საახალწლო შოუ მიგყავდა, დათუნა სულიკაშვილის ულამაზესი კაბა გეცვა, რომელსაც ყურადღების მიღმა მნახველი ვერ დატოვებდა... რას იტყვი?

- არ ველოდი ასეთ კაბას, ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. კაბა ჯერ კიდევ სახლში მაქვს და მისი კარკასი არ ვიცი სად წავიღო... ალბათ ვინც მიყურებდა ქუჩაშიც და ტელევიზორშიც, ფიქრობდა, - დედა, რა ლამაზი კაბაა, მაგრამ ნეტავ, არ სცივაო?! იმ კაბის შიგნით იმდენი რამ მეცვა, ვერც კი წარმოიდგენდნენ. ალბათ ასეთი სპეციალურად შეკერეს, რომ ამის საშუალება მქონოდა. ელასტიკის წელვადი ნაჭერი იყო კარკასზე მორგებული. მოკლედ, მის შიგნით მეცვა სათხილამურო შარვალი, წინდები, ქურთუკი, მაგრამ მგონი, ლამაზად გამოვიყურებოდი, ხომ? (იცინის - ავტ.)

- ნამდვილად... და როგორ გააცილე გასული 2021 წელი მაგ ლამაზი კაბით და რა სურვილებით შეეგება ახალ 2022 წელს?

- შარშანწინდელი პანდემიის პირველი წელი არ მახსოვს, რადგან მეხსიერებიდან ამოგდებული მაქვს. ვერ ვხდები, სად და როგორ გავიდა ის დრო... ამიტომ არ მახსოვს... რაც შეეხება გასულ 2021 წელს, პანდემიის, რთული პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, მაინც მადლობელი ვარ. მოკლედ, დიდი მადლიერებით გავაცილე გასული წელი და ასევე შევხვდი ახალ წელს. რაც ყველაზე ძალიან მინდა - მშვიდობა და სიმშვიდე. ეს კი ბევრ რამეს მოიცავს...