ავტორი:

"შობის ღამეს ვიღაც არაბი აედევნათ, მათთვის ტელეფონის წართმევა უნდოდა... ალექსიმ წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც გულში ჩაარტყა" - საფრანგეთში ქართველი მოკლეს

"შობის ღამეს ვიღაც არაბი აედევნათ, მათთვის ტელეფონის წართმევა უნდოდა... ალექსიმ წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც გულში ჩაარტყა" - საფრანგეთში ქართველი მოკლეს

7 იანვარს, შობის ღამეს მარსელში 25 წლის ალექსი გოგუა მოკლეს. მას სასიკვდილო ჭრილობები უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიაყენა, რის შედეგადაც ის საავადმყოფოში რამდენიმე საათიანი ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. ახალგაზრდა მამაკაცი 10 თვის დაოჯახებული იყო და მეუღლესთან, ასმათ კვარაცხელიასთან ერთად საფრანგეთში 4 თვის წინ წავიდა.

AMBEBI.GE ასმათის ბიძაშვილს, თამთა კალანდიას ესაუბრა:

"ალეკო და ასმათი 10 თვეა, რაც შეუღლდნენ და 3 თვეა, სამუშაოდ საფრანგეთში წავიდნენ. წყვილი მარსელში ცხოვრობდა. შობის ღამეს ისინი მეგობართან სტუმრად იმყოფებოდნენ, შინ რომ ბრუნდებოდნენ, მათ მეტროსადგურში ვიღაც არაბი აედევნათ (იქ თურმე ხშირია არაბების თავდასხმები). ის ასმათისთვის ტელეფონის წართმევას ცდილობდა, ალექსიმ წინააღმდეგობა გაუწია, მოხდა შელაპარაკება, რა დროსაც იმ ადამიანმა ალეკოს სამი ჭრილობა მიაყენა, პირდაპირ გულში ჩაურტყამს.

ასმათი მათ შორის ჩამდგარა, გაშველებას ლამობდა თურმე. ამბობს, ვერც კი მივხვდი, დანა როგორ ჩაარტყაო. ალექსი ესკალატორზე თავისი ფეხით ასულა და მერე დაცემულა. მას 6 საათი უკეთებდნენ ოპერაციას, მაგრამ ექიმებმა ვერ გადაარჩინეს. პოლიციელებმა დამნაშავე 1 საათში დააკავეს, ჩემი ბიძაშვილიც იყო დაკითხვაზე. ასმათი შოკში იყო, ძლივს მოვიდა გონს, იქაური ქართველები უდგანან გვერდში და ეხმარებიან.

ასმათი და ალეკო ერთი ასაკისანი არიან, მათ ერთმანეთი სეუ-ში გაიცნეს, იქ სწავლობდა ორივე. სასწაული სიყვარული ჰქონდათ, "ჯინსების თაობის" პერსონაჟებს - გეგას და თინას ვადარებდით და ასეთივე საბედისწერო აღმოჩნდა მათი სიყვარული. საფრანგეთში წასვლამდე ასმათი სუპერმარკეტში მუშაობდა, ალეკო - "თეგეტაში", მაგრამ თბილისში უნდოდათ ბინის ყიდვა, ამიტომ წავიდნენ. ამბობდნენ, 5 წელში ჩამოვალთ საქართველოშიო, იქ დარჩენას არც აპირებდნენ. ახლახან მათ იქ ბინაც კი მისცეს, კარგად აეწყვნენ და ისეთი ბედნიერები იყვნენ...

ძალიან უნდოდათ ბავშვი, მაგრამ... ასმათი და მე ერთად გავიზარდეთ, ამ ზაფხულსაც ერთად ვისვენებდით და ალეკო ახლოს იქ გავიცანი. ძალიან მაგარი, ნიჭიერი ბიჭი იყო, როგორც ნიკა კვარაცხელიაზე ამბობდნენ - მომავლის ბიჭიო, ამაზეც იმავეს თქმა შეიძლება, საოცარი ადამიანი, ძალიან განათლებული. ვიცი, ბევრს მიაღწევდნენ, მაგრამ ვინ აცალა? ერთი წელიც არ არის გასული, რაც ალეკოს დედა გარდაეცვალა, მამა და ერთი და დარჩა. მამა ჩხოროწყუშია, და კი თბილისში მუშაობს. გადმოსვენებას რაც ეხება, მასში ეგრევე ჩაერთო ჩხოროწყუს გამგეობა და საელჩოც გვეხმარება. როგორც გვპირდებიან, ალეკოს კვირის ბოლომდე ჩამოასვენებენ".