ავტორი:

"ცეკვა ეშმაკთან", "ცოცხით ფრენა" და... - "ჯადოქრობის" დაუჯერებელი ამბები წარსულიდან და სიკვდილით დასჯილი ათასობით შოტლანდიელი ქალი

"ცეკვა ეშმაკთან", "ცოცხით ფრენა" და... - "ჯადოქრობის" დაუჯერებელი ამბები წარსულიდან და სიკვდილით დასჯილი ათასობით შოტლანდიელი ქალი

მე-16 მე-18 საუკუნეებში შოტლანდიაში ადამიანების ნაწილს და ძირითადად ქალებს, ჯადოქრებად მიიჩნევდნენ და მათ ზებუნებრივი ძალების მოქმედების შედეგად, სხვადასხვა დანაშაულების ჩადენას აბრალებდნენ.

მიიჩნევდნენ, რომ "ჯადოქარ ქალებს" ცხოველებად, ან ფრინველებად გადაქცევა, ეშმაკთან ცეკვა, ცოცხით ფრენა შეეძლოთ. ჯადოქრებად მიჩნეულებს სიკვდილით სჯიდნენ, სიკვდილით დასჯამდე კი უმეტეს მათგანს სასტიკად აწამებდნენ - აძრობდნენ ფჩხილებს, ჩხვლეტდნენ ნემსებს, რათა გაერკვიათ სისხლი გამოსდიოდათ თუ არა.

ჯადოქრებად მიჩნეული და დახვრეტილი ადამიანების მემორიალი შოტლანდიაში

საინტერესოა ის ფაქტი, რომ "ჯადოქრების" დევნა შოტლანდიაში უკვე სამასზე მეტი წელია შეწყდა, თუმცა ახლა ხელისუფლება გეგმავს, საუკუნეების წინ გარდაცვლილებს საპარლამენტო ტრიბუნიდან მოუხადოს ბოდიში.

  • 300 წლის წინ დაახლოებით 3873 შოტლანდიელი გაასამართლეს ჯადოქრობის ბრალდებით, რომელთა 84% ქალი იყო, სასამართლო მათ "ზებუნებრივ დანაშაულს" სდებდა ბრალად.

შოტლანდიის ისტორიას "ჯადოქრებზე დიდი ნადირობის" ხუთი პერიოდი აქვს შემონახული. თავდაპირველად, 1563 წელს, შოტლანდიელმა ჯვაროსნებმა ოფიციალურად დაიწყეს ადამიანების დევნა ჯადოქრობის ბრალდებით. საზოგადოება ამ დროს რეგულარულად ცდილობდა ჯადოქრების იდენტიფიცირებას, რის შემდეგაც, მათ სიკვდილით სჯიდნენ.

"ჯადოქრებზე ნადირობა" ოფიციალურად 1736 წელს შეწყდა.

  • მეფე ჯეიმს მეექვსე

მეფე ჯეიმს მეექვსესა და მის გარემოცვას სჯეროდა, რომ მისი დანიელი საცოლის გემები სწორედ ჯადოქრების წყევლის გამო ჩაიძირა. ასევე ისტორიულ წყაროებში დაცულია ინფორმაცია, რომ მეფის ერთ-ერთი ქვეშევრდომი შეესწრო 200 ქალის მიერ ჩატარებულ რიტუალს, რიტუალი კი მეფის წინააღმდეგ იყო მიმართული და შედეგად, ჯეიმს მეექვსის დახრჩობა სურდათ.

ჯეიმს VI-მ ჯადოქრობის შესწავლა დაიწყო. ის ჯადოქრებად მიჩნეული ადამიანების სასამართლო პროცესებს ესწრებოდა.

ამბობდნენ, რომ არსებობდნენ სხვადასხვა სოციალური ფენის ჯადოქრები, რომ ისინი ეშმაკს ემსახურებოდნენ და თავიანთი ნიშანი ჰქონდათ.

  • სასჯელი

მსჯავრდებული ჯადოქრების უმეტესობას, როგორც წესი, ახრჩობდნენ და შემდეგ წვავდნენ, რათა ადამიანის კვალი გაენადგურებინათ. მათ ვინც აღიარებდა ჯადოქრობას, აწამებდნენ, მათზე ატარებდნენ სხვადასხვა ექსპერიმენტებს იმის დასადგენად, მოსდიოდათ თუ არა სისხლი.

სჯეროდათ, რომ ისინი ცოცხზე ამხედრებულები დაფრინავდნენ, შეეძლოთ თაგვების კონტროლი. მკვლევარები ამბობენ, რომ წვეტიანი ქუდები, ცოცხები, შავი ქვაბები ჯადოქრობის მიმანიშნებელი იყო.

  • "ბოდიში გარდაცვლილებს"

შოტლანდიაში რამდენიმე წლის წინ შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც ითხოვს ჯადოქრობაში დადანაშაულებული მსხვერპლი ქალების მიმართ ბოდიშის მოხდას.

"ერთ სულ მოსახლეზე მე-16 მე-18 საუკუნეებს შორის პერიოდში შოტლანდიაში ხუთჯერ უფრო მეტი ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში და მათი უმეტესობა ქალი იყო. ისინი არაფერში არ იყვნენ დამნაშავენი და უსაფუძვლოდ გაასამართლეს, ამიტომაც, ყველამ ბოდიში უნდა მოვიხადოთ", - მიიჩნევენ ისინი.

შოტლანდიის პარლამენტი კი გეგმავს მიიღოს შესაბამისი დოკუმენტი, სადაც დოკუმენტირებული იქნება გასულ საუკუნეებში ჯადოქრობასთან დაკავშირებული ინციდენტები და საზოგადოება "ჯადოქრებზე ნადირობის" მსხვერპლს ბოდიშს მოუხდის და ასე ეცდება მათ პატივი მიაგოს.